ზურაბ ბატიაშვილი - ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭოა მოსაწვევი, რადგან როცა 4 უშუალო მეზობლიდან სამი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, საქართველოს მიმართ რისკები გაზრდილია

ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭო არის მოსაწვევი იმიტომ, რომ როდესაც ოთხი უშუალო მეზობლიდან სამი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, საქართველოს მიმართ გაზრდილია რისკები, საფრთხეები და გამოწვევები. ამ ყველაფერს შეფასება სჭირდება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

მისი განმარტებით, ამ ორი მეზობელი ქვეყნის საზღვრებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად მყიფეა არსებული სიტუაცია არამხოლოდ უკრაინის მიმართულებით, არამედ კავკასიის მხარესაც. ბატიაშვილის თქმით, ამავე დროს, ეს არის ასახვა იმ ძალთა ბალანსის შეცვლისა, რომელიც აქამდე არსებობდა და რომელიც ადრე რუსეთის სასარგებლოდ იყო, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით.

„ახლა კი, დავინახეთ, რომ რუსეთის ფაქტორი მკვეთრად არის შემცირებული, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულია, როგორც ერთგვარად ნატო-ს საპირწონე ორგანიზაცია, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები და მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა მას დახმარებისთვის მიმართა, რუსეთმა ვერავითარი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. ეს გასაკვირიც არ არის, იმიტომ, რომ ეს ვერ შეძლო არამხოლოდ სომხეთთან მიმართებაში, არამედ დავინახეთ, რომ ხარკოვთან განვითარებული კონტრშეტევის დროს რუსეთმა ვერ შეძლო თავის ჯარისთვის უბრალოდ რეზერვების მიწოდებაც კი, რადგან ფიზიკურად აღარ არის ასეთი რეზერვი, განადგურდა. რუსეთს ფიზიკურად ძალა აღარ დარჩა. ერთი წლის წინ რომ ეს ვიღაცას ეთქვა, შეიძლება ფანტაზიების სფეროც კი ყოფილიყო, მაგრამ ახლა არსებული სიტუაცია ასეთია და რუსეთი არის მილევადი ძალა. მილევის პროცესი კი ძალიან სწრაფად ვითარდება“,- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ არამხოლოდ აზერბაიჯანმა დაინახა, რომ რუსეთს აღარ აქვს ძალა დაეხმაროს სომხეთს, არამედ ეს თავად სომხეთშიც დაინახეს და ალბათ, შესაბამისი დასკვნებიც იქნება გამოტანილი.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ამ ფონზე ხელისუფლებამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს, რადგანაც განვითარებულ მოვლენებს შეფასება სჭირდება. ამასთან, ბატიაშვილმა ისაუბრა მიმდინარე წლის ზაფხულში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს შუამავლობის გაწევაზე, რა დროსაც აზერბაიჯანის მთავრობამ გაათავისუფლა ომის დროს დატყვევებული სომხეთის მოქალაქეები. მისი თქმით, მოლაპარაკებებისა და შუამავლის როლი კარგი არის, მაგრამ საქართველომ ეს დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით მოახერხა. ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოს ახლაც ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება დასავლეთთან.

„ახლაც არიან ტყვეები, ახლაც იქნება საჭირო მათი გაცვლა და შუამავლობა, მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოსთვის ძალიან სამწუხაროდ, ხელისუფლება ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, შეიძლება შუამავლობის ეს როლიც, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. რატომ არ იწვევს ხელისუფლება უსაფრთხოების საბჭოს, ამის ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ერთი მხრივ, ეს არის ის, რომ საქართველოში, ზოგადად უნდა ითქვას, რომ ინსტიტუტები მოშლილია და რომელთა მიმართ ნდობა თვითონ ხელისუფლებასაც არ აქვს და ეს ძალიან ცუდია. თუმცა, ეს არის რეალობა, რომელშიც საქართველოს, სამწუხაროდ, ცხოვრება უწევს“,-განაცხადა ბატიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს