ევროპარლამენტარები ერთი და იმავეს გვიმეორებენ ამდენი ხანია, უნდა დასხდეთ და იმუშაოთ ერთად - ისიც ითქვა, ხელისუფლებას ისინი ვერ შეცვლიან ჩვენს ნაცვლად, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თავად იმ კანონპროექტებსაც განიხილავს, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი წარმოადგენს, თუმცა, მთავარია, რომ მუშაობა ერთობლივად წარიმართოს და ევროპარლამენტარების კრიტიკა სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო, რომ ოპოზიცია სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს.
"უხერხულადაც ვგრძნობ ხოლმე თავს უკვე ამ შეხვედრაზე, რადგან ეს ადამიანები ჩამოდიან და ერთი და იმავეს გვიმეორებენ უკვე ამდენი ხანია, რომ უნდა დასხდეთ, იმუშაოთ ერთად. მე არ მიმეორებენ, მაგრამ იმათ გასაგონად ამბობენ, ვინც ამ ყველაფერზე უარს ამბობს - სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე და ა.შ. დღეს გაიხსენეს მათ შორის, პარლამენტში შემოსვლის ამბები და თქვეს, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, როცა ოპოზიცია ასე ნაწილ - ნაწილ შემოვიდა პარლამენტში და არ იყო ერთიანი. ხან მოფერებით თქვეს, ხან მკაცრად, რომ თუ ხარ პარლამენტში და მანდატი გაქვს, უნდა იმუშაო, სამუშაო ჯგუფებშიც უნდა იყო და ყველგან უნდა იყო.
ესეც ითქვა კი, რომ ისინი ვერ შეცვლიან ხელისუფლებას, ეს სწორია, ვინ უნდა შეცვალოს? - ხალხმა. კონტექსტი იყო - რომ თქვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული, ჩვენ ვერ შევცლით თქვენს ნაცვლად ხელისუფლებას, თქვენ უნდა იყოთ აქტიურები, იმუშაოთ და თქვენ უნდა შეცვალოთ ხელისუფლება", - განაცხადა იოსელიანმა.