ირაკლი კობახიძე  რუსეთის მიერ ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციაზე - სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის პრიორიტეტია - თემა მიგყავთ იქამდე, რომ საქართველოში მყოფი 40 000 ტურისტი არის კატასტროფა

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. თემა მიგყავთ იქამდე, რომ საქართველოში მყოფი 40 000 ტურისტი არის კატასტროფა, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს ამ ინიციატივასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც რუსეთის მიერ ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება 10 წელია დაკავებულია იმით, რომ ქვეყანა საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას.

„ზოგადად, ჩვენ ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და არსებობა. არის უამრავი საფრთხე და რისკი სხვადასხვა მიმართულებით, თავიდან ბოლომდე ამით ვართ დაკავებული, რომ მაქსიმალურად გავანეიტრალოთ ნებისმიერი საფრთხე. ყველა პროცესს ვაკვირდებით ყურადღებით და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ რისკები არ შეეხოს ჩვენს ქვეყანას. ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით მოვახერხეთ სწორედ ამის უზრუნველყოფა, მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, რაც გაგრძელდება. ნებისმიერი რისკი იქნება გაანალიზებული და ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება შესაბამისი პასუხები.

იყო უამრავი ასეთი ინიციატივა, ჩვენ რისკებს ვუმკლავდებოდით და მომავალშიც, ნებისმიერ ასეთ საკითხს გავუმკლავდებით. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. თემა მიგყავთ იქამდე, რომ საქართველოში მყოფი 40 000 ტურისტი არის კატასტროფა, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს ამ ინიციატივასთან.

10 წელია დაკავებული ვართ იმით, რომ საგარეო საფრთხეებისგან დავიცვათ ეს ქვეყანა, რასაც წარმატებით ვახერხებთ წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით. ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა ომი, ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არცერთხელ არ ჰქონია ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. იმიტომ, რომ ყურადღებით ვაკვირდებით ყველაფერს, გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამის შედეგია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს