ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და არ არსებობს ამ პროცესში უმოკლესი გზა და ჯადოსნობა

ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან უნდა ახლდეს ეროვნული კონსენსუსი და პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ ერთობლივი მუშაობის გზა. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმეა. ამიტომაც ჩვენ ვუწოდებთ პროცესს ინკლუზიურს, რადგან ის უნდა ასახავდეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს დაუკავშიროს თავისი მომავალი ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ პრემიერ ღარიბაშვილს ასოცირების საბჭოს სხდომაზე. მოხარული ვარ, რადგან საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და პარტნიორი და ეს საბჭო ისტორიულია, რადგან პირველად იმართება მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოკვეთეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ნაბიჯები“, - აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ამბიციებს თან ახლავს პასუხისმგებლობები.

როგორც ბორელმა აღნიშნა, პირველი პასუხისმგებლობა არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ თორმეტ პრიორიტეტზე, ხოლო მეორე პასუხისმგებლობაა - პოლარიზაციის დაძლევის მცდელობა და პოლიტიკურ სპექტრში ხიდების შენება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და არ არსებობს ამ პროცესში „უმოკლესი გზა და ჯადოსნობა“. მისივე განმარტებით, მთავარი არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ პოლიტიკური ნებაა.

„რეფორმებში მხოლოდ ხილულ და ხელშესახებ პროგრესს შეუძლია ამ პროცესის წინ წაწევა. კრიტერიუმები და მოლოდინები ძალიან მკაფიოა, როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკური კულტურა, რომელიც დაფუძნებულია ინკლუზიურობაზე, დემოკრატიის პრინციპების პატივისცემაზე, კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მედიის თავისუფლებაზე ან ევროკავშირის სტანდარტებთან და პოლიტიკასთან შესაბამისობაზე“- დასძინა ბორელმა.

მანვე ხაზი გავუსვა ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საზოგადოების ყველა აქტორის წინაშე მდგარი ამოცანაა, თუმცა, რა თქმა უნდა, „მმართველ პარტიას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა“. ბორელი დასძენს, რომ ეს არ არის ადვილი, განსაკუთრებით ახლანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ საქართველო მარტო არ არის, „ევროკავშირი და ევროკავშირის ყველა ინსტიტუტი აქ არის საქართველოს დასახმარებლად“.

„ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ და შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ, ვაღიაროთ შესრულებული სამუშაო, მაგრამ ასევე აღვნიშნოთ, სადაც მეტი ძალისხმევაა საჭირო. მე გავუზიარე ჩვენი შეფასება [პრემიერ ღარიბაშვილს] რამდენიმე საკვანძო სფეროზე, სადაც საქართველოს მუშაობამ ბოლო დროს გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, როგორიცაა სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა დამოუკიდებელ ზედამხედველობის ინსტიტუტებზე და ოპოზიციურ მედიაზე. ეს სფეროები არის საკვანძო, როდესაც საქმე ეხება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს და ჩვენ იმედი გვაქვს საქართველო ძალისხმევას გაიღებს, რომ აღმოფხვრას ხარვეზები“, - განაცხადა ბორელმა.

გარდა ამისა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრთან განიხილა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ირგვლივ არსებული ვითარება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირის პირველი დიპლომატის თქმით, ბლოკი გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით რეგიონში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

ბორელის თქმით, ქართულ დელეგაციასთან პოლიტიკური დიალოგი ხვალაც გაგრძელდება.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია