„კალმარის თამაშის“ მსახიობი ლი იუნგ-ჯე პირველი აზიელი ვარსკვლავი გახდა, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართულ „ემის 74-ე დაჯილდოებაზე“ მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.
ფილის რეჟისორმა ჰვანგ დონგ-ჰიუკმა კი საუკეთესო დრამატული სერიალის რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა და ასევე პირველი აზიელი, გახდა, რომელმაც ეს პრიზი მოიპოვა.
სერიალმა „ტედ ლასომ“ ზედიზედ მეორედ საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში გაიმარჯვა.
საუკეთესო დრამად „მემკვიდრეობა“ დასახელდა, მსახიობმა მეთიუ მაკფადენმა კი დრამატულ სერიალში მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ამერიკელმა მსახიობმა ზენდაიამ დრამატული სერიალის ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი მოიპოვა ფილმ „ეიფორიაში“ შესრულებული როლისთვის, დრამატული სერიალის ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი მსახიობი ჯულია გარნერი დაჯილდოვდა ფილმისთვის „ოზარკი“.
კომედიურ სერიალში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ჟან სმარტი დასახელდა ფილმისთვის „ხრიკები“. კომედიური სერიალის მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში კი ბრეტ გოლდსტაინმა გაიმარჯვა ფილმისთვის „ტედ ლასო“.
„ტედ ლასოს“ მსახიობმა ჯეისონ სუდეიკისმა კი 2021 წლის წარმატება გაიმეორა და კომედიაში მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა.
მთლიანობაში, ყველაზე მეტი, 10 ჯილდო მოიპოვა ფილმმა „თეთრი ლოტოსი“, მათ შორის გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო ლიმიტირებული სერიალი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი და მამაკაცი მსახიობები.