მიხეილ სარჯველაძე - აუცილებლად შევძლებთ, სრულფასოვანი პროცესის შედეგად, წინასწარ შეთანხმებულ ვადებში ომბუდსმენი გვყავდეს - ოპოზიციის ნაწილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამით პროცესი ვერ შეფერხდება

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ სრულფასოვანი პროცესის შედეგად, წინასწარ შეთანხმებულ ვადებში სახალხო დამცველი გვყავდეს - ოპოზიციის ნაწილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამით პროცესი ვერ შეფერხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

სარჯველაძის ინფორმაციით, განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტი, რომელზეც მოსაზრებები გამოითქვა, თუმცა რაიმე ისეთი იდეა, რაც შეთავაზებულ დოკუმენტს არსებითად შეცვლის, არ გამოთქმულა.

“მოხდა ინფორმაციის გაცვლა, თუ როგორ შეიძლება გარკვეულ საკითხებზე ცალკეულ დებულებებში უფრო მეტი სიცხადე შევიდეს. არ მგონია, რომ რომელიმე ისეთი საკითხი დარჩა, რაზეც განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები შეიძლება გვქონოდა. პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევთანხმდით. შევთანხმდით, რომ გარკვეულ დროში ტექსტს გადავაკეთებთ, თუმცა თვისობრივი სიახლე ტექსტში მოსალოდნელი არ იქნება, რადგან შეხვედრაზე ასეთი რამ არ ყოფილა - არ დაფიქსირებულა რაიმე ისეთი იდეა, რაც ტექსტს ძირფესვიანად ცვლის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე კი, პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან - საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უნდა გამართოს.

ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხზე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ - "ლელოს", "ნაციონალური მოძრაობის" "მოქალაქეების" და პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები, ასევე, შეხვედრას ესწრება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის სახელით ხათუნა სამნიძე, "რეფორმების ჯგუფის" სხვა წარმომადგენლები - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატები კი კონსულტაციებზე არ იმყოფებოდნენ. რაც შეეხება უმრავლესობას, მათი მხრიდან კონსულტაციებზე წარმოდგენილი იყვნენ მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა