პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის შეფასებით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და ზოგადად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტმა არ გაიზიარა და არ გაითვალისწინა არც ვენეციის კომისიის და არც მათი მოთხოვნები.

"მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა თავის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები წარმოადგინა, პრემიერი დღეს პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო კანონზე, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და ზოგადად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს ახლა დამთხვევაა თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს“,-განაცხადა მსხილაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის, რაც პარლამენტმა არ გაიზიარა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოება, უმნიშვნელოვანესია ის პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას, იქნება ეს კიბერდანაშაული თუ ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის, ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, რაც სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაიზიარა და არ გაითვალისწინა“,-განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

მისი განმარტებით, ვენეციის კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები და კრიტიკული დასკვნები გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა.

მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა