ქალი დეპუტატები ყოფილი მოსამართლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ

ქალი დეპუტატები გენერალურ პროკურორს „სასამართლო სისტემის მართვაში დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების თაობაზე“, ყოფილი მოსამართლის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ განცხადება პარლამენტში გააკეთეს. ირაკლი შოთაძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით პარლამენტის 5- მა დეპუტატმა: თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ მიმართა.

ამასთან, დეპუტატებმა შოთაძეს მოუწოდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საჯაროდ გააკეთოს განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე და საზოგადოებას აცნობოს პერიოდულად მისი პროგრესის შესახებ.

"დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" გვერდზე გავრცელდა ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება, გამომდინარე იმ კლანური სისტემიდან, რაც სასამართლოში გვაქვს, პარლამენტის 5- მა დეპუტატმა მივმართეთ გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რამდენადაც ინტერვიუში ყოფილი მოსამართლის მონათხრობი შეიცავს ინფორმაციას სასამართლო სისტემის მართვაში დანაშაულებივი მეთოდების გამოყენების შესახებ. კანონმდებლობის თანახმად, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების საფუძველია და ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ შოთაძეს, რომ ინტერვიუში დასახელებული ფაქტების შესწავლა მოახდინოს და საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით უზრუნველყოს საკითხის სწრაფი, ეფექტიანი და ყოველმხრივი გამოძიება,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა, რომელიც ახლა ემიგრაციაში იმყოფება, ყვება, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი "მათდამი ერთგულება იყო" და ეს მას ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივნის თანდებობას იკავებდა, პირდაპირ უთხრა.

"როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო - მომიგო. - მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი,"- აცხადებს ყოფილი მოსამართლე ინტერვიუში, რომელიც "სასამართლოს გუშაგის" გვერდზე გამოქვეყნდა. ამავე ინტერვიუში მოსამართლე აცხადებს, რომ საქმე ეხებოდა არჩევნებს, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ლევან თევზაძე აირჩიეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს