ირაკლი კობახიძე ე.წ.ოთხეულზე -  ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ესწრებოდა ე.წ. ოთხეული „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მართალია, ოთხივე დეპუტატმა პარტია და საპარლამენტო ფრაქცია დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება და „ქართული ოცნებისთვის“ მათი ხმები მნიშვნელოვანია.

„ეს ყველაფერი ძალიან მარტივად განიმარტება ფორმალურადაც და არაფორმალურადაც - ისინი არ არიან ჩვენი პარტიის წევრები და შესაბამისად, ფრაქციის წევრები, მაგრამ ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ყველა ქვეყანაში არის გავრცელებული პრაქტიკა, რომ აუცილებელი არაა უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ აქვთ ნათქვამი, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ფრაქციას 80 ხმა გვაქვს საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილებების მიღებას 76 ხმა სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ, მართალია, პარტია დატოვეს, თუმცა მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს. ჩვენთვის თითოეული პარლამენტარის ხმა მნიშვნელოვანია, რათა სტაბილური უმრავლესობა არსებობდეს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მარტივი ასახსნელია, რაც საზოგადოებამ იხილა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციონერების შეფასებით, შეხვედრაზე „ე.წ. ოთხეულმა „ქართული ოცნებისგან“ ახალი დავალებები მიიღო“, კობახიძე ამბობს, რომ „დასამალი არაფერია“.

„ჩვენ რომ ვთამაშობდეთ, დავმალავდით რაღაცას, დასამალი არაფერი გვაქვს, არც საზოგადოების და არავის წინაშე. ყველაფერი ღია და გაცხადებულია. ჩვენ გვქონდა ერთადერთ საკითხზე უთანხმოება - რა დოზით უნდა ყოფილიყო რაღაცები ნათქვამი საზოგადოების წინაშე. ვთვლით, რომ არის რაღაც დელიკატური საკითხები, რაზეც საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილი არაა და ამ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა უნდა ვისაუბროთ. მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ მეტი სიმართლე უნდა ითქვას, რათა ხალხი მეტად დაცული იყოს, ამაზე ახლაც ვერ ვთანხმდებით. ეს არის უთანხმოების ერთადერთი საგანი. ისინი საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან - დასამალი არაფერია. არაფერი კეთდება ფარულად, ერთ საკითხზე არის უთანხმოება, მაგრამ ისინი უმრავლესობის წევრები არიან და მათი ხმები ჩვენთვის მნიშვნელოვანია - რამის დამალვა რომ გვდომებოდა, დავმალავდით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა და არა პარტიის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა