თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული რუსთაველის, მელიქიშვილის, წერეთლის, ქეთევან წამებულის, დადიანის გამზირებსა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა

თბილისში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად რუსთაველის, მელიქიშვილის, წერეთლის, ქეთევან წამებულის, დადიანის გამზირებსა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა დაბინძურებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციები რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება, სადაც ის დასაშვებ ნორმას მინიმუმ 2-ჯერ აჭარბებს.

„აზოტის დიოქსიდის წყარო ძირითადად არის ტრანსპორტი და რომელ ქუჩებზეც ყველაზე გადატვირთული და ინტენსიური მოძრაობაა, აზოტის ჟანგეულების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები იქ ფიქსირდება. თუ ბოლო 3 წლის ტენდენციას, პრობლემური აზოტის ჟანგეულის კონცენტრაციებს დავაკვირდებით, ჩვენს ქუჩებზე ძალიან მცირე, მაგრამ დადებითი ტენდენციაა. მიუხედავად ავტოპარკის ზრდისა, დადებითი ტენდენცია მაინც გვაქვს, თუმცა არა ისეთი, რომელიც ახლო მომავალში მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესება გაგრძელდეს და ამასთანავე, აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ავტომობილის ემისიის სტანდარტი ანუ შევზღუდოთ ძველი და ბინძური ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში. ამის გარეშე ამ პროცესის დაჩქარება გაძნელდება. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია“, - აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, თბილისის ჰაერის მართვის 3-წლიანი გეგმა მუშავდება, რომელიც სავარაუდოდ, 2023 წლის შუა პერიოდში დამტკიცდება.

ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, თბილისის ჰაერის მართვის გეგმაში აქცენტი ავტოტრანსპორტზე გაკეთდება, რადგან ის დედაქალაქის ჰაერის დაბინძურების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.

„დედაქალაქისთვის ჰაერის მართვის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შესაბამისი პირველი საწყისი შეხვედრა მოეწყო. ახლა ამ მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც, რა თქმა უნდა, ასევე მუნიციპალიტეტიც იქნება მოწვეული და თბილისის ჰაერის მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად კომპლექსური სამწლიანი გეგმა გაიწერება. ვნახოთ, რა მიმართულებები გამოიკვეთება. რა თქმა უნდა, აქცენტი ავტოტრანსპორტზე გაკეთდება, იმიტომ, რომ უმთავრესი დაბინძურების წყარო არის ავტოტრანსპორტი, თუმცა სამშენებლო სექტორი მყარი ნაწილაკების გავრცელების კუთხით დიდ როლს თამაშობს“, - აღნიშნა მან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს