სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სამართლიანია, ნიკოლოზ ბაზაძე აბსოლუტურად უდანაშაულოა, მის მიმართ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბაზაძე ერთ-ერთია, ვინც დღეს, მცხეთის რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბაზაძეს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და განსაკუთრებით მძინე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
„თუმცა, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არანაირი ცრუ ინფორმაცია მას გამოძიებისთვის არ მიუწოდებია. პირიქით, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ყველა სიტყვა, ყველა წინადადება შეესაბამება რეალობას და ეს დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. აქვე დავამატებ, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ თუ დამატებითი შეკითხვები გააჩნია საგამოძიებო ორგანოს ნიკოლოზ ბაზაძესთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, ყველა ამ შეკითხვას ვუპასუხოთ. ნიკოლოზი მეორედ, მესამედ ნამდვილად გამოიკითხა და აბსოლუტურად ყველა შეკითხვას დამაჯერებელი პასუხები გასცა. მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ის უდანაშაულოა, შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია.
მას უშუალოდ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, მას არავის ცემაში, არავის მიმართ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს საქმეში არსებული მტკიცებულებებით არის დადასტურებული. დაცვის მხარემ დღეს, ბრალდების მხარეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გავუცვალეთ, რითაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება, რაც ცალსახად გამორიცხავს ნიკოლოზის ბრალეულობას. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე ძალიან ბევრ მტკიცებულებას წარადგენს სასამართლოში“, - განაცხადა კაკაბაძემ.
ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი, ასევე ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები გიორგი ხორავა და გიორგი კუჭავა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
სხდომათა დარბაზიდან 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 პირი, ასევე, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი - რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირაშვილი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და 3 პირის მიმართ ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.