ზურაბ ჯაფარიძე - პროტესტს მაშინ დავიწყებთ, როცა ადამიანების საკმარისი რაოდენობა გვეყოლება, ჯერჯერობით ადამიანების შეგროვებით ვართ დაკავებული - ამაზე უარესი ხელისუფლებები მოგვიცილებია, არაფერი მოუცილებელი ამათ არ სჭირთ

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილს ვეძახი „ოცნების ამომრჩევლის გამოთაყვანებულ ნაწილს“. ეს ის ხალხია, რომელიც მართლა „ჭამს“ იმას, რასაც „აჭმევს“ „პოსტივი“, „იმედი“ და კობახიძე. ეს ხალხი სისულელეებს „ჭამს“ და იჯერებს, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჯაფარიძის განმარტებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რიგებში ასევე არსებობს მეორე ნაწილიც, რომელიც ხედავს, რომ საქართველოში რეალურად „არსებობს პრობლემები“, თუმცა ამ ადამიანებს „სხვა პირადი ინტერესი აქვთ“.

„ოცნების“ მხარდამჭერებში ასევე არის მეორე ნაწილი, რომელსაც ბევრი რაღაც ესმის, მათ შორის ის, რომ მის ქვეყანაში პრობლემებია. ეს აზრიანი ხალხია, უბრალოდ პირადი ინტერესი აქვს. ისინი მუშაობენ პირობითად რომელიღაც „სსიპ ახალგაზრდების განვითარების ასოციაციაში“, რომელშიც ბიუჯეტიდან მიდის ფული, ამ ხალხს კი თვიდან თვემდე ხელფასი ერიცხებათ, აქვთ ნორმალური შემოსავალი, სესხი, ბინა, ოჯახი ჰყავთ და ფიქრობენ, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, ეს სამსახურიც შეიძლება საერთოდ გაუქმდეს ან სსიპ-ის უფროსი, რომელიც პირობითად არის თალაკვაძის ძმის ახლობელი და ის თუ აღარ იქნება უფროსი, ვიღაც სხვა შეიძლება დაინიშნოს და ამ ადამიანებმა შეიძლება სამსახური დაკარგონ. ეს ხალხი უყურებს ქვეყანას, სადაც წუმპე და ჭაობია, სამსახური არ იშოვება, ხალხი მასიურად გადის და ფიქრობს, რომ ესეც თუ დაკარგა, სესხი რით გადავიხადო შემდეგ თვეში, ბავშვს რა ჩავაცვა, ვაჭამო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმის, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, თვის ბოლოს სჭირდება რაღაც შემოსავალი და რჩება „ოცნების“ მხარდამჭერად. ეს სისტემა აწყობილია შევარდნაძის დროს, შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაიბარა და ამათმა დახვეწეს, ააწყვეს პირამიდები და საათივით აქვთ გამართული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ასევე ისაუბრა მისი პარტიის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებზე.

„პროტესტს მაშინ დავიწყებთ, როდესაც ადამიანების საკმარისი რაოდენობა გვეყოლება. ჯერჯერობით ადამიანების შეგროვებით ვართ დაკავებული. შაბათს გვექნება პირველი შეხვედრა, რომელიც გარეთ, საჯაროდ, დედაენის ბაღში ჩატარდება და ველოდებით ნებისმიერ ადამიანს, რომელიც უყურებს ისე, როგორც ჩვენ ვუყურებთ, რომ თავზე გვასხედან უზურპატორები და რაც შეიძლება სწრაფად არიან ხელისუფლებიდან გასაშვები. მზად ვარ მოვყვე, როგორ ვხედავ ყველაფერს და ამას საჯაროდ მოვყვები.

ადამიანებმა რწმენა უნდა დაიბრუნონ. ეს ნიჰილიზმი და პესიმიზმი ამ დეზინფორმაციის შედეგია. ამაზე უარესი ხელისუფლებები მოგვიცილებია ჩვენც და ზოგადად კაცობრიობასაც ბევრ ადგილას. არაფერი მოუცილებელი ამათ არ სჭირთ, არც ძლიერები არიან, უბრალოდ ბევრი ფული აქვთ და ნაყიდი ჰყავთ ბევრი ადამიანი, ეს დაძლევადია. მათ ჰყავთ რაღაც რესურსი, რომელზეც დგას ეს ძალაუფლება. ეს რესურსი არის საპოლიციო რესურსი - რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის რაღაც ნაწილი მომზადებული იმისათვის, რომ ქუჩაში ბევრ ადამიანს გაუწიოს წინააღმდეგობა, დანარჩენი ნაწილი - უბრალოდ ფორმიანი ადამიანები, რომლებიც რაღაცებში გამოიყენება. საჭიროა ამაზე გაცილებით, გაცილებით მეტი, რომ ამ ადამიანთა წინააღმდეგობას აზრი დაეკარგოს. ასეთი რამ მომხდარა არაერთხელ - როდესაც ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი, მათ წინააღმდეგობას აზრი დაეკარგება. თუ ბევრი ადამიანი იქნება ქუჩაში, დაიშლებიან. პარალიზების შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ პარალიზებას უკეთებ, ისინი ვეღარ ფუნქციონირებენ როგორც ახლა, სისტემა იშლება და ისინი იძულებული არიან წავიდნენ რიგგარეშე არჩევნებზე - აქამდე მივალთ. ამას სჭირდება ბევრი ადამიანი ქუჩაში, ოღონდ ამ ადამიანებმა ჯერ უნდა ირწმუნონ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ დაპირისპირება არ იქნება საჭირო. ჯაფარიძის თქმით, ის დაპირისპირების წინააღმდეგია.

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, საჭიროა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღონ „გულწრფელად გაბრაზებულმა ადამიანებმა და არა პარტაქტივმა“.

„გამოყვანილი პარტიული აქტივი არ არის ის რესურსი, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას. ეს ზუსტად იცის „ოცნებამ“. „ოცნებას“ ეშინია, როდესაც ქუჩაში გამოსულია გულწრფელად გულანთებული ხალხი და არა პარტაქტივი. ამას ხედავენ და ზუსტად იციან ვინ არის გამოსული ქუჩაში. „ოცნებას“ ეშინოდა ბოლოს 20 ივნისის აქციების - არცერთი პოლიციელი არ იყო. არ ვიცი, დააკვირდით თუ არა, მაგრამ როდესაც გადავსებული იყო რუსთაველის გამზირი, არცერთ ჩასახვევში არცერთი პოლიციელი არ იდგა, რომ ხალხი არ გაეღიზიანებინა. ხელისუფლება ამ აქციას არ გაკარებია, რადგან იცოდა, რომ ეს იყო გულწრფელი, გაბრაზებული ხალხი და ეს არ იყო პარტაქტივი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა