გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციის ნაწილმა შეკითხვები დასვა, თუმცა პასუხს არ დაელოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, პარლამენტში სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციის ნაწილმა შეკითხვები დასვა, თუმცა პასუხს არ დაელოდა. როგორც მან პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინც შეკითხვა დასვა, ამომწურავი პასუხი მიიღო და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ გასჩენიათ.

„ოპოზიციის ქმედება იგივე იყო, რაც წინა, იმის წინა წელს და ა.შ, თუმცა, ტრადიციულად, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ალბათ, განუვითარებელშიც ( ჩვენ განვითარებული სამყაროს ნაწილი ვართ), უსაფრთხოების და უშიშროების საკითხების მოსმენა როცა ხდება საკანონმდებლო ორგანოში, ყოველთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილმა დასვა შეკითხვები და პასუხებს აღარ დაელოდა, თუმცა, ინტერესის მქონე ნაწილი, ოღონდ ძალიან მცირე, რამდენიმე ადამიანი დარჩა. მოისმინეს თავიანთ დასმულ შეკითხვებზე პასუხები, ასევე სხვა კოლეგების შეკითხვებზე გაცემული პასუხებიც, რაც ჩემი მხრიდან ამომწურავი იყო. მათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ გასჩენიათ, ყოველ შემთხვევაში, ვინც სცადა, რომ ინფორმაცია მიეღო, სრულყოფილად წაიღო",- განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სუს-ის ანგარიშის წარდგენისას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ ელექტორატზე გათვლილი სცენების დადგმა სურდა.

„დეპუტატებმა კარგად გაანალიზეს, ვისაც ნამდვილად უნდოდა სიღრმისეული პასუხების ჩემგან მოსმენა, დახურულ რეჟიმში ამას უფრო შეძლებდნენ, ვიდრე ღია. მე არ შემიძლია ღია რეჟიმში ვისაუბრო ისეთ ნიუანსებზე, რაზეც საშუალება მაქვს დახურულ რეჟიმში ვისაუბრო. ვისაც საქმე, დისკუსია, ნამდვილი ამბის გაგება აინტერესებდა, მათ სრულყოფილად მიიღეს ინფორმაცია. ვისაც აინტერესებდათ თავიანთი შეკითხვების ნაწილში პერფორმანსების დადგმა და შემდეგ ამით სეირის მოწყობა, რა თქმა უნდა, ზოგმა დასვა და სხდომა მაშინვე დატოვა. ვერ წარმომიდგენია დეპუტატს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, თუ პარტიული კუთვნილებისა, არ აინტერესებდეს ისეთ შეკითხვებზე პასუხები ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის პირველი პირისგან, რომელიც წელიწადში ერთხელ ხდება ამ ფორმატით, როგორიც არის ოკუპაცია, „ჰიბრიდული ომი“, კიბერუსაფრთხოება, რეგიონში არსებული გამოწვევები. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ არ აინტერესებთ შინაარსობრივი განხილვა მიმდინარე საკითხებზე, აინტერესებთ მხოლოდ ელექტორატზე გათვლილი სცენების დადგმა. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და მრჩება ყოველ წელიწადს, როცა აქ ანგარიშით გამოვდივარ“,-განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება საზოგადოების ინტერესს, ლილუაშვილის თქმით, საზოგადოების ინტერესი არის ბევრ საკითხზე, მათ შორის რუსი ტურისტების შემოდინებაზე, ჰიბრიდული ომის მეთოდებზე, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ნებისმიერი შეკითხვისთვის. ამას ჩვენ ვახორციელებთ როგორც წერილობითი სახით, როდესაც არის მომართვიანობა, მათ შორის უბრალო მოქალაქის მხრიდანაც კი. თუკი ინფორმაცია დასაშვებია და არ დააზიანებს სამსახურის, ქვეყნის ინტერესს, ჩვენ ამას სიამოვნებით ვაკეთებთ. არ მგონია, რომ რამე საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ძალიან აინტერესებდეს“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სხდომები რეგლამენტის მიხედვით არ არის დახურული, დაიხუროს თუ არა სხდომა, ამას ფარულ კენჭისყრაზე დეპუტატთა უმრავლესობა წყვეტს.

„მეორე ნაწილი, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმს მოიცავდა, ფარული კენჭისყრის შედეგად მიღებული ხმების რაოდენობით დაიხურა. ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში. როგორც დასმული შეკითხვა, ისე მასზე გაცემული პასუხი რიგ შემთხვევებში შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ არის სასურველი, დედამიწის ზურგზე მტერმა თუ არამტერმა მოისმინოს და გაიგოს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა