მინდა ადამიანურად ვუთხრა ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს და პოლიტიკის მიღმა მყოფ ადამიანებს, ვინც გუშინ ცინიზმით და ქილიკით საუბრობდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობაზე და სამწუხაროდ, დიდი იმედით ელოდა გუშინდელი დღის ტრაგიკულად დასრულებას, ჩაიხედონ საკუთარ გულში და ყველაფერს ნუ იყენებენ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ამოცანებისთვის, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმურა ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მომხდარ თავდასხმას.
დეპუტატი პოლიციას წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მახდლობას უხდის.
„მინდა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სახელით მადლობა გადავუხადო შს მინისტრს და ქართულ პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას გუშინ, ქუთაისში წარმატებული და ეფექტიანი საპოლიციო ღონისძიებისთვის, რის შედეგადაც დამანაშავე დაკავებული და ყველა მძევალი არის გათავისუფლებული. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პოლიციის საქმიანობაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებით ვახტანგ გომრლაურის ლიდერობის და მენეჯმენტის პირობებში დამკვიდრებულია ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი პროფესიული სტანდარტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებას იმას, რომ ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობის, უპირველეს ყოვლისა მისი ღირსების და ყველა ფუნდამენტური უფლების განუხრელი დაცვა, რასაც წარამატებით ახორციელებენ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები. რა თქმა უნდა, ასევე მინდა ადამიანურად ვუთხრა ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს და პოლიტიკის მიღმა მყოფ ადამიანებს, ვინც გუშინ ცინიზმით და ქილიკით საუბრობდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობაზე და სამწუხაროდ, დიდი იმედით ელოდა გუშინდელი დღის ტრაგიკულად დასრულებას, ამ ადამიანებმა ჩაიხედონ საკუთარ გულში და ყველაფერს ნუ იყენებენ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ამოცანებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა გენერალ გომელაურს და მისი ხელმძღვანელობით ჩვენ ღირსეულ საამაყო, სახელოვან და პროფესიონალ პოლიცილებს“, -განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეგახსენებთ, 20 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია დააკავა.
უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.