სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ლევან ბეჟაშვილსა და მიხეილ სარჯველაძეს შორის კამათი მოჰყვა.

სარჯველაძემ ბეჟაშვილი „დებოშის მოწყობის მცდელობაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს „ბოლის გამოშვება უნდა”. მანამდე, ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა რა საკანონმდებლო რეგულაციებზე გადადის ქვეყანა სახალხო დამცველის არჩევისას.

„ძალიან კარგად მესმის, რომ ოპოზიციას მართლაც უჭირს არგუმენტები. ამიტომაც ვფიქრობ ირგვლივ ტრიალებენ რაღაცებზე“, - განაცხადა სარჯველაძემ, რასაც ბეჟაშვილის რეპლიკა მოჰყვა: „როცა ტყუილს ამბობთ, არ მოგცემთ ტყუილის თქმის უფლებას“.

გკითხეთ - როგორ საკანონმდებლო რეგულაციაზე გადავდივართ? გადავდივართ იმ საკანონმდებლო რეგულირებაზე, როდესაც კანონით სუბიექტისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებას წარადგინოს კონკრეტული კანდიდატი უნდა დავუწესოთ რეგულირება, უნდა შევუქმნათ საკონკურსო კომისია და ამ კომისიაში წარდგენილი კანდიდატებიდან ავარჩიოთ სახალხო დამცველი? ამ რეგულირებაზე გადავდივართ? თქვენ საუბრობთ „შორთ ლისტზე“ და რა შუაშია საერთოდ ეს „შორთ ლისტი“?“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ეს არის დებოში! აქ დასახელებული არგუმენტები და შემდგომი რიტორიკაც ემსახურება ერთ მიზანს - მაპატიეთ ჟარგონისთვის და ეს არის „ბოლის დაყენების მცდელობა“, რომ ამ კვამლში ადამიანებმა არ შეამჩნიონ და არ დაინახონ რეალურად ჭეშმარიტება როგორია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი იწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება. შესაბამისად, მმართველ გუნდში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, ომბუდსმენის არჩევის დროებითი წესი იმ კანდიდატებზე გავრცელდება, რომელთა შორის ერთ-ერთს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე 2022 წლის დეკემბერში აირჩევს.

პარლამენტის რეგლამენტის დროებითი წესის მიხედვით კი, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებას გამოსცემს და სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები კანონმდებლებს სწორედ იმ წესით წარედგინება, რასაც თავის მხრივ თავმჯდომარე საკუთარი ბრძანებით დაადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, წარდგენამდე კანდიდატურები სამოქალაქო საზოგადოების - მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ შეფასდებიან.

პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული იქნება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც თავის მხრივ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონას გულისხმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართული ოცნება“ მზაობას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტი სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს. პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ძირითადი ნორმა ომბუდსმენის არჩევის შემდეგ წესს ითვალისწინებს: სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7-კაციანი ჯგუფი წარუდგენს.

პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) ირჩევს. კენჭისყრა ფარულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო