საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავებული ცვლილებების საფუძველზე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავებული ცვლილებების საფუძველზე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.

როგორც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფის 6 შეხვედრის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ „კონსენსუსისთვის აბსოლუტურად კარგი ველი იყო“.

ქადაგიშვილი ასახელებს ცვლილებებს, რომლის განხორციელებაც საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით იგეგმება და აცხადებს, რომ მუშაობის დროს კარგად გამოჩნდა, პარლამენტის ხელში რამდენი მაკონტროლებელი მექანიზმია.

„მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ გაიზრდება პარლამენტში მთავრობის მოსვლის სიხშირე და ეს აისახება ინტერპელაციის მექანიზმში. თუ აქამდე 4 ინტერპელაცია იყო გათვალისწინებული, ახლა ყოველ თვე, გარდა ივნისისა და დეკემბრისა, პარლამენტის სესიების მიმდინარეობისას ჩატარდება ინტერპელაცია. ივნისში პრემიერი ისედაც ყოველწლიური მოხსენებით მოდის, დეკემბერში კი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა, რომელიც თავისი შინაარსით მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას წარმოადგენს.

ასევე ყურადღება იქნა დათმობილი დეპუტატის შეკითხვაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით რამდენიმე შენიშვნა იქნა გაზიარებული. 15-დღიანი ვადა მცირდება 10 სამუშაო დღემდე, როდესაც თანამდებობის პირი ვალდებულია, უპასუხოს დეპუტატს. თუ ამ ვადაში არ ესწრება, უნდა მოითხოვოს არგუმენტირებული წერილით ვადის გაგრძელება. ასევე, ჩვენი კომიტეტი ვალდებულებას იღებს, რომ მოხდება პროაქტიული მონიტორინგი - სამ თვეში ერთხელ იქნება შესწავლა, რა სურათი გვაქვს დეპუტატის შეკითხვის პასუხთან დაკავშირებით და ამ საკითხის განხილვა მოხდება როგორც ბიუროზე, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები. ამ კუთხით იქნება მაღალი ზედამხედველობა მთავრობაზე. ამავდროულად, ყოველწლიურად ყველა მინისტრი ვალდებულია სამთავრობო პროგრამის შესრულება წარმოადგინოს.

აქაც შესულია რამდენიმე ცვლილება, რაც არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მოთხოვნაც იყო - 5 დღით ადრე, სანამ მინისტრი ანგარიშით წარდგება, ვალდებული იქნება, პარლამენტის წევრებს თავისი ანგარიში წერილობითი ფორმით წარუდგინოს.

საკომიტეტო მოსმენის კუთხით გვაქვს უნიკალური მექანიზმი, ანუ ყველა ფრაქციას შეუძლია თავისი მოთხოვნის საფუძველზე თანამდებობის პირი დაიბაროს კომიტეტის სხდომაზე, აქაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნა შემოღებული. ამის რეალიზება ხდება კომიტეტის თავმჯდომარის წერილობით მოთხოვნის საფუძველზე. აქ ვადები არ იყო განსაზღვრული და შეიძლებოდა ეს პროცესი ერთი თვითაც გაწელილიყო. ამიტომ ჩადებული იქნა კონკრეტული ვადა - კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია, 3 დღის ვადაში მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე. აქაც დაწესებული იქნება პროაქტიული მონიტორინგი. 3 თვეში ერთხელ შესწავლილი იქნა, როგორ ხდება თანამდებობის პირების მხრიდან ამ ვალდებულების აღსრულება.

ამავდროულად ყურადღება დაეთმო თემატური მოკვლევის საკითხებს. მთელი რიგი პროცედურული საკითხების დახვეწა მოხდა. მაგალითად, თემატური მოკვლევის ვადა არის განსაზღვრული. თემატური მოკვლევის წამოწყება გაადვილებულია - აღარ სჭირდება სიით უმრავლესობის მხარდაჭერა და მოხდება ჩვეულებრივი უმრავლესობით მხარდაჭერით. თემატური მოკვლევის საკითხი შეიძლება დადგეს პლენარული სხდომაზე პირველი მოსმენის წესით“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს