ნიკა მელია მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე - სამარცხვინოა, როცა ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს

სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, - ასე ეხმაურება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და სავარაუდოდ, აქტივისტ ქალს შორის მომხდარ ინციდენტს.

როგორც მელია აცხადებს, აღნიშნული პირი კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში, თუმცა მისივე შეფასებით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერის პლაკატი მამუკა ხაზარაძის მეუღლეს დაეხია.

მელიას განცხადებით, საქართველოს მომავალი არის კოალიციური და „დროა ვისწავლოთ როგორც ერთად ბრძოლა, ურთიერთგატანა, გნებავთ ურთიერთატანა, ისე თანაცხოვრება, თანაარსებობა, რათა შემდეგში შევძლოთ ამ ქვეყნის ერთად მართვა და პატრონობა“.

„სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის, შენი პარტიის მხარდამჭერს, თუ ოპონენტს. სიმართლე კიდევ აი, ესაა - კადრებში ჩანს როგორ აგრესიულად და პროვოკაციულად იქცეოდა გუშინ ეს ქალბატონი ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში. შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ვიდეოში ჩანს რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული! არადა, ხალხს აჯერებდა რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა! გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასე უვარდებოდა კადრში თითქმის შემდეგი 15 წუთის განმავლობაში.

ვიდეოკადრებში ჩანს კიდეც, რა ვითარებაში, შემთხვევით როგორც გაეხა მას ეს პლაკატი. ისედაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს პლაკატი დაეხია მამუკა ხაზარაძის მეუღლეს. ძალიან კარგად ვიცი რაც ამოძრავებს ამ ქალბატონს. შარშან, ნოემბრის დასაწყისში, საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ვულგარული თავდასხმა, ცილისწამება და შეურაცხყოფა. სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერას. სწორედ ასეთი, ამ ტიპის ქცევა ასრულებს საფრთხობელას როლს და სწორედ მისნაირების გამო ერიდება ბევრი “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერას. დიახ, სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი, შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს. მსგავსი ქცევებით, უარესი კეთდება, პირველ რიგში პარტიისათვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა - ამგვარი ფაქტები არ ემსახურება არც მიშას თავისუფლებას და არც საერთო ოპოზიციურ მიზანს - ქვეყნის გათავისუფლებას რუსი ოლიგარქისგან, რასაც აუცილებლად მივაღწევთ! საქართველოს მომავალი არის კოალიციური და დროა ვისწავლოთ როგორც ერთად ბრძოლა, ურთიერთგატანა, გნებავთ ურთიერთატანა, ისე თანაცხოვრება, თანაარსებობა, რათა შემდეგში შევძლოთ ამ ქვეყნის ერთად მართვა და პატრონობა“, - წერს მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2 დღის წინ „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ერთ-ერთი აქტივისტი კადრში მაშინ შეეჭრა, როცა ის მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ქალს ეჭირა პლაკატი წარწერით FREE MISHA.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს