„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანალიზს აქვეყნებს - სამინისტროებიდან გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები იუსტიციის სამინისტრომ და გეგმაზე მეტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანალიზს აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 102.7%-ით შესრულდა. შემოსულობების მატება პროგნოზირებულზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. საგადასახადო შემოსავლების გეგმა კი, 100.3%-ით არის შესრულებული.

რაც შეეხება გრანტების 6 თვის გეგმას, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 134%-ით შესრულდა და სულ 227 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 141 მლნ ლარი უცხოური გრანტებია.

„უცხოური გრანტების 97% (137 მლნ ლარი) საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. ქვეყანამ 2.5 მლნ ლარის გრანტი გერმანიის სახელმწიფო ბანკისგან მიიღო, ხოლო 1.3 მლნ ლარი - სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდისგან.

შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებაში ყველაზე დიდი წვლილი სხვა შემოსავლების გეგმის 148%-ით შესრულებამ შეიტანა. ბიუჯეტში დაგეგმილზე 222 მლნ ლარით მეტი შევიდა, რაც ძირითადად ეროვნული ბანკისგან მიღებული 356 მლნ ლარის შემოსავლითაა განპირობებული.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 96.6%-ით შესრულდა და სულ ბიუჯეტიდან 8.8 მლრდ ლარი დაიხარჯა. ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა - 99.7%, სულ დაიხარჯა 3 მლრდ ლარი.

2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში შრომის ანაზღაურების ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო საქონლის და მომსახურების - 16%-ით. შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდა მიმდინარე წლის იანვრიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდამ განაპირობა.

2022 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 195 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 42 მლნ ლარით (27%-ით), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 69 მლნ ლარით (55%-ით) მეტია.

2022 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 9.6 მლნ ლარით ჩამორჩება. პანდემიამდე, 2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 1,002 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 373 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა.

2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 28.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 42.5%-ია. 2022 წლის 6 თვეში მთავრობამ 1,225 მლნ ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 503 მლნ ლარის ვალი დაფარა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, სამინისტროებიდან გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები - 75.9% იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა, რაც ძირითადად პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილი დაფინანსების 23.4%-ით ათვისებამ განაპირობა. ხოლო 6 თვის გეგმაზე მეტი (105 მლნ ლარით) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს დახარჯული.

„გეგმაზე მეტის ხარჯვა ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის პროგრამის 6 თვის გეგმის 125%-ით შესრულებამ და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის 105%-ით შესრულებამ განაპირობა.

ბიუჯეტის 17 პროგრამის 6 თვის გეგმა 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 5 პროგრამაზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა. ეს პროგრამებია: საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, თბილისის მეტროს პროექტი, თბილისის ავტობუსების პროექტი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში მხარჯავი დაწესებულებებიდან ათმა უწყებამ გეგმასთან შედარებით 80%-ზე ნაკლები თანხა აითვისა. მათ შორის, გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები - გეგმის 55.7% - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დახარჯა. შემდეგ მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭო - გეგმის 57.6%-იანი შესრულებით და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი - გეგმის 67.7%-იანი შესრულებით.

ბიუჯეტის ხარჯების (ვალის მომსახურების გამოკლებით) 88% სამინისტროებზე მოდის.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, 0%-ით შესრულდა ანუ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა 5 ქვეპროგრამაზე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამათგან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი (47 მლნ ლარი) თბილისის მეტროს პროექტია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება. შემდეგ მოდის თბილისის ავტობუსების პროექტი (23.8 მლნ ლარი), რომელიც იმავე ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ასევე, თანხა არ დახარჯულა თავდაცვის სამინისტროს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერების პროგრამაზე, რომლის 6 თვის ბიუჯეტი 9 მლნ ლარი იყო, 12 თვეზე კი 18 მლნ ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროგრამა საჰაერო თავდაცვის დაფინანსებას მოიცავს. საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნულ 5 პროგრამაზე 31 აგვისტოს მდგომარეობითაც არ იყო თანხა დახარჯული.

„მსხვილი პროგრამებიდან, რომელთა გეგმაც დაბალი მაჩვენებლით შესრულდა, აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, რომელზეც 22.2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და 38%-ით შესრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამაზე - ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესებაზე 17 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და 45.9%-ით შესრულდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროგრამაზე 6 თვეში 760.5 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და 165.9 ათასი დაიხარჯა. ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით, განხორციელდა ახალი ინვესტორის შესარჩევად მოსამზადებელი სამუშაოები, მომზადდა ახალი ინვესტორის შესარჩევად ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებისა და გამოცხადების პროცესის დაწყების მიზნით საჭირო დოკუმენტაცია.

6 თვის ფაქტობრივი ხარჯვა აჩვენებს, რომ COVID-19-ის მართვის პროგრამაზე (პაციენტების მკურნალობა, ვაქცინაცია და სხვა) წელს გამოყოფილი 500 მლნ ლარი არასაკმარისი იქნება. 31 აგვისტოს მონაცემებით 465 მლნ ლარია უკვე დახარჯული აღნიშნულ პროგრამაზე და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 200 მლნ ლარამდე დამატება დასჭირდება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნბულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია უწყებებს რეკომენდაციებსაც სთავაზობს, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობამ გეგმიურთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი წლის ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს.

„ბიუჯეტის გაზრდილი შემოსულობების ნაწილი მომავალ წლებში შეიძლება გამოიყენოს. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება დადებითად იმოქმედებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე: შეამცირებს მთავრობის ვალის ტვირთს, ფასების დონესა და ლარის კურსზე უარყოფით ზეწოლას;

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების ზრდა თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით;

უნდა გაუმჯობესდეს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების და ქვეპროგრამების დაგეგმვა და მართვა, ვინაიდან, წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, ჯანმრთელობის დაცვის გარკვეულ ქვეპროგრამებზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს დაგეგმილ მაჩვენებლებს;

უნდა ამაღლდეს საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებლები, განსაკუთრებით იმ პროექტებში, სადაც 6 თვის გეგმის შესრულება 50%-ზე ნაკლებია. საინვესტიციო კრედიტები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლის მნიშვნელოვანი წყაროა და ამავე დროს, ქვეყნის სატრანსპორტო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა მიმართული“, - ნათქვამია ორგანიაზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანგარიში ვრცლად

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა