მიხეილ სარჯველაძე - ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ დასკვნა, სადაც არაა მითითებული სამართლებრივი არგუმენტები - არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია

ჩვენთვის მთავარია ის არგუმენტი, რის გამო არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, „გადაუდებელი მოსაზრების" გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, სამართლებრივი, წონადი არგუმენტაცია კანონპროექტის განხილვის პროცესში არც ოპონენტების და არც პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც კანონპროექტს ვეტო დაადო, არ ყოფილა.

„ოპონენტები ამ თემის ირგვლივ პოპულისტური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცდილობდნენ პიარული ხერხებით გაელანძღათ ის იდეა, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტით, თუმცა სამართლებრივი, წონადი არგუმენტაცია კანონპროექტის განხილვის პროცესში არ ყოფილა. მოგვიანებით, როდესაც პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო „პოლიტიკური მოტივებით“ ახსნა. თუმცა, მოტივირებული შენიშვნა იქ მოცემული არ არის. ახლაც, როდესაც ვენეციის კომისიის მხრიდან მივიღეთ ეს დასკვნა და შეფასება, იქაც არაა მითითებული სამართლებრივი არგუმენტები. აქცენტი გაკეთებულია კანონპროექტის სწრაფად განხილვაზე, თუმცა, აქაც ვერ გავითვალისწინებ კრიტიკას ვერც ერთ შემთხვევაში და ვერ დავეთანხმები, რადგან კანონპროექტს პარლამენტმა არცთუ ისე ხანმოკლე დრო დაუთმო. კიდევ ვნახავთ ყურადღებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ამ საკითხების ირგვლივ. მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის არგუმენტი, რის გამო არ უნდა იყოს ეს კანონი მიღებული, ასეთი არგუმენტი ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი, კრიტიკა მიუღებელია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გუშინ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

ინფორმაციისთვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები ხანგრძლივდება, ხოლო დანაშაულთა წრე, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი. “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი რამდენიმე კვირის წინ დაუჭირა. კანონის პროექტი 78 ხმით, 11-წინააღმდეგ მიიღეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს