ზურაბ ბატიაშვილი - უკრაინელებმა კარგად აითვისეს ახალი დასავლური მიდგომა, ეს არის მოწინააღმდეგის გამოფიტვა და მხოლოდ ამის შემდეგ კონტრშეტევაზე ფიზიკურად გადასვლა - მან შეძლო სიტუაციის გარდატეხა

ახლა, როდესაც უკრაინამ მიიღო დასავლეთის შეიარაღება, ვხედავთ ორი მიმართულებით კონტრშეტევას - ხერსონი, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო და ბალაკლეასთან 2 დღის წინ დაწყებული საკმაოდ კარგი და წარმატებული კონტრშეტევა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უკრაინაში სამხედრო ფრონტზე ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელთა რიგებში საერთო სურათი და განწყობა არის ამაღლებული იმ მხრივ, რომ უკრაინამ შეძლო სიტუაციის გარდატეხა უკვე უშუალოდ ფრონტის ხაზზე.

„უკრაინელებმა ძალიან კარგად შეითვისეს ახალი დასავლური მიდგომა და ამ ახალი ტაქტიკით ომობენ. ეს არის მოწინააღმდეგის მაქსიმალურად გამოფიტვა როგორც სამხედრო ძალის, ისე ტექნიკის და ტყვიაწამლის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ კონტრშეტევაზე ფიზიკურად გადასვლა. ჩვენ ახლა სწორედ ამას ვხედავთ და ეს არ ესმით რუსებს, რომელთაც „ნა ბერლინ“ „კლიშეებით“ და მილიონი კაცის მსხვერპლით აქვთ ნასწავლი კონტრშეტევაზე გადასვლა. ასე აღარ ხდება, მსოფლიო ასე აღარ იბრძვის, ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ უკრაინა შეეცდება მესამე ცხელი ადგილის გაჩენას, რადგან რაც უფრო გაიფანტება რუსების ყურადღება, მით უკეთესი იქნება. იმისთვის, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, კონკრეტულ რეგიონში უნდა გქონდეს როგორც საკუთარი, ისე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრირების შესახებ ინფორმაცია. რომც ვიცოდეთ, საიდან აპირებს უკრაინა შეტევას, შეიძლება არ უნდა ვთქვათ. სადაც სამხედრო თვალსაზრისით ჩათვლის უკრაინა საჭიროდ კონტრშეტევაზე გადასვლას, ალბათ, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გუშინ, მაგალითად, უკრაინელები უკვე მისწვდნენ მარიუპოლსაც, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ სადაც ოკუპაცია არის, ყველგან მიწვდებიან და მივლენ, იგივე ყირიმში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი პირდაპირ ეხება საქართველოსაც.

„საქართველო არ არის ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ვერც გეოგრაფიას შეცვლი, ვერც დაიმალები და ჩირგვებში ვერ ჩაჯდები, რადგან ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, გვეხება ჩვენ. მთელი ომი რატომ დაიწყო? დასავლეთს რომ უარი ეთქვა უკრაინაზე და საქართველოზე, რომ ნატო-ს მიერ აღებული ვალდებულება, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდება ნატო-ში, რუსეთს ამის უკან წაღება უნდოდა. ომი სწორედ ამისთვის დაიწყო, ომი დაიწყო ჩვენთვისაც. შეუძლებელია ილაპარაკო იმაზე, რომ ომი ჩვენ არ გვეხება. ქუჩაში გადით და ნახავთ, რამდენი რუსი, უკრაინელი და ბელარუსია. როგორ არ გეხება ეს ომი? გეხება და ძალიანაც გეხება. ომი არავის სურს, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ომში გამარჯვება გავლენას მოახდენს ყველაზე გარშემო, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა