ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - ცინიკურია საუბარი ზიზღის და სიძულვილის წაქეზებაზე და ამ კონტექსტით მედიისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე, როცა, ამ შენობიდან 20 ნაბიჯის მანძილზე თქვენს მიერ წარმოებული სიძულვილის პოლიტიკის გამო ადამიანია მოკლული

ძალიან, ძალიან, ძალიან ცინიკურია საუბარი ზიზღის და სიძულვილის წაქეზებაზე და ამ კონტექსტით მედიისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე, როდესაც, ამ შენობიდან 20 ნაბიჯის მანძილზე თქვენს მიერ წარმოებული სიძულვილის პოლიტიკის გამო ადამიანი არის მოკლული. ეს არ დაგავიწყდეთ! - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ.

როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, რაც პოზიტიურია ამ კანონპროექტში, მხარს უჭერს, თუმცა, საკითხები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, მედიაექსპერტების საერთო შეშფოთებას იწვევს, ფარო კონსენსუსის მიღწევამდე ამ კანონპროექტიდან უნდა გამოიყოს.

„ამ კანონის მიღებით პოლიტიკური ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზება გახდება მიუღებელი და დასჯადი. მაგალითად, თქვენი პარტიის თავმჯდომარე რომ გამოდის და იძახის, „ლელო“ არიან რადიკალები და აფუჭებენ, ანგრევენ ქვეყანას და ა.შ. ე.ი. ამ განცხადების გამო დაისჯება ეს პროგრამა? გამოდის, რომ კობახიძე ვეღარ გაბედავს დაგვაბრალოს რადიკალობა და წააქეზოს ზიზღი ჩვენს მიმართ. ეს განცხადება ჩაჯდება ამ დეფინიციაში თუ არა? რაც შეეხება პასუხის უფლებას, სრულიად საინტერესო რამ მოხდა ახლა აქ. გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ უკმაყოფილო არის მის მიერვე მრავალჯერ რეფორმირებული სასამართლოთი. სასამართლოში რომ შეეძლო წასვლა ადამიანს, თუ მას მიაჩნდა, რომ მედიამ მისი უფლებები დაარღვია, როგორც ჩანს, ამ სასამართლომაც კი ვერ აწია უპასუხისმგებლობის და უსამართლობის ეს სტანდარტი. უკმაყოფილო ხართ თქვენივე სასამართლოთი. ბატონი არჩილ თალაკვაძე ამბობდა, ვერ დაველოდები სასამართლოს და სასწრაფოდ მინდა პასუხის უფლება მომცენო. არსებული მექანიზმი ითვალისწინებს სასამართლოში წასვლას, მაგრამ რადგან იგონებთ ახალს, ე.ი. არსებული არ მოგწონთ. მიხარია, რომ თქვენს მიერ რეფორმირებული სასამართლო არ ვარგა. ძალიან, ძალიან, ძალიან ცინიკურია საუბარი ზიზღის და სიძულვილის წაქეზებაზე და ამ კონტექსტით მედიისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე, როდესაც, ამ შენობიდან 20 ნაბიჯის მანძილზე თქვენს მიერ წარმოებული სიძულვილის პოლიტიკის გამო ადამიანი არის მოკლული. ეს არ დაგავიწყდეთ! ყოველ ჯერზე შეგახსენებთ ამას ვინც არ უნდა იდგეს ამ ტრიბუნასთან და ვინც არ უნდა იჯდეს ამ დარბაზში. მე აღარაფერს ვამბობ იმ ძალიან სამარცხვინო მოქმედებებზე, როდესაც ეთნიკური, რელიგიური და სხვა განსხვავებულობის ნიშნით საქართველოს მოქალაქეებს ძალიან შეურაცხმყოფელი შემთხვევები დაატყდათ თავს საქართველოს რეგიონებში - ღორის თავის დაკიდებით დაწყებული და ა.შ. რომელზეც სამართლებრივი რეაგირება კი არა, პოლიტიკური განცხადებებიც ჭირს რომ გაკეთდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ძალიან დამაზიანებელია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის და ევროდირექტივის შესრულების საფარქვეშ უნდა შემოვიდეს რამდენიმე მუხლი, რომელიც ძალიან დამაზიანებელია არა მარტო მედიისთვის, საზოგადოების აღქმისთვისაც.

„ევროდირექტივა გვეუბნება, რომ სასამართლო უნდა იყოს გამართული, კომუნიკაციების ეროვნული კომისია რეალურად დამოუკიდებელი იყოს და მედიას არ უნდა უწევდეს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. რაც პოზიტიურია ამ კანონპროექტში, ამის მხარდასაჭერად მზად ვარ, მაგრამ ის საკითხები, რომელიც იწვევს საერთო შეშფოთებას, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიცია, მედიაექსპერტები, ეს საკითხები უნდა გამოიყოს ამ კანონპროექტიდან და სანამ არ იქნება ფართო კონსენსუსი მიღწეული, შევჯერდეთ, რომ წინ არ წავალთ. ხმები გეყოფათ ამ კანონპროექტის მისაღებად, მაგრამ ეს ვერ შეფასდება მედიაპლურალიზმის ხელშეწყობად. ამას მოჰყვება ნეგატიური შეფასება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა და მომხსენებელს, უმრავლესობის წევრს ეკა სეფაშვილს მიმართა გაუზიაროს პარლამენტის წევრებსა და საზოგადოებას იმ საერთაშორისო ექსპერტების წერილობითი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე.

ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ამავე კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს. კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

კანონპროექტს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი აცნობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა