მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის არჩევის წესზე - ოპოზიციამ თქვას, რა მოსაზრებაც აქვთ და ეს ასახვადია, მაგრამ არ ამბობენ - ახლა გაიარა მეორე მოსმენამ, კენჭი ეყარა და მათმა მატარებელმაც ჩაიარა

კრიტიკას და ზოგად საუბარს ვერ მივიღებ, როცა საკამათოც არაფერია - რაც აქვთ მოსაზრება, თქვას ოპოზიციამ და ეს ასახვადია, მაგრამ არ ამბობენ - ახლა გაიარა მეორე მოსმენამ, კენჭი ეყარა და მათმა მატარებელმაც ჩაიარა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

სარჯველაძის განცხადებით, მათ გარკვეული საკითხები, რომელზეც ოპოზიცია თვლიდა, რომ არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, არამედ რეგლამენტი უნდა არეგულირებდეს, რეგლამენტში გადმოიტანეს და მზად იყვნენ სხვა საკითხებიც აესახათ, თუმცა, ოპოზიციამ ასეთი საკითხები აღარ დაასახელა. მისივე თქმით, მეორე მოსმენით კენჭისყრის გადავადება ვერ მოხერხდებოდა, რადგან სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა 8 დეკემბრამდე უნდა მოესწროს.

„ვთქვით, რომ თუკი რაიმე ისეთი საკითხი რჩება, რომელზეც ისურვებდნენ, რომ პრინციპულია და თვლიან, რომ რეგლამენტში უნდა იყოს, ესეც არ არის პრობლემა, ესეც გადმოვიტანოთ, ოღონდ გვითხრან, რომელია ასეთი საკითხი. არც ერთი ასეთი საკითხი დასახელებული არ ყოფილა. ასეთ დროს ასეთ კრიტიკას და ზოგად საუბარს ვერ მივიღებ, როცა საკამათოც არაფერია. რაც აქვთ მოსაზრება, თქვან და ეს ასახვადია, მაგრამ არ ამბობენ. ახლა გაიარა მეორე მოსმენამ, კენჭი ეყარა და მათმა მატარებელმაც ჩაიარა.

რაც იყო ოდნავ მაინც ისეთი სახის, რაც არა ინდივიდუალურ გადაწყვეტას გულისხმობდა, ყველაფერი გადმოვიტანეთ რეგლამენტში. ისიც ავხსენით, რატომ ვჩქარობდით - ჩვენი მიზანია, რომ 8 დეკემბრამდე არჩევის პროცედურა მოესწროს.

სამუშაო ჯგუფს არ ექნება გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია, ანუ ის ვერავის ვერ „ჩაჩეხავს", მაპატიეთ ჟარგონისთვის, ვერავის ვერ გაუზრდის ან შეუმცირებს შანსებს, ეს პასუხისმგებლობა იქნება უკვე პოლიტიკურ სუბიექტებზე, აქ პოლიტიკური მიკერძოებაც რომ გამორიცხულიყო შევთავაზეთ, რომ ოპოზიციამ დაასახელოს კანდიდატი, ხელისუფლება აარჩევს, ოღონდ ჩვენი პირობაა, რომ არ ვიყოთ შეზღუდულები და 7 კანდიდატი მაინც წარმოადგინონ, რომ აზრი ჰქონდეს არჩევანის გაკეთებას. რაც შეეხება ჯგუფის კომპლექტაციის საკითხს, კრიტერიუმი რა შეიძლება ყოფილიყო, ეს წერია რეგლამენტში, რომ ეს უნდა იყოს წმინდად სამოქალაქო საზოგადოებისგან, აკადემიური და პროფესიული წრეებისგან დაკომპლექტებული,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით - 80 ხმით, ერთხმად მიიღო.

პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და "ლელოს" დეპუტატებმა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო