სანდრო რაქვიაშვილი - პარტიების ნაწილი არასამთავრობო სექტორს ამოეფარა

ეს არის უბრალოდ პასუხისმგებლობისგან გაქცევა - პარტიების ნაწილი არასამთავრობო სექტორს ამოეფარა, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, რომ სახალხო დამცველის იმ კანდიდატურას დაუჭირონ მხარი, რომელსაც არასამთავრობო სექტორი შეარჩევს.

რაქვიაშვილის თქმით, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატი მასაც მოეწონოს, მაგრამ საბოლოოდ პასუხისმგებლობის აღება სწორედ პოლიტიკურ პარტიებს უწევთ.

„თუ არ გაქვს პოზიცია და არ შეგიძლია პასუხისმგებლობა აიღო შენს არჩევანზე და ეს არჩევანი დაიცვა, მაშინ რას აკეთებ პოლიტიკაში? იმის უკან დაიმალო, რომ მოდი სახალხო დამცველის კანდიდატურას სხვა ხალხი ამირჩევს და მე უბრალოდ ამას პარლამენტში შემოვიტან, ეს მგონი, არასერიოზულია, პირიქით, მგონი გვჭირდება, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ყველას თავის პოზიცია ჰქონდეს და დებატებში, ღია დისკუსიით გავარკვიოთ რა გვინდა. ასე გამოვიდა, რომ პარტიების ნაწილი ამოეფარა როგორც ფარს არასამთავრობო სექტორს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ჭკვიანი ხარ. ადამიანის უფლებები შეიძლება გესმოდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ხომ პარლამენტში მოხდება და თუ პარლამენტარი ხარ, პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღო შენს გადაწყვეტილებაზე? თუ შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, ესეიგი შენი არჩევანი უნდა იყოს და არა არასამთავრობო სექტორის. შეიძლება ის ხალხი (არასამთავრობო სექტორი) ჩაერთოს, ისეთი კანდიდატურა იპოვონ, რომელიც მეც მომეწონება, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ მე უნდა დავაჭირო ღილაკს? როგორ დავაჭირო, თუ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იქნება,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, მათი პოზიციაა, რომ კანდიდატთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული.

"წინ ბევრი დისკუსია გველის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც და ზოგადად იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი. ჩვენ სხვანაირად წარმოგვიდგენია სახალხო დამცველის ფუნქცია, ეს ინსტიტუცია საერთოდ ზედმეტია, თუ სასამართლო და პროკურატურა კარგად მუშაობს. სახალხო დამცველი რომ გვყავს, ამით ვაღიარებთ, რომ სასამართლო სისტემა არ ვარგა და ამით გვინდა დავაკომპენსიროთ. სახალხო დამცველის შინაარსი არის ამ სისტემასთან დაპირისპირება, ბრძოლა, უფლებების დაცვა. უფლებები რაში მდგომარეობს, ამაზეც არ გვაქვს თანხმობა ხშირად, მაგალითისთვის, ჩვენი ახლანდელი სახალხო დამცველი ჩუმად იყო მთელი კორონაისტერიის დროს და როცა მასობრივად არღვევდა მთავრობა უფლებებს, არ გაუკრიტიკებია. ამიტომ საჯარო დისკუსიები თუ გაიმართება, ყველასთვის ცხადი იქნება ვინ რა პოზიციაზე დგას და დავაკმაყოფილებთ მინიმუმ გამჭვირვალობის კრიტერიუმს, თუ ამას მოჰყვება სათანადო კონსენსუსი, ეს არჩევანი იქნება ლეგიტიმური", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ერთ- ერთი რეკომენდაციაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციიდან "გირჩის", "მოქალაქეების", "საქართველოსთვის" და "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები ესწრებოდნენ. შეხვედრას არ დაესწრო "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი". ისინი გეგმავენ მხარი იმ კანდიდატს დაუჭირონ, რომელსაც არასამთავრობო სექტორი შეარჩევს.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს