გიორგი ვაშაძე - თუ ასე ჯიუტად ივლის რუსეთის მხარეს „ქართული ოცნება“, ყველა სანქციების ქვეშ იქნება - არა მარტო ივანიშვილი, შეიძლება კობახიძემ დაასწროს კიდეც

თუ ასე ჯიუტად ივლის რუსეთის მხარეს „ქართული ოცნება“, ყველა სანქციების ქვეშ იქნება, არა მარტო ივანიშვილი, შეიძლება კობახიძემ დაასწროს კიდეც ივანიშვილს სანქციების ქვეშ მოხვედრა,- ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კითხვას, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატები ამზადებს სანქციებს, როდესაც თავად ელჩი კელი დეგანი აცხადებს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არც კი განიხილება.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თავად ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ივანიშვილი უკრაინის ომამდეც დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო მოქცეული.

„19 აპრილის შეთანხმება როცა გადახია „ქართულმა ოცნებამ“, მათაც და ყველას ვუთხარი, რომ ეს ასე არ ჩაივლიდა და აღსრულების მექანიზმები ჩაერთვებოდა დასავლეთის მხრიდან. სწორედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ უკრაინის ომამდეც დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება ბიძინა ივანიშვილი. ვერც ერთ კაპიკს ვერც ერთი მისი უცხოური ანგარიშიდან ვერც რიცხავდა ერთი ადგილიდან მეორეზე. რატომ ხდება ეს ყველაფერი?! როცა შენ შეთანხმებას დებ და ამ შეთანხმებას გადახევ, გადააგდებ და იტყვი, რომ არაფერს აღარ გავაკეთებო, ამას თავისი რეაგირება ექნება.

ახლა იმის შესახებ, თუ რამ დაამძიმა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ვითარება - დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ სრული ლუსტრაცია მოხდა მათი და ისინი არიან პრორუსული ძალა. მათ უარი თქვეს უკრაინის ადამიანურ მხარდაჭერაზეც კი, სამშობლოს ისტორიული ლაქა დაუტოვეს, შეგვარცხვინეს, თავი მოგვჭრეს საქვეყნოდ. რომ არა ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ჩვენ ძალიან მძიმე ვითარებაში ვიქნებოდით. თუ ასე ჯიუტად ივლის რუსეთის მხარეს „ქართული ოცნება“, ყველა სანქციების ქვეშ იქნება, არა მარტო ივანიშვილი, შეიძლება კობახიძემ დაასწროს კიდეც ივანიშვილს სანქციების ქვეშ მოხვედრა. ამერიკის მხარეს არის ჯგუფები, რომლებიც სანქციებზე მუშაობს. მე არ ვამბობ, სწორედ იმ ჯგუფების განცხადებები, ვინც უკრაინასთან მიმართებით სანქციებზე მუშაობს, მათ შორის, ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ეს სანქციები განიხილება. კელი დეგნანი არის დიპლომატი, რომელმაც რაღა თქმა უნდა უფრო დიპლომატიური ენით უნდა ილაპარაკოს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა, კელი დეგნანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონში არსებობს კითხვები, თუ რატომ არ ემიჯნება ხელისუფლება ე.წ. ოთხეულს, რომელიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ვაშაძის თქმით, ვერც ერთ შემთხვევაში „პრორუსული „ქართული ოცნება“ თავის თავს ვერ გაემიჯნება“, რადგან ეს ოთხეული არის „ქართული ოცნების“ ფუნდამენტი.

„მე ამ კითხვებს ვუპასუხებ, ქალბატონ კელისაც ვუპასუხებ და ამერიკელ პარტნიორებსაც -მეგობრებო, მგლის თავზე სახარების კითხვას თავი დავანებოთ- საქართველოს, სამწუხაროდ, ჰყავს რუსული დეზინფორმაციული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი ხელისუფლებაში, ეს არის პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყველას გვატყუებდა, თითქოს პროდასავლური იყო, მაგრამ დღეს მკაფიოა, რომ ის არის პრორუსული. ამას ადასტურებს ირაკლი კობახიძის გუშინწინდელი განცხადება, ამას ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთანაც კი ნამყოფი არ არის, ამას ადასტურებს მათი შეტევები და თავდასხმები უკრაინაზე. მეგობარს ზურგში ლახვარი რომ უნდა დასცე, ასე იქცევა „ქართული ოცნება“ ამიტომ, ქალბატონ კელისაც ვეუბნები, „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, არანაირი "ოთხეული" არ არსებობს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო