ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი - მსურს ვიყო თქვენი დამხმარე, რათა შესაძლებლობის უნიკალური ფანჯარა გამოიყენოთ - ვიმედოვნებ, რომ ჩემი მისიის დასასრულს უკან ნამდვილად კმაყოფილებით მოვიხედავ

მსურდა ვყოფილიყავი იმ ადგილას, სადაც ისტორია იქმნება - ასე განმარტავს ევროკავშირის ახალი ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში მუშაობის სურვილს, რომლისთვისაც, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავადაც ამბობს, საკმაოდ დიდი კონკურენციის გაწევა მოუხდა. ელჩი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს წინაშე შესაძლებლობათა მნიშვნელოვანი ფანჯარაა გახსნილი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, თუმცა ესმის, რომ პროცესი გამოწვევებით იქნება სავსე.

რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორ აფასებს საქართველოს პოზიციონირებას რუსეთის სასტიკი ომის გამო შექმნილი გამოწვევების ფონზე და რამდენად ლოგიკურად ჟღერს მისთვის ბრალდებები „მეორე ფრონტის შესახებ - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში მუშაობის დაწყების შემდეგ მის პირველ ინტერვიუში, ექსკლუზიურად „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს...

- პირველ რიგში, მსურს მოგესალმოთ ჩვენს ქვეყანაში და გისურვოთ წარმატებული სამუშაო საქართველოში.

რაც შეეხება კითხვებს, სხვადასხვა დროს ბრიუსელსა და ნიუ-იორკში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება გაქვთ. იყავით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისდა კრიზისებზე რეაგირების დირექტორატ ხელმძღვანელი, მანამდე კი ბრიუსელში პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის, გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილისდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობები გეკავათ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა თქვენთვის მნიშვნელოვანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა?

- მადლობა ამ კითხვისთვის და მადლობა შესაძლებლობისთვის მქონდეს ჩემი პირველი ინტერვიუ მას შემდეგ, რაც შევუდექი ჩემი მოვალეობის შესრულებას როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ვიმსახურო აქ, თბილისში და წარმოვადგენდე ევროკავშირს. თქვენ ახსენეთ ჩემი დიპლომატიური კარიერის სხვადასხვა საფეხური და სიმართლეა, რომ საქართველო და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ჩემთვის ყოველთვის ძალიან ახლოს იყო. ჩემს ბოლო სამუშაო პოზიციაზე ბრიუსელში პასუხისმგებელი ვიყავი უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში (EEAS), რაც არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რეალურად, მე აქ ჩამოვედი წლის დასაწყისში, მქონდა ბევრი შეხვედრა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობდით უზრუნველგვეყო ევროკავშირის დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რაც ახლა მიმდინარეობს. წარსულში პრივილეგია მქონდა მონაწილეობა მიმეღო ასოცირების დღის წესრიგის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებში. 2014 წელს საბჭოს ფარგლებში იყო ბევრი განხილვა წევრ ქვეყნებს შორის და იმ დროს მე წარმოვადგენდი ჩემს მშობლიურ ქვეყანას, პოლონეთს და ჩვენ რეალურად ვიბრძოდით, რომ საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა. იქამდე, როგორც თქვენც აღნიშნეთ, მე ვიყავი ნიუ-იორკში და ვმუშაობდი გაეროშიპოლონეთისმუდმივწარმომადგენლობაში. ნიუ-იორკში 2008 წლის ზაფხულში ჩავედი და ჩემი ჩასვლიდან დაუყოვნებლივ, 2008 წლის ომი გახდა ჩემი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, მე, ასევე, ვმუშაობდი ნატო-ში და პასუხისმგებელი ვიყავი პროგრამაზე „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში და კვლავ საქართველო და საქართველოსთან მუშაობა იყო ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება. ასე რომ, საქართველო თან გასდევს ჩემს პროფესიულ კარიერას და აქედან გამომდინარე, ძალიან ცხადი იყო ჩემთვის, რომ საქართველო იყო ის ადგილი, სადაც მსურდა ევროკავშირის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. შესაძლოა, მცირე საიდუმლოსაც კი გიზიარებთ, მაგრამ ევროკავშირის სხვადასხვა დელეგაციებს, ევროკავშირის საელჩოებს შორის საქართველო იყო ყველაზე კონკურენტუნარიანი ანუ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან აპლიკანტების ყველაზე დიდ რაოდენობას ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელობა სწორედ თბილისში სურდა. ჩემს თავს უკიდურესად იღბლიანად ვთვლი, რომ მე ამირჩიეს საქართველოში ევროკავშირის შემდეგი ელჩის პოზიციაზე. თბილისში ყოფნის 3 კვირის შემდეგ, მე შემიძლია ცხადად ვთქვა, რომ ეს იყო სწორი არჩევანი, მოუთმენლად ველი მომავალ 4 წელს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მონაწილეობას მივიღებ და დავეხმარები საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ამ უკიდურესად მნიშვნელოვან მომენტში.

- როგორც უკვე აღნიშნეთ, თქვენ ძალიან აქტიურად იყავით ჩართული იმ გზის გავლის პროცესში, რასაც საქართველო თავისი მისწრაფების მიღწევისთვის გადის. ამაზე მოგვიანებით უფრო დეტალურად გკითხავთ, იქამდე კი ჩემთვის ძალიან ცხადი გახდა, რომ სანამ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობას შეუდგებოდით, უკვე კარგად იცნობდით საქართველოში მუშაობის ხასიათსა და ინტენსივობას. აქედან გამომდინარე, მსურს გკითხოთ, რა იქნება თქვენი მუშაობის სპეციფიკა, როგორ ხაზს გაატარებთ და აპირებთ თუ არა თქვენი წინამორბედის მსგავსად მაქსიმალურად აქტიურად იყოთ ჩართული პროცესებში, რათა უზრუნველყოთ ევროკავშირთან მეტად დაახლოება?

- მე საქართველო ავირჩიე არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არაჩვეულებრივი და ლამაზი ქვეყანაა დიდებული კულტურით, არამედ იმის გამოც, რომ საქართველოს უდგას მისი ისტორიის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მიმდინარე წლის ივნისში ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა გაეხსნათ. ეს შესაძლებლობის შესანიშნავი ფანჯარაა ამ ქვეყნისთვის და მე რეალურად მსურდა ამ დიდებული გამოწვევის ნაწილი ვყოფილიყავი და მსურდა ვყოფილიყავი იმ ადგილას, სადაც ისტორია იქმნება. ვგრძნობ, რომ დღეს საქართველოში სწორედ ეს ვითარებაა. ასოცირების პროცესმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, ევროკავშირს დაახლოებოდა, მაგრამ მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ, ჩვენ შევედით აბსოლუტურად ახალ ფაზაში - საქართველოს მიეცა ევროპული პერსპექტივა და ახლა ქართველებზეა დამოკიდებული, უზრუნველყონ, რომ საქართველო მტკიცედ იდგება ევროპის გზაზე. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მე მსურს ვიყო დამხმარე, მსურს ვესაუბრო ყველა მონაწილე მხარეს - ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა უზრუნველვყო, რომ შესაძლებლობის ეს უნიკალური ფანჯარა სრულად იქნება გამოყენებული. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მე ჩემი მისიის დასასრულს მივაღწევ, უკან ნამდვილად კმაყოფილებით მოვიხედავ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, პირველ რიგში, ამ ლამაზი ქვეყნისთვის.

- პირდაპირ გკითხავთ, რა იქნება თქვენი პერსონალური წვლილი პროცესში, რომელიც საქართველოს მისი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში დაეხმარება?

- ახლა ქართველებზეა დამოკიდებული, რომ მათ შეასრულონ საშინაო დავალება. ქართველებზეა დამოკიდებული, თუ სურთ და როგორ სურთ, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. მე მესმის, რომ საქართველოს მოსახლეობა ძლიერად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან მტკიცედ არის ევროინტეგრაციის მომხრე. მე და ჩემი გუნდი აქ ვართ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ამას უკვე ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ ქართველებზეა დამოკიდებული ამ პროცესის მართვა.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენზე, ქართველებზეა დამოკიდებული თუ როგორ შევასრულებთ საშინაო დავალებას, ამიტომ მსურს, გკითხოთ თქვენი შეფასებით, ჯამში, რამდენად საკმარისია მუშაობის ის ტემპი, ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ამ პროცესში. ამავე დროს, ფიქრობთ, რომ მხოლოდ მმართველი ძალის ძალისხმევა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს?

- მე ვახსენე ევროპული პერსპექტივა, რომელიც გაიხსნა საქართველოსთვის. კანდიდატის სტატუსი, რომელიც ამ პროცესში შემდგომი ეტაპია, საქართველოს გარკვეული პირობებით მიენიჭება. ევროკომისიამ საქართველოს 12 რეკომენდაცია მიაწოდა, 12 არეალი, სადაც პროგრესის მიღწევა აუცილებელია. ვიცი, რომ ხელისუფლებას ძალიან ამბიციური გეგმა აქვს იმისთვის, რომ ეს 12 პირობა დააკმაყოფილოს, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ყველა მხარეზე, ააშენოს ხიდი და იმუშაოს კონსტრუქციულად, რათა მიაღწიოს პროგრესს 12-ვე მიმართულებით. ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი უნდა იყოს ინკლუზიურობა, რათა ამ პროცესში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე. ოპოზიციის მხრიდან კი უნდა იყოს კონსტრუქციული მიდგომა - ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველყოს პროგრესის მიღწევა. რეალურად ეს მოითხოვს ყველას გაერთიანებას და ეროვნული ინტერესების სულისკვეთებით მუშაობას. მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია - მსგავსი მაგალითები იყო წარსულში. მე მოვდივარ ქვეყნიდან, რომელმაც ზუსტად იგივე პროცესი გაიარა 25-30 წლის წინ და პოლონეთის შემთხვევაში 90-იანებში შესაძლებელი გახდა ყველასთვის, რომ დამსხდარიყვნენ მაგიდის გარშემო და განსხვავებების მიუხედავად, რაც ბუნებრივია დემოკრატიული სისტემისთვის, მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს შეთანხმებულიყვნენ ამ ყოვლისმომცველ პრიორიტეტზე. ვიმედოვნებ, რომ პროცესში მონაწილე მხარეები საქართველოში, ასევე, იმუშავებენ კონსტრუქციულობის სულისკვეთებით, რათა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პროგრესი მიიღწეს.

- აქვე გკითხავთ, მოვლენების ყველაზე ოპტიმისტური განვითარების შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას?

- ეს თქვენი გადასაწყვეტია. ხელისუფლებას ძალიან ამბიციური გეგმა აქვს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გასულ კვირას ბრიუსელში. ეს არის ე.წ. ასოცირების საბჭო, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაგვიზიარა განრიგი - ეს არის თვითდაწესებული განრიგი, რაც შეეხება კანონმდებლობას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად კანონმდებლობა, არამედ პროცესიც. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, პროცესი თავის თავში უნდა მოიცავდეს ყველა მონაწილე მხარეს. ეს, ასევე, გულისხმობს და მოითხოვს ოპოზიციის კონსტრუქციულ ჩართულობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ისარგებლონ საერთაშორისო ნორმების ცენტრებით - ოდირით, ვენეციის კომისიით, რომ ამ საერთაშორისო სტანდარტების ცენტრებთან სრულად გაიარონ კონსულტაცია და მათი მოსაზრებები იყოს გათვალისწინებული.

გასათვალისწინებელია იმპლემენტაციის ნაწილიც, ასე რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონმდებლობა, არა მხოლოდ პროცესი, რომელსაც კანონმდებლობამდე მივყავართ, არამედ იმპლემენტაციაც მხედველობაში იქნება მიღებული. და შემდეგ უნდა დაველოდოთ მომავალ წელს, როდესაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები დაუბრუნდებიან ამ საკითხს. ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება, იმისთვის, რომ ძალიან მტკიცედ დააყენოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე.

- ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევის- სტატუსის მიღების პროცესში თქვენს წვლილზე ისაუბრეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ქართული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, უმტკივნეულო გზა არ იქნება. იგივე თქვენი წინამორბედი კარლ ჰარცელი მისი მუშაობის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე. ვადის ამოწურვისას კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან ირაკლი კობახიძისგან ისიც კი მოვისმინეთ, რომ „კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოსურთიერთობებში“. მსურს გკითხოთ, თქვენს წინამორბედთან საქართველოს ხელისუფლების მსგავსი სახის დამოკიდებულება ხომ არ წარმოადგენს თქვენთვის მინიმუმ დისკომფორტს და შესაძლოა ბარიერსაც, აქტიურად ჩაერთოთ პროცესებში?

- თქვენ მართალი ხართ- ევროინტეგრაციის გზა გამოწვევებით სავსე პროცესია. დარწმუნებული ვარ, იქნება აღმასვლაც და დაღმასვლაც. სწორედ ამიტომ, არის ჩემი თხოვნა ხელისუფლებისადმი, რომ პროცესი შეძლებისდაგვარად ინკლუზიური იყოს და ჩართული იყოს ყველა მხარე და ჩემი თხოვნა არის ოპოზიციისადმი, იყოს იმდენად კონსტრუქციული, რამდენადაც შესაძლებელია, რათა ჩაერთოს პროცესში.

მე ვიცნობ ჩემს წინამორბედს და ვიცი, რომ ელჩი ჰარცელი იყო საქართველოს ნამდვილი მეგობარი. საქართველოში გატარებული 4 წლის განმავლობაში მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები წინ წაეწია. რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის არის, თუმცა მე ვიცი, რომ ის თავის მაქსიმუმს ეცადა. ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემს წვლილს შევიტან და შევეცდები მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას და თქვენს ხალხს იმდენად, რამდენადაც შემიძლია. მე ასევე შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ყოველთვის გავუწიო დახმარება და მხარდაჭერა, თუმცა კიდევ ერთხელ - საბოლოო ჯამში, ყველაფერი ქართველების გადასაწყვეტი იქნება და ქართველებზე იქნება დამოკიდებული გაერთიანება და წინსვლა 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ.

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შესაძლებლობის ეს უნიკალური ფანჯარა, ეს უნიკალური ისტორიული მომენტი იქნება სრულად ათვისებული, რომ თქვენ ამას გამოიყენებთ. იმედი მაქვს, რომ ხელშესახებ პროცესსა და ხელშესახებ შედეგს რაც შეიძლება სწრაფად ვიხილავთ.

- თქვენი პასუხიდან გამომდინარე შემიძლია ასე გავიგო, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება თქვენთვის ბარიერი და თქვენ სრულად იქნებით ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რა თქმა უნდა, მოდერატორის ფუნქციას ვგულისხმობ...

- მე დიპლომატი ვარ და ჩემი როლი არ მდგომარეობს იმაში, რომ ვიყო პოლიტიკური სცენის მონაწილე. მე პატივს ვცემ მასპინძელ ქვეყანას და სწორედ ეს არის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. მხარეებზეა დამოკიდებული, რომ კონტროლი აიღონ პროცესზე და ჩემი, ისევე როგორც ევროკავშირის როლი მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ისე, როგორც შეგვიძლია.

- ახლა ქვეყნის, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური სპექტრის წინაშე დგას ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, შეასრულოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმა. ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქედან ყველაზე რთულად შესასრულებელი დეპოლარიზაციის პუნქტია, რადგან მაგიდასთან დასხდომის მრავალი მცდელობის მიუხედავად, პოლიტიკურ სიბრტყეზე სხვადასხვა მხარეს მდგარმა აქტორებმა ურთიერთსიძულვილი და ურთიერთბრალდებების კომპლექსი იმ ფონზეც კი ვერ გადალახეს, რომ ამაზე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებია დამოკიდებული. როგორია ამ მოცემულობის თქვენეული შეფასება ? თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული და ოპოზიციამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს, მაგრამ იქნებ ხელისუფლების როლი სწორედ პირველი ნაბიჯის გადადგმასა და გზის ჩვენებაშია ?

- აქ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყო, რადგან არ მსურს ჩავერიო ქვეყნის შიდა საქმეებში. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიულ მომენტზე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომ საქართველო გამყარდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ეს მომენტი სრულად იქნება გამოყენებული ყველას მიერ საქართველოში. ამ 3 კვირის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიმყოფები, მე დავუკავშირდი ყველა ძირითადად მონაწილე მხარეს. გავაგრძელებ შეხვედრებს. მე ვთხოვე ხელისუფლებას, იყვნენ მაქსიმალურად ინკლუზიურები, ვთხოვე მთავარ ოპოზიციურ პარტიას, იყოს იმდენად კონსტრუქციული, რამდენად შესაძლებელია. ქართველები უნდა დასხდნენ ერთად, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ააშენონ ხიდები და დაძლიონ განსხვავებები, რადგან, ჩემი რწმენით, ეს მომენტი საჭიროებს გამოყენებას. ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ეს შესაძლებლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ მოგცათ და რომელიც ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით გაჩნდა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი, ფუჭად იქნება გახარჯული. შემთხვევითი საუბრებიდანაც კი ვიცი, რომ ადამიანები ამას ნამდვილად სერიოზულად უყურებენ. ევროპული პერსპექტივა განსაკუთრებით ამ ტურბულენტურ დროს, არის ის, რამაც უნდა გააერთიანოს საქართველო, ყველა ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს. კიდევ ერთხელ შემიძლია ჩემი მშობლიური ქვეყნის მაგალითი შემოგთავაზოთ, სადაც ჩვენც ძალიან ხშირად პოლარიზებულები ვიყავით, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხზე, ევროინტეგრაციის საკითხზე, ყველა მხარე შეთანხმდა, საერთო მიზნისთვის ერთად ემუშავა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება.

- კიდევ ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც, დიდი ალბათობით, საქართველოს გაუჭირდება, დეოლიგარქიზაციას ეხება. მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი იქნას გადაწყვეტილი საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, თუ გაქვთ მსგავსი წარმატებული მაგალითი?

- საკითხი ძალიან მარტივია და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის უნიკალური. ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენების მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა, გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მიმზიდველობას პერსპექტიული ინვესტორებისთვის. გადაწყვეტილება ქართველებზეა, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებითაც მიღწეული იქნება.

- პარალელურად იმ პროცესისა, რომელიც პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სახელით მიმდინარეობს, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგში კვლავ ააქტიურებს ვადამდელი არჩევნების საკითხს. ვადამდელი არჩევნები, კონსტიტუციით განსაზღვრული მექანიზმია, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად გამოიყენება, თუმცა საქართველოში ამ მოთხოვნის დაყენებას მოჰყვა შეფასებები, რომ ოპოზიციას ქვეყანაში გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა სურს. როგორ შეიძლება საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის მიერ შეფასდეს მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების შესახებ?

- არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უნდა გავაკეთო, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და ერთი ან მეორე პარტიის მოთხოვნებზე კომენტარის გაკეთება, ჩემი საქმე არ არის. ასე რომ, უფლებას თუ მომცემთ, ამ საკითხს არ შევაფასებ.

- ბოლო თვეების განმავლობაში, არც ისე სახარბიელო გახდა „ქართული ოცნების“ ურთიერთობები არა მხოლოდ ევროკავშირის ან შეერთებული შტატების ელჩებთან, არამედ პარტნიორებთან ზოგად კონტექსტშიც, მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება ცალკეული ევროპარლამენტარი. საექსპერტო თუ პოლიტიკურ წრეებში კეთდება შეფასებები, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებს. ის ყველაფერი, რაც ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში ხდება, პირადად თქვენ რამდენად გაძლევთ შეფასების გაკეთების საფუძველს, რომ თვალს ვადევნებთ მართლაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ?

- ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის სურვილი გამოთქვა ასოცირების საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას. ძალიან პოზიტიური განცხადებებიც იქნა გაჟღერებული. ევროპული პერსპექტივით, ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის პრეზიდენტის 2-3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაშიც კი მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც ცდილობს შეუერთდეს ამ ოჯახს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ, ეს იქნება დიალოგის საგანი - საქართველო, რომელიც ცდილობს შეუერთდეს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყნების ოჯახს. კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღია, მაგრამ მაშინ, როდესაც გსურს გახდე ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს. ჩემი სამუშაო აქ ძალიან ცალსახა იქნება, დავეხმარო საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება, ეხება „გარკვეული გარე ძალების“ სურვილს, საქართველოში ომის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ „აშშ-ს არ სურს და მათ ინტერესში არ შედის ომი გავრცელდეს საქართველოზე“, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ბრალდებები არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მინდა გკითხოთ, რა იქნება ამ საკითხზე თქვენი, როგორც ევროპის ქვეყნების წარმომადგენელი ორგანოს ელჩის პასუხი - უკრაინაში ომის კვალდაკვალ, პროცესების როგორი განვითარებითაა დაინტერესებული ევროკავშირი საქართველოში?

- ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ვფიქრობ, ამაზე კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წმინდა წყლის ნონსენსია. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ გასულ კვირას საქართველოში ჩვენმა მონიტორინგის მისიამ 14 წლისთავი აღნიშნა. 14 წელია, რაც მისია უზრუნველყოფს სტაბილურობისა და პროგრესის დაცვას, როდესაც საქმე ეხება სეპარატისტულ ტერიტორიებს. ჩვენ, ასევე, თანათავმჯდომარეობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის მიზანიც ამ გამორჩეული საკითხის გადაჭრაა. ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა. ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია.

- საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის შიგნით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ არ ვართ საკმარისად სოლიდარული. კრიტიკა უკავშირდება იმ ასე ვთქვათ, ფრთხილ პოლიტიკას, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობაში იჩენს. თქვენი შეფასებით, რამდენად სწორად პოზიციონირებს საქართველო, როცა საქმე ეხება უშუალოდ უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებს?

- 24 თებერვალს ყველა ჩვენგანმა აბსოლუტურად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოხდა ისეთი რაღაცები, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. რუსეთის სასტიკი გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში, ღამის კოშმარია. ევროკავშირმა ძალიან ცალსახა პოზიცია დააფიქსირა. მოხდა ის, რაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ მას მხარს ვუჭერთ დიპლომატიურად, სხვადასხვა ორგანიზაციაში. ვცდილობთ რუსეთის იზოლირებას. მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას, ასევე ვეხმარებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ევროკავშირისთვისაც კი ეს ძალიან რთული არჩევანი იყო, მაგრამ წევრმა ქვეყნებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ მხარი დაეჭირათ უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისხმევისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გზით.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, უნდა ვთქვა, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველო მოქმედებს როგორც თანამოაზრე ქვეყანა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის მიცემის ყველა პროცესში საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირისა და სხვა თანამოაზრე ქვეყნების პოზიციას. ჩვენ საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს მოგონებები 2008 წლის ომიდან. ჩვენ სრულად გვესმის სენსიტიურობა, ვითვალისწინებთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ როდესაც საქმე ეხება სიტყვასა და მოქმედებებს, ჩვენ საქართველოს თანამოაზრე ქვეყნად განვიხილავთ.

- და ბოლო კითხვას დაგისვამთ - უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. სასანქციო სია შეადგინა, რომელშიც 15 პირიდან 12 საქართველოს მოქალაქეა. მათ შორისაა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ოფიციალურად წლებია პოლიტიკიდან წასულია და ივანიშვილი, რომელსაც ოპოზიცია „ოლიგარქს“ უწოდებს. რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიას - შეგიძლიათ რამე გვითხრათ იმის თაობაზე, განიხილავს თუ არა დასავლეთი და კონკრეტულად ევროკავშირი საკითხს, დაუწესდეთ თუ არა ამ ადამიანებს პერსონალური სანქციები?

- სიცხადისთვის ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 12 რეკომენდაციას შორის არ არის სახელები. ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკაში. ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, მაგრამ არ ვახსენებთ არანაირ სახელებს. რაც შეეხება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას, ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერია და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ ერთსულოვნებაზე დაფუძნებით ანუ ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ძალიან კარგად დოკუმენტირებული და ძალიან კარგად გამყარებული. ევროკავშირის სანქციების ეს პროცესი მუდმივად განახლდება ერთსულოვნების საფუძველზე და იმ მყარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ყოველთვის უნდა იდგეს ევროკავშირის სანქციების სიაში ნებისმიერი გაფართოების უკან.

- კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის. გისურვებთ წარმატებულ სამუშაო პროცესს ჩვენს ქვეყანაში!

- დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო. მე ნამდვილად დამჭირდება გამხნევება და აქედან გამომდინარე, მედიის მხარდაჭერის იმედი მაქვს ჩვენი კოლექტიური ძალისხმევის მიმართ ევროკავშირის წევრობის გზაზე.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო