ბექა დავითულიანი - აფხაზებისა და ოსების იდენტობის გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპული საქართველო, რომელსაც მათთან ერთად შევქმნით

ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ავუხსნათ, რომ მათი იდენტობის გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპული საქართველო, რომელსაც მათთან ერთად შევქმნით - არანაირი ძალისმიერი და მათთვის უსაფრთხოების რისკების შემქმნელი ნაბიჯების გადამდგმელები არ ვართ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საქართველოში მიმდინარეობს მსჯელობა, როგორ შეიძლება ქვეყნის დეოკუპაცია, აფხაზებს და ოსებს აქვთ შეგრძნება, რომ შესაძლოა, ეს ძალისმიერი მეთოდით მოხდეს.

„რეგიონში მიმდინარე რუსეთის აგრესია როგორც რისკებს ზრდის, ასევე ყოველი ასეთი კრიზისი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა აჩენს ახალ შესაძლებლობებს. მთავარია სწორად დავინახოთ და მივუდგეთ. ამ ომის შედეგად ერთი ასეთი შანსი შეიძლება გაგვიჩნდეს დაჩქარებული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მეორე ასეთი შესაძლებლობა კი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება - ან ორივე ერთად. მეორე საკითხს რაც შეეხება, მიდის ხოლმე მსჯელობა, როგორ შეიძლება მოხდეს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ჩვენს აფხაზ ძმებს აქვთ შეგრძნება, რომ შესაძლოა ეს მოხდეს ძალისმიერი მეთოდით. ქართულ რეალობაში ასეთი უწყინარი მსჯელობის დროსაც კი, საკითხზე, რომ ლეგიტიმური უფლება გვაქვს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია მოვახდინოთ (რაც ნამდვილად ასეა) ხდება დიდი ინტერპრეტაცია. ისეთი სიმაღლიდან პასუხობენ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები, ისე ძაბავენ იქაურ საზოგადოებას, გვგონია, რომ ამ მიმართულებით მსჯელობისას ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს იდენტობის გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპა, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეების - აფხაზებისა და ოსების იდენტობის გადარჩენის და განვითარების უალტერნატივო გზა არის ევროპული საქართველო, რომელსაც მათთან ერთად შევქმნით. არანაირი ძალისმიერი და მათთვის უსაფრთხოების რისკების შემქმნელი ნაბიჯების გადამდგმელები არ ვართ, ეს გზავნილი მათთან ძალიან სწორად უნდა მივიტანოთ. როდესაც ეს დრო დადგება, მათ ამის სწორი შეგრძნება უნდა ჰქონდეთ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა