ლევან იოსელიანი - სამუშაო ჯგუფებზე დისკუსია საბავშვო ბაღის გართობას დაემსგავსა, რასაც პარტნიორები სერიოზულად აღარ უყურებენ - ის ხალხი ვერ იგებს ფრაზებს: „მე მას არ დაველაპარაკები“, „მასთან ერთად ოთახში არ შევალ“

სიმართლე გითხრათ, ეს დისკუსია, რომელიც სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, საბავშვო ბაღის რაღაც გართობას დაემსგავსა და ამას, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორები, სერიოზულად აღარ უყურებენ , - ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებასა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ „ბაზისურ მიდგომებს“.

ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოში მყოფმა ევროპარლამენტარებმა ოპოზიციის ნაწილს, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობენ, პირდაპირ უთხრეს, რომ საკითხები, რომელზეც მუშაობენ, სამუშაო ჯგუფებში უნდა გააჟღერონ და იქ უნდა შეეცადონ შედეგის მიღწევას.

„მე მქონდა გუშინ შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტის წევრებთან და მათ ძალიან გახსნილად, პირდაპირი ტექსტით, ყოველგვარი დიპლომატიური ენის გამოყენების გარეშე უთხრეს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომ თქვეს რომ არ მონაწილეობთ ჯგუფებში, ეს არ არის სწორი, ეს უთხრეს ძალიან პირდაპირ, რომ თქვე უნდა იყოთ ამის მონაწილე და საკითხები, რომელზეც თქვენ მუშაობთ, ამ ჯგუფებში უნდა გააჟღეროთ და იქ უნდა შეეცადოთ შედეგის მიღწევას.

ოპოზიციის ეს ნაწილი როცა გამოდის და მერე კომენტარებად იღვრება, იქ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, როცა ევროპარლამენტარებს ველაპარაკებით იმიტომ, რომ ისინი ეუბნებიან, ჩვენ არ გვესმის, როცა გაქვს მანდატი, ხარ პარლამენტის წევრი, ხომ მუშაობთ ამ შენობაში? რატომ არ მონაწილეობთ იმაში, რაც მიგიყვანთ თქვენ ევროკავშირის წევრობამდე და რა აზრი აქვს ცალკე რაღაცის კეთებას, თუ რასაც ცალკე აკეთებ ისევ აქ უნდა მოიტანო, ბარემ თავიდანვე მოიტანე, თავიდანვე მიიღე მონაწილეობა, რომ ეს პროცესი არ დააზიანო. ევროპული კულტურა და ის ხალხი, ვინც იქიდან ჩამოდის, ვერ იგებს ასეთ ფრაზებს: „მე მას არ დაველაპარაკები“; „მასთან ერთად ოთახში არ შევალ“; „არ დავჯდები სალაპარაკოდ“; „ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს“ ასეთი რაღაცები იმ ხალხს არ ესმის.

ჩვენ გვითხრა ევროკავშირმა, „აგერ თორმეტი პუნქტი, დასხედით, კი არ დამეგობრდეთ, ერთმანეთზე პოლიტიკურად კი არ იქორწინოთ, უბრალოდ დასხედით , ილაპარაკეთ, რაღაცაზე ვიცით, რომ ვერ შეთანხმებით, რაღაცაზე უნდა შეთანხმდეთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, თუკი საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, პასუხისმგებლობა „ქართულ ოცენბასთან“ ერთად დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც არ მიიღეს სამუშაო პროცესში მონაწილეობა.

„მათთან ერთად გაიზიარებენ პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ მე კი არ ვთხოვდი, რომ შემოსულიყვნენ ან ირაკლი კობახიძე კი არ სთხოვდა, რომ შემოსულიყვნენ, ევროკავშირმა არაერთხელ უთხრა, მათმა წარმომადგენლებმა არაერთხელ უთხრეს, რომ შედით ამ ჯგუფებში თუ გინდათ, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და პასუხობდეს იმ სტანდარტს, რა სტანდარტითაც ჩვენ უნდა მოგანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს ხელისუფლების ბრალი, რა თქმა უნდა, იქნება, მასზეა მთავარი პასუხისმგებლობა, მაგრამ მასთან ერთად უნდა გაიზიარონ იმ პარტიებმა, რომლებმაც ამ პროცესის საბოტაჟირება მოახდინეს, გაემიჯნენ და დააზიანეს ეს პროცესი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანმა გადაცემაში ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის პოზიცია გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც ისინი სახალხო დამცველის იმ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ.

იოსელიანის თქმით, არასამთავრობო სექტორი მისთვის უპირობო ავტორიტეტი არ არის.

„კანდიდატი არ ვიცით და წინასწარ დავუჭირო მხარი რახან არასამთავრობო ასახელებს? მე არ მაქვს ასეთი ფანატიკური დამოკიდებულება არასამთავრობოების მიმართ, მე ვფიქრობ, ისინიც უშვებენ შეცდომებს და ვაკრიტიკებ ხოლმე, როდესაც უშვებენ შეცდომებს და იმასაც ვუშვებ, რომ მათი კანდიდატები არ პასუხობდნენ იმ სტანდარტებს, რომელიც უნდა იყოს სახალხო დამცველისთვის შესაფერისი. წინასწარ რატომ არის მოცემულობად, რომ ვიღაცის აზრი არის სწორი, ეს ჩემთვის არის გაუგებარი. მით უმეტეს, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არასამთავრობო სექტორი არ იღებს, ჩვენ ვიღებთ, პოლიტიკური პარტიები. მე არ ავიღებ არავისზე პასუხისმგებლობას, თუ იმ ადამიანს არ დავისვამ წინ და არ დაველაპარაკები, არ გამოვკითხავ, რა იცის ადამიანის უფლებების შესახებ, რა გამოცდილება აქვს, რეპუტაციას ვიკითხავ მისას. ამ ქვეყანაში ჩემთვის უპირებო ავტორიტეტი არასამთავრობო ორგანიზაცია კი არა, არავინ არ არის. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო