ნინო დოლიძე - არჩევნების ელექტრონულად ჩატარების საკითხზე არ ვართ ნეგატიურად განწყობილი, თუმცა არჩევნების მიმართ ნდობას მხოლოდ ტექნოლოგიები არ განაპირობებს - ამ ეტაპისთვის პროცესი არ არის ინკლუზიური

არ ვართ ნეგატიურად განწყობილი, თუ დაცული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი და საარჩევნო პრინციპი - ამ ეტაპისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი არ არის ინკლუზიური. შესაბამისად, მხოლოდ მას შემდეგ ექნება პროცესს ნდობა, რაც კონსენსუსი მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის და მათ შორის, გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ელექტრონული არჩევნების ჩატარების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მხოლოდ ტექნოლოგიები არ არის ის, რაც არჩევნების მიმართ ნდობას გაზრდის.

„რადგან ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ პროცესში, დეტალურად საკანონმდებლო ცვლილებას არ ვიცნობთ, ჩვენც მხოლოდ ეს განცხადება ვიცით, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა. „ისფედს“, ერთ-ერთი რეკომენდაცია გვქონდა, რომ მომავალში ადამიანური შეცდომების გამორიცხვის და პროცესების გამარტივების კუთხით შესაძლოა, ტექნოლოგიებზე გადასვლა, თუმცა რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს დაცული ხმის მიცემის ყველა საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის, ფარულობის და ა.შ. და ამასთანავე, საერთაშორისო რეკომენდაციაა, რომ ეტაპობრივად მოხდეს გადასვლა, მას შემდეგ, რაც გარანტირებული იქნება, რომ რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ მოხდება. არ ვართ ნეგატიურად განწყობილი, თუ დაცული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი და საარჩევნო პრინციპი. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია დაინერგოს, თუმცა რამდენად მოსწრებადია 70%-ზე ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელოა და ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კონსენსუსი როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ასევე ყველა ჩართულ მხარეს შორის. თქვენ იცით, რომ მხოლოდ სამუშაო ჯგუფში იქნა განხილვა ამ პროცესის, მათ შორის, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვიყავით სწორედ იმიტომ, რომ არ დაგვიშვეს, ასევე, არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი არ იყო ინკლუზიური და მხოლოდ მას შემდეგ ექნება პროცესს ნდობა, რაც კონსენსუსი მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის და მათ შორის გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები.

მხოლოდ ტექნოლოგიებზე გადასვლა არ ნიშნავს არჩევნების გარანტირებულად კარგად ჩატარებას. მხოლოდ ტექნოლოგიები არ არის ის, რაც არჩევნების მიმართ ნდობას გაზრდის. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი რეკომენდაციაც არის და მათ შორის, ეს შარლ მიშელის რეკომენდაციებშიც არის, რომ მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის საკონსტიტუციო ცვლილების გაგრძელება, რომელიც დაწყებულია იმისათვის, რომ ზოგადად საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს. ინიციატივის თანახმად, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ „აქ საქმე არ ეხება დისტანციურად, სახლიდან ხმის მიცემას“. კობახიძის განცხადებით, დისტანციური ხმის მიცემის საკითხი, მათ შორის ქართული დიასპორის წარმომადგენლების შემთხვევაში, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა