ამირან გამყრელიძე - თანამდებობის დატოვებას ვფიქრობდი, თუმცა ორი-სამი წლის შემდეგ, როცა ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში პირველად საუბრობს გადაწყვეტილების დეტალებზე. რატომ წავიდა, მიიღო თუ არა საჯარო სექტორში დარჩენის შეთავაზება, რას საქმიანობს ახლა, რა ხარვეზები დაინახა პანდემიის მართვისას და როგორ აფასებს ჯანდაცვის მინისტრის პოლიტიკას - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძე ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ბატონო ამირან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითქმის 10-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, დაახლოებით 1 თვის წინ მიიღეთ გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. თავდაპირველად გვითხარით, რას საქმიანობთ ახლა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დატოვების შემდეგ?

- ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით ვსაქმიანობ. ვაჯამებ ამ 10 წლის მოღვაწეობის შედეგებსა და გამოცდილებას რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის, რაც ვფიქრობ, შესაძლოა, მომავალში გამოადგეს ცენტრისა და დარგის ხელმძღვანელობას თუ რა თქმა უნდა, მათთვის მისაღები იქნა. რამდენიმე უნივერსიტეტი დამიკავშირდა და შემომთავაზა, გავიხსენო ძველი გამოცდილება და ლექციები წავიკითხო. ვამზადებ ისეთ ლექციებს, როგორიც არის მაგალითად: „3 წელი კორონავირუსთან ერთად გლობალურად და ჩვენთან“, „ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებები, გამოწვევები და მიღწევები დამოუკიდებლობის პერიოდში ( ბოლო 30 წელი)“. ასევე, სერიოზულ მიმოხილვას, პუბლიკაციას ვამუშავებ ყველაზე დიდი პროგრამის, „С ჰეპატიტის“ ელიმინაციის შესახებ, როგორ იწყებოდა, როგორ განვითარდა, რა არის კიდევ გასაკეთებელი, რომ საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ამ დაავადებას. სამედიცინო განათლებისა მეცნიერების განვითარების ჩემეული ხედვა და სხვა.

განვაახლებ ლექციათა ციკლს გლობალურ ჯანმრთელობაში, რომელსაც ვკითხულობდი რამდენიმე უნივერსიტეტში საქართველოსა და ნორვეგიაში. ჯერ კიდევ ვარ კონსულტანტად და მრჩევლად რამოდენიმე საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში. ამ ეტაპზე, ამ თემებით ვარ დაკავებული. ვალაგებ და სისტემატიზაციაში მომყავს ის ძალიან ბევრი ქაღალდი და ელექტრონულ ფაილი, რაც თან წამოვიღე.

- რაც შეეხება თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს, საზოგადოება თქვენს წერილობით განცხადებას კი გაეცნო, მაგრამ ამ კუთხით კითხვები მაინც რჩება, მით უფრო, რომ მედიაში არაერთი ინფორმაციაც გავრცელდა. ნაწილი ფიქრობს, რომ წასვლა თქვენი შვილის საკმაოდ კრიტიკული პოზიციის და პოსტების გამო მოგიწიათ, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თანამდებობის დატოვებას საფუძვლად ედო უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. შეგიძლიათ გულწრფელად გვითხრათ, რა იყო წასვლის რეალურად მიზეზი, რადგან თქვენ არ წასულხართ მაშინაც კი, როდესაც პანდემიისცხელი პერიოდისდროს საზოგადოების ნაწილი თქვენს გადადგომას ითხოვდა...

- გასაგებია, რომ პრესას ყოველთვის სკანდალური ინფორმაცია აინტერესებს. ამის აპელირება ხდება ხოლმე. ალბათ, არ არის ამის დრო, რომ სრულად გულწრფელად მოგახსენოთ წასვლის მიზეზი.

გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი/ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, ასეა ნათქვამი ხომ? არაფერი უჩვეულო არ არის, მსგავსი განმეორდა რამოდენიმე ქვეყანაში. შეგიძლიათ იხილოთ აგვისტოში „შპიგელში“ პროფესორ დროსტენის (შარიტეს უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ვინც იყო გერმანიის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი პანდემიისას), დრ, ანდერს ტეგნელი, შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი და შვედური პანდემიური პასუხის არქიტექტორი, ყველასთვის კარგად ცნობილი ენტონი ფაუჩი და კიდევ სხვები. გასაგებია, მე მათ არ ვედრები, მაგრამ გარკვეულ პარალელებს ნახავთ და შეგიძლიათ თქვენ თვითონ გამოიტანოთ დასკვნები. პანდემია ომია და ომში როცა მიდიხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო ყველაზე უარესისთვისაც. თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს. მთელი ჩვენი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურებით, მის განვითარებასა და წინსვლას და გეტყვით, რომ პატარა წვლილი შეგვაქვს. ასე გავიზარდე მე და ასე გავზარდე ჩემი შვილები. ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამაში გასაკვირია არაფერი უნდა იყოს, რადგან ასე ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობის 85%. ასევე დავამატებ, რომ მე მქონდა პოლიტიკური თანამდებობა, რომელიც დავტოვე 2004 წელს და პოლიტიკაში არაფერს ვგეგმავ.

- რაც შეეხება პრემიერთან დაკავშირებულ განცხადებას?

- გიპასუხეთ, რომ მე არავისთან დაპირისპირებული არ ვყოფილვარ, იერარქიას ყოველთვის ვიცავ და ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვქონდა და ვფიქრობ, გვაქვს. საკოორდინაციო საბჭოზე ზოგიერთ საკითხზე წევრებს შორის შესაძლებელია ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველაფერი წყდებოდა კონსენსუსის წესით.

- არ მიგიღიათ არცერთი ოფიციალური თანამდებობის პირისგან შეთავაზება, რომ საჯარო სექტორში დარჩენილიყავით? როგორ შეხვდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად ჯანდაცვის მინისტრი? მან თქვა, რომ თქვენ დამსახურებულ პენსიაზე გახვედით...

- ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა იყო მინიშნება მაღალი ეშელონებიდან, რომ რამეს ხომ არ ვისურვებდი. მე საჯარო სამსახური დავტოვე 1 თვის წინ და დიდი ალბათობით, საჯარო სამსახურს აღარ დავუბრუნდები. მოგეხსენებათ 70 წელს გადავაბიჯე.

რაც შეეხება განცხადებას, რაც გაკეთდა, დელიკატურად რომ ვთქვა, ალბათ, ცოტა კორექტულობა აკლდა. მინდა დავიჯერო, რომ უფრო იმპულსური იყო. მე თვითონ გახლდით მინისტრი და ჯანდაცვის არცერთ მინისტრზე ცუდი არაფერი მითქვამს არასდროს და არც დღევანდელ მინისტრზე ვიტყვი რაიმეს, თუმცა იმ გამოთქმაში ცოტა მეტი კორექტულობა იყო საჭირო. მე 10 წლის წინ სხვა, საერთაშორისო დაგროვებითი პენსია დამენიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციში მუშაობის გამო, ამიტომ სახელმწიფო პენსიას ვერ მივიღებ. სხვათა შორის, პენსიაზე რომ უნდა გავსულიყავი, სწორედ მაშინ, 2012 წელს შემომთავაზეს ხელმეორედ ჯანდაცვის მინისტრობა.

- დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან თქვენი წასვლის შემდეგ, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა ეჭვები, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ვიცით, რომ რუსეთს ძალიან არ მოსწონს ჩვენთან ამერიკული ლაბორატორიის ფუნქციონირება. ვიცით ისიც, რომ საქართველოს მთავრობას, რბილად რომ ვთქვათ, არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს რუსეთთან მიმართებაში. რამდენად უშვებთ და ელოდებით პირადად თქვენ, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის თვალსაზრისით რაიმე ცვლილებებს ჰქონდეს ადგილი - აქვს საფუძველი ეჭვებს, რომ ამ ლაბორატორიასთან მიმართებაში რუსეთის სურვილები შეიძლება იყოს გათვალისწინებული?

- ეს ღმერთმა არ ქნას. ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს საგანძური. მე ამაყი ვარ იმით, რომ 2001-2003 წლებში გარკვეული როლი მიმიძღვის ამ დიდი პროგრამის საქართველოში დაწყებაში, როდესაც მოიაზრებოდა ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა და განვითარება. ყველაზე მთავარია ბოლო 10 წელი, როდესაც ლუგარის ლაბორატორია დაუბრუნდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. გარკვეული პერიოდი მიდიოდა პინგ-პონგის თამაში, ხან ერთი უწყების იყო, ხან მეორესი და ვერ ფუნქციონირებდა. სწორედ 2013 წელს დაუბრუნდა ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და სრულად ამუშავდა. ლუგარის ლაბორატორიამ სერიოზული როლი ითამაშა ქვეყნის ბიოლოგიურ და სამედიცინო უსაფრთხოებაში. ის გახლავთ უნიკალური ლაბორატორია ჩვენი რეალობისთვის, ეს დავინახეთ პანდემიის, „C ჰეპატიტის“ ელიმინაციის და ათობით საერთაშორისო პროექტების განხორციელების დროს. ის გახლავთ დღეს რეგიონული ჰაბი, სადაც ბევრი ქვეყნის წარმომადგელები ჩამოდიან გამოცდილების გასაზიარებლად და ტრეინინგებისთვის. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ჩემი ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ იქმნებოდა და რას აკეთებს ლუგარის ლაბორატორია.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იყო და არის, ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს. ეს ასევე არის რუსეთის „თეთრი“ თუ როგორიც გინდათ დაარქვით, შური. ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი დიდ დამსახურებად მიმაჩნია ამ პროგრამის საქართველოში დაწყებაში მონაწილეობა და ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირება. რაც შეეხება რუსეთის მუდმივ აპელირებას იმაზე, რომ იქ რაღაც კეთდება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოგონილია სხვადასხვა მიზეზის გამო. რუსეთის „ შური“ უკავშირდება შემდეგს: თუ ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისთვის ადრე მოსკოვში, ან ლენინგრადში (სანკტ-პეტერბუგში) ვაგზავნიდით ნიმუშებს, ახლა რატომ არა? ჩვენ შეგვიძლია იმ ტიპის სამეცნიერო-სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება, რასაც რუსეთის ნებისმიერი მაღალგანვითარებული ინსტიტუტი აკეთებს, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც შეგვიძლია. თუნდაც, „С ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათია ყველგან. საქართველო 12 ქვეყანას შორის განიხილება ერთ-ერთ მოწინავე და სამაგალითო ქვეყნად, აქ დიდი როლი აქვს ლუგარის ლაბორატორიას. სწორედ ჩემი ცენტრიდან წამოსვლამდე რამოდენიმე დღით ადრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიანიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრის სტატუსი ჰეპატიტებში, რაც ძალიან მნიშველოვანი აღიარებაა და ლუგარის ლაბორატორიის როლი აქ სერიოზულია. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვფიქრობ, ჭორია, რომ შეიძლება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარი გამოეყოს, ან ისევ მოხდეს მისი რეორგანიზაცია. ასევე სიმართლის ელემენტი არ უნდა იყოს იმაში, რომ შეიძლება ვიღაცას კოჭი გაეგოროს... ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის საგანძურია, პირიქით კიდევ უნდა განვითარდეს. მაისში მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც რამდენიმე ახალი დიდი ინიციატივა-პროექტი განვიხილეთ, რაც საქართველოში უნდა განვითარებულიყო ან დაწყებულიყო, მათ შორის იყო ლუგარის ლაბორატორიის შემდგომი განვითარება. მოგეხსენებათ, ჩვენ იქ გვაქვს გენომიკური სერიოზული კვლევები, რომელიც პანდემიის დროს ძალიან გავაძლიერეთ. დიდი გეგმები გვქონდა ამ მიმართულებით განვითარებაზე. არის შეპირება, რომ ეს განხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელობა ამ პროექტს განახორციელებს. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე არის პრევენციისა და ადამიანის გენომის საუკუნე, გენომზე დამყარებული დიაგნოსტიკის და კვლევების საუკუნე. დარწმუნებული ვარ, გენომის ეროვნული პროექტი ქვეყანაში განხორციელდება, საწყისი ძირითადი ბაზა იქნება ლუგარი. ამ პროექტს სჭირდება მრავალმხრივი მხარდაჭერა.

- თქვენი ხელმძღვანელობის დროს ხომ არ იყო რაიმე ნიშნები რუსეთიდან, გარდა საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა, რომ ლუგარის ლაბორატორიის მუშაობას პრობლემები შეჰქმნოდა...

- ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს, კერძოდ, რატომ გვეხმარებიან ჩვენ ამერიკელები, რატომ არის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ასეთი მჭიდრო... ლუგარის ლაბორატორიასა და ლაბორატორიული ზედამხედველობის პროექტში, რომელიც განხორციელდა, 22 ლაბორატორია შედის, საიდანაც 10 დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის, 12 კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ლუგარი რეფერალია ყველა ამ ლაბორატორიის. ლუგარში მოგეხსენებათ, არის ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე, სადაც ყველა ინსტიტუტს თუ უნივერსიტეტს შეუძლია მუშაობა, ვისაც ექნება პროექტები მე-3 დონის ბიოუსაფრთხოებით. თავისთავად მეცნიერ-ლაბორანტები გადიან სპეციალურ ტრეინინგებს. ლუგარში ადამიანების გადამზადება, სწავლება და სხვა საკითხები ამერიკული და ბევრი სხვა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სამეცნიერო პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს. დიდი ამერიკული პროექტი, რომლითაც ლუგარი შეიქმნა და დასრულდა 2011-ში, 2003 წლიდან ხორციელდება ქვეყანაში. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება. კარგად მოგეხსენებათ აშშ საქართველოს ნომერ პირველი მხარდამჭერი და პარტნიორია.

ტელევიზიაში აჩვენეს, რომ მე აშშ-ს ელჩს ვხვდებოდი, რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, ბევრჯერ შევხვედრილვარ ამერიკის სხვადასხვა ელჩებს. მე მათი მხოლოდ მადლობელი ვარ. ამერიკის და ბევრი ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა დიდად განსაზღვრავს იმას, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აკეთებს. დიახ, ქალბატონი კელი დეგნანი იმყოფებოდა ჩვენთან ისევე როგორც ბევრი ქვეყნის ელჩი. ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ივნისში გვქონდა სპეციალური სხდომა სადაც გახლდათ ქალბატონი ელჩი, ბატონი მინისტრი და მათ ჩვენი სეგმენტი წარვუდგინეთ, თუ რა შედეგი მოიტანა მათმა დიდმა ინვესტიციებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. ამით მხოლოდ ამაყები ვართ, სხვა ყველაფერი რუსეთის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური „პწკენებია“ ქვეყნისადმი.

ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ჟურნალისტების გარდა რუსეთის ყველაზე დიდი ორი ინსტიტუტის დირექტორია ნამყოფი, როდესაც გამოვიდნენ თქვეს, რომ „თეთრი შურით“ გვშურს, რომ ამდენი რამე შეგიძლიათ და ამდენს აკეთებთ. ყველაზე ხშირად გამოდის გენადი ონიშჩენკო, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ვიყავი, ის რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო და მთავარი სანიტარული ექიმი, ხშირად ვყოფილვართ ერთად სხვადასხვა შეხვედრებზე. მან ძალიან კარგად იცის, რასაც ვაკეთებთ ლუგარში, იცის, რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ კეთდება, რასაც აცხადებენ (ბიოლოგიური იარაღი და ა.შ), უბრალოდ ავალებენ, რომ ასე უნდა თქვა. პოლიტიკაა....

- ახლა კი უშუალოდ კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბროთ. თქვენ მონაწილეობას იღებდით არაერთი პროტოკოლის შემუშავების პროცესში. მთელი პანდემიის განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება, რომლის ადრესატიც თქვენ იყავით. კერძოდ ის, რომ არაეფექტურად იმართა პანდემია, გამოიკვეთა ხარვეზები და უფრო მეტიც, შეცდომები. ახლა, როცა პანდემიის პიკმა გადაიარა და საზოგადოებაც დამშვიდდა, რისი თქმა შეგიძლიათ, როგორ მართა პანდემია ხელისუფლებამ? როგორი იყო მთავრობის პოლიტიკა, რამდენად იზიარებდნენ და ითვალისწინებდნენ ჯანდაცვის გუნდის რეკომენდაციებს თუ მითითებებს? რა ნაწილში იყო დამყოლობა, და რა ნაწილში არა?

- რთულია ასეთი შეჯამება ერთ ინტერვიუსა და მოკლე დროში. მე რამდენიმე გზავნილს ვიტყვი მხოლოდ: პირველი - აუცილებელია ქვეყანამ გაანალიზოს პანდემიის ეს სამი წელი, ამას აკეთებს ყველა ქვეყანა. ეს უნდა იყოს აკადემიური, საქმიანი შიდა ანალიზი, თუნდაც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ წინა კვირას გამოაქვეყნდა ლანცეტის კომისიის მიერ შედგენილი 60-გვერდიანი ანალიზი. კომისიას ხელმძღვანელობდა მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ჯეფრი საქსი. ამ ანალიზმა ბევრი დისკუსია გამოიწვია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე იყო ხელის გაშვერა რიგ საკითხებში, რომ დააგვიანეს, ქვეყნები არ იყვნენ პანდემიისადმი მზად, არ იყო კარგი დამყოლობა, საჭირო იყო აქტიური მუშაობა და ასე შემდეგ. ასეთი უნდა გააკეთოს ყველამ. ეს არის ჩემი მთავარი რეკომენდაცია, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მსგავსი აფეთქებები 21-ე საუკუნეში სამწუხაროდ მოსალოდნელია ( ნახეთ ბილ გეითსის ბოლო წიგნი).

მეორე გზავნილია ის, რომ ჩვენ ეს პანდემია ვმართეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და ჩვენში არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა. კორონავირუსის მართვისას ქვეყნისთვის საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. 2020 წლის პირველი ნახევარი წარმატებული ქვეყნების პირველ ხუთეულში ვიყავით, შემდეგ პოლიტიკურმა პროცესებმა, პოლარიზაციამ დაჩაგრა ჯანდაცვა, იყო რამოდენიმე არჩევნებიც, ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესები, აქ არაფერია დასამალი.

პანდემიის მართვისას ჩვენ საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. როდესაც მეკითხებიან - შეიძლება, პანდემია უკეთესად ყოფილიყო მართული? - ჩემი პასუხია, დიახ, შეიძლებოდა. შეიძლებოდა, უკეთესად მართულიყო პანდემია, თუ მეტი სოლიდარობა იქნებოდა, არ მოხდებოდა ამ თემის პოლიტიზება. ჩვენ მოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ პოლიტიკა გადავდოთ გვერდზე და ამ საკითხში მაინც ვიყოთ ერთიანები. ქართველებს გვჩვევია, რომ ერთ ტაიმს ვთამაშობთ კარგად და ორ ტაიმს ვეღარ ვთამაშობთ. 2020 წლის ზაფხულში დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და მოვიგეთ, კოვიდი დავამარცხეთ. ჩვენ სამიზნე 60 პროცენტი რომ აგვეცრა 2021 წლის ბოლოსთვის, დარწმუნებული ვარ, 1500-2000 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავდით. ხშირად ვამბობდი, რომ 500 ადამიანის აცრა 1 გადარჩენილი სიცოცხლეა.

- ყველას კარგად გვახსოვს პრემიერის განცხადება, რომვაქცინა არ მუშაობს“. ამ განცხადების გაკეთებისას, თქვენ ცენტრს ხელმძღვანელობდით და პრემიერის პოზიციის შეფასებას მედიასთან ერიდებოდით. ახლა თანამდებობაზე აღარ ხართ. შესაბამისად, შეგიძლიათ თუ არა, გულწრფელად გვითხრათ თქვენი მოსაზრება, გაზარდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ ვაქცინაციისადმი საზოგადოების სკეპტიციზმი?

- ეს ცოტა გადაჭარბებულია...პრემიერს არ უთქვამს, რომ „ვაქცინა არ მუშაობს“. იყო განცხადებები, რომ ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება კიდევ დაინფიცირდეს, ეს იყო განცხადება და არა ის, რომ, „ვაქცინა არ მუშაობს“.პრემიერის ეს განცხადება არასწორედ იყო ინტერპრეტირებული.

დიახ, ვაქცინამ შეიძლება სრულად არ დაგიცვას ინფიცირებისგან, მაგრამ მაღალი პროცენტით გიცავს ჰოსპიტალიზაციისგან, ინტენსიურში მოხვედრისა და სასიკვდილო გამოსავლისგან. ჩვენს მასალაზე ეს ციფრები ბევრჯერაა გამოქვეყნებული ცენტრის მიმოხილვებში (9 მიმოხილვა დევს ცენტრის ვებ-გვერდზე), აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო გამოცდილებაზე.

სახელმწიფომ 2021 წელს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 5 მლნ დოზა შეეძინა. დღეისთვის დახარჯულია 3 მილიონი. მე იშვიათად ვაკრიტიკებ ვინმეს თუ ძალიან სერიოზული პრობლემაა არ არის, მირჩევნია ჯერ საკუთარ თავზე და ცენტრზე მივიღო დარტყმა და კრიტიკა სანამ სხვაზე ვიტყვი. კიდევ უფრო მეტი საკომუნიკაციო კამპანია უნდა ყოფილიყო, მეტი უნდა გვემუშავა, მეტად უნდა დაგვერწმუნებინა ხალხი, მაგრამ ამას მარტო ცენტრი ვერ გააკეთებდა და ამას ხშირად ვამბობდი. ცოტა ნაწყენი ვიყავი კოლეგებზე, რომ 83%-ზე მეტი არ აიცრა, ექთნების 68%-ზე მეტი არ აიცრა, სწორედ ამიტომ ვიყავი მომხრე სამედიცინო პერსონალში და მასწავლებლებში ე.წ. სავალდებულო ვაქცინაცია შემოღებულიყო, რასაც საკოორდინაციო საბჭო არ დაეთანხმა. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო იმუნიზაციის კამპანია უკეთ ყოფილიყო ორგანიზებული. ეს კრიტიკა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს. დავიწყებ ჩემი თავით, თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, ექიმმა და ექთანმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უწყებებმა, უნდა მიიღოს - ყველას, ვისაც ვაქცინასთან ჰქონდა შეხება, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს საზოგადოებამ.

- ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც თქვენ აქტიურად მოუწოდებდით მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ, თქვენი კოლეგების ნაწილი კი მოსახლეობას ამცრელი კაბინეტიდან გაურკვეველი მიზეზების გამო უკან აბრუნებდა. ხშირად ისმოდა განცხადებები, რომ მოსახლეობისთვის აცრა უსაფრთხო არ იყო. ამ ნაწილში როგორ შეაფასებთ სამედიცინო პერსონალის საქმიანობას? ხომ არ იყო მათთან კომუნიკაციის ნაკლებობა? რა პრეტენზიები, ან შენიშვნები გაქვთ თქვენი კოლეგებისადმი, თქვენ აღნიშნეთ, რომ მათზე ნაწყენიც კი იყავით...

- ალბათ, ეს იმპულსური განცხადება იყო. მე ყველა ჩემი გამოსვლა მადლობით მაქვს დაწყებული. სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლისთვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნის იმ დაუღალავი და 7/24 შრომისთვის ამ სამი წლის განმავლობაში. თუმცა, ჩვენ უფრო მაგალითი უნდა ვყოფილიყავით სხვებისთვის, 83% კი არა 99% უნდა აცრილიყო, ამით უნდა გვეჩვენებინა მაგალითი. ასევე, მაგალითი უნდა ყოფილიყო სხვა ცნობადი სახეებიც. ჩვენ ბევრჯერ გამოვაქვეყნეთ, თუ როგორ იცავს აცრა ინტენსიური თერაპიისგან და გარდაცვალებისგან. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ამოცანაა, რომ ლეტალური გამოსავალი არ დადგეს. სამწუხაროდ, მინიმუმამდეა დასული ყოველდღიური აცრების რაოდენობა, ეს არ არის კარგი. მესამე და მეოთხე დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ სერიოზულად მუშაობს.

- კორონავირუსის მართვის დროს ჩვენ დავინახეთ დაბალი იმუნიზაციის პროცესი, ასი ათასობით გაფუჭებული ვაქცინა, დაკარგული დოზები, ვერ შესრულებული ეროვნული გეგმა, სადაც აცრის სამიზნე მაჩვენებელი რამდენჯერმე შეიცვალა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

- ჟურნალისტებს გახასიათებთ კითხვა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. აქ ერთი არასდროს არ არის პასუხისმგებელი. აქ ყველა ვართ პასუხისმგებელი. მეტი განათლება, მეტი ცოდნა გვჭირდება, იგივე ჩვენი კოლეგების, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების. როდესაც მოსახლეს სჯერა ექიმის, ყოველთვის დაჰყვება მის რეკომენდაციებს. ამიტომ, აქ არ არის ერთი ვინმე პასუხისმგებელი, ჩვენ ყველა ვართ. პანდემია ომია და ომში ერთი ადამიანი ვერ გაიმარჯვებს.

- თქვენც ხომ მონაწილეობდით საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში? 2 თვის წინაც ანალოგიური ვითარება იყო. რა გაკეთდა?...

- საინტერესო კითხვაა... როგორც მოგახსენეთ, საკოორდინაციო საბჭო იწყებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოხსენებით, ასევე მას მოჰყვებოდა რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები კონფიდენციალურია. ალბათ, გავა დრო და ეს რეკომენდაციები გამოქვეყნდება. პირუთვნელი ანალიზი უნდა გაკეთდეს, ამ რეკომენდაციებში რა იყო სწორი, რა დროული და რა არასწორი, რა გაითვალისწინეს და რა - არა. მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. 250-გვერდამდეა ეს რეკომენდაციები, რომელიც ქაღალდზე წერია. დარწმუნებული ვარ, როდესაც პანდემიის ისტორია დაიწერება, დამოუკიდებელი ჯგუფი მას გაანალიზებს. იტყვიან, რომ ცენტრმა და ამირან გამყრელიძემ რაღაც დროს სწორი რეკომენდაცია გასცა, რაღაც დროს არა. ხან ითვალისწინებდნენ, ხან არა.

- უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დაკავებიდან მალევე სისტემაში გარკვეული რეფორმების გატარება დაიწყო, რაც მისივე თქმით, სისტემის გაჯანსაღებას ისახავდა მიზნად. თქვენ დაახლოებით 8 თვე იმუშავეთ ერთად. როგორ აფასებთ მინისტრის ახალ პოლიტიკას, მათ შორის, კოვიდ კლინიკების მკაცრ კონტროლს, გახარჯული თანხების მონიტორინგს. მინისტრის ხედვებიდან რას იზიარებდით და რას არა?

- მე არ მიყვარს, როდესაც ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ. “საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“. ახალგაზრდა კაცია, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სექტორში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მენეჯერული გამოცდილება აქვს. მე ვურჩევდი, რომ ამ განცხადებამდე მადლობა გადაეხადა სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა და ითამაშებს ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მდგომარეობებში, რომელიც ბოლო სამი წელი იყო პანდემიის პირველ ხაზზე. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, კაცმა არ იცის, რა და როგორ იქნება. გასაგებია, რომ უმრავლესობა ვემხრობით, რომ ვირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და იქცევა ენდემურ ვირუსად, შეიძლება მიუახლოვდეს სხვა კორონავირუსებს, რომლებიც საზოგადოებას არ აწუხებენ. მე მაინც მადლობით დავიწყებდი... კოვიდი იგივეა, რაც ომი. რა თქმა უნდა, გამოყოფილი თანხა უნდა გაკონტროლდეს, მისი ხარჯვა უნდა იყოს ხარჯთეფექტური. ის ხარჯები, რაც გამოიყოფა, მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს. აქ ბევრი პრობლემა არსებობს, მინისტრმა ხომ თავად უარყო, რომ ეს მილიარდი არ გაფლანგულა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მას როგორ მინისტრს, მის კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ პანდემიაზე დანახარჯი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით გაცილებით ნაკლებია ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. ციფრებს მინისტრი უფრო ფლობს, პანდემიის დროს ხარვეზები დარწმუნებული ვარ, იყო და იქნებოდა, მაგრამ არ ვფიქრობ ამხელა თანხის გაფლანგვასთან და უყაირათოდ ხარჯვასთან გვქონოდა საქმე.

- მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იმაზე მეტი კლინიკა და საწოლფონდი გვქონდა, ვიდრე ეს საჭირო იყო. მისივე თქმით, 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში იყო გადახდილი...

- ეს რას ნიშნავს, თუ ხანძარი არ არის, ე.წ. მეხანძრეს ფული არ უნდა გადაუხადო?! მთელი მსოფლიო საუბრობს დღეს მზადყოფნაზე. ნახეთ, თეთრი სახლის მზადყოფნის გეგმა როგორია, ჯანმოს გეგმა, ბილ გეითსის ბოლო წიგნი და წინადადებები, დიდი შვიდეულისა და ოცეულის რეკომენდაციები. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთი დიდი აფეთქებები იქნება. გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ბაქტერიებისა და განსაკუთრებით ვირუსების მუტაციას. მზადყოფნა მუდმივად უნდა იყოს. ძალიან დამწყდა გული, როდესაც 2022 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 2021 წელთან შედარებით შეამცირეს. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გააორმაგა. ჯანდაცვა იქცა პოლიტიკურ პრიორიტეტად, საყოველთაო ჯანდაცვით შვება იგრძნო ხალხმა, რაც ბიუჯეტის გაზრდით მოხერხდა. გასულ წელს ბიუჯეტიდან თითქმის 4%-მდე დაიხარჯა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჯანდაცვაზე. ზოგადად ჩვენნაირი ქვეყნისთვის 5-6% მაინც უნდა იყოს საზოგადოებრივი დანახარჯი ჯანდაცვაზე მშპ-თან მიმართებაში, რაც ბიუჯეტის 12-15% არის ხოლმე, ამისკენ მივდიოდით. 2021 პირველი წელი იყო ისტორიაში, როცა საზოგადოებრივმა დანახარჯმა ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში გადააჭარბა ჯიბიდან ამოღებულს (კერძო დანახარჯს). გასაგებია, ეს კოვიდის ხარჯზე იყოს, მაგრამ ამის შემცირება არ შეიძლებოდა, ისევე როგორც არ უნდა მოხსნოდა დანამატი სამედიცინო პერსონალს. გასაგებია, 2022 წელს კოვიდის მიმდინარეობა უმჯებესდებოდა, მაგრამ ეს ფული ჯანდაცვის სხვა საკითხებზე უნდა დახარჯულიყო. ეს გავაჟღერე საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ნუ შევამცირებთ ჯანდაცვის ბიუჯეტს, სწორი გზით მივდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც შემცირდა. დღეს ჯანდაცვას სჭირდება დაფინანსების მატება. სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით ფინანსისტებთან. თუ გვინდა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა იყოს გამართული, ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ის უკიდურესი მიზნობრიობით დაიხარჯოს (სელექტიური კონტრაქტირება). კორონავირუსის გარდა, ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მე ახალ მინისტრს დაახლოებით 15 პუნქტი ჩემი ხედვისა წარვუდგინე.

- გარდა კორონავირუსისა, ვისაუბროთ სხვა ინფექციურ დაავადებებზე, რომელიც, როგორც წესი, შემოდგომის დასაწყისიდან იჩენს ხოლმე ქვეყანაში თავს. მაგალითად, გრიპი. თქვენი პროგნოზით, უნდა ველოდოთ თუ არა გრიპის ვირუსის მორიგ აფეთქებას. როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი, რა რეკომენდაციები გექნებათ მოქალაქეებასთან ამ მიმართულებით. ასევე, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას შეისყიდის სახელმწიფო და კვლავ თუ იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის გარკვეული დოზები უფასო?

- იმ 10 წლის განმავლობაში, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ვხელმძღვანელობდი, მიმაჩნია, რომ იმუნიზაციის პროგრამა კიდევ მეტად აქტიური გავხადეთ. მადლობა იმ უწყებებს, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ. როდესაც მე მივედი, იმუნიზაციის ბიუჯეტი იყო 3-4 მილიონი ლარი, დღეს არის 30 მლნ ლარი. ქვეყანაში შემოდის ბავშვებისთვის საუკეთესო ვაქცინები. მათ შორის, ერთ-ერთი მიღწევაა ის, რომ დავნერგეთ გრიპის საწინააღმდეგო აცრის კულტურა. 2014 წელს 5 ათასი დოზა შემოვიტანეთ, შემდეგ გავაორმაგეთ. ბოლოს ავედით 200 ათას დოზამდე. წელსაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა შევიძინეთ, ოთხ კომპონენტიანი და ვფიქრობ, რომ ხვალ, ზეგ უნდა დაიწყოს აცრები რისკ ჯგუფებისთვის. სასურველია, განსაკუთრებით ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები იცრებოდნენ გრიპის საწინააღმდეგოდ. აცრა არ ნიშნავს, რომ გრიპი არ დაგემართება, შეიძლება დაგემართოს, მაგრამ ის იქნება ძალიან მსუბუქი და არ გართულდება მდგომარეობა, ლეტალური გამოსავალი არ დადგება.

- გარდა ამისა, როგორია თქვენი პროგნოზი, როგორი იქნება წელსტვინდემია“, ისეთი მძიმე, როგორც გასულ წელს, თუ კორონავირუსის ახალი შტამების გათვალისწინებით მსუბუქად გადაიტანს მოსახლეობა? ასევე, შეგვიძლია ამჯერად მაინც ვთქვათ, რომ კორონავირუსი პანდემია დასრულებულია?

- ბოლო რამოდენიმე კვირაა სიტუაცია კიდევ უფრო მშვიდდება, იყო დღეები, როდესაც 1500-2500 შემთხვევა გვქონდა, ამჟამად 1000-ს ჩამოცდა. ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა შედარებით მსუბუქია, კოვიდით სიკვდილიანობა ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. კლინიკებში წევს 700-მდე პაციენტი. გარკვეული ფლუქტუაციები მოსალოდნელია. ეს არის ის სცენარი, რითაც მივდივართ, თუმცა, არის პროგნოზი, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც აცივდება, რესპირატორული ვირუსები გააქტიურდებიან, მათ შორის თავისთავად გრიპი, ამიტომ სასურველია მოსახლეობა აიცრას კოვიდზეც და გრიპზეც. შესაძლებელია კოვიდით ინფიცირების შემთხვევებმაც მოიმატოს. „ჰელსმეტრიკის“ ინსტიტუტის პროგნოზით, სიკვდილიანობა არ უნდა გაიზარდოს. მეორე სცენარია, რომ ეს ვირუსი კიდევ უფრო დასუსტდეს, რაც იდეალურია, მაგრამ მას კიდევ დიდი დრო დაჭირდება, ჩემი გათვლებით მომავალი წლის გაზაფხულის ბოლო-ზაფხული. მესამე კი ცუდი სცენარია, როდესაც შეიძლება გაჩნდეს ახალი ჰიბრიდი - „ომიკრონი“ + „დელტა“, რომელიც მძიმე იქნება. მეცნიერების უმრავლესობა პირველ სცენარს ემხრობიან, რომ ეს პროგნოზი გაგრძელდება მომავალ გაზაფხულამდე.

პანდემია ჯერ დასრულებულად არავის გამოუცხადებია. იცით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, თითქოს პანდემია დასრულდაო (არაოფიციალურად), მაგრამ ჯანმო-ს ჯერ არ გამოუცხადებია, ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა გამოცხადდეს, თუ არა და რა ფორმითა და რა სლოგანით. ბევრი ამას არ ემხრობა, წინ ზამთარია და არავინ იცის რა იქნება. მინდა მთავარი სლოგანი იყოს - „მზადყოფნის რეჟიმი ქვეყანაში“.

- დაბოლოს, როგორ შეაფასებთ თქვენს საქმიანობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში. რა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგით 10 წლის განმავლობაში და თუ დარჩა ის, რისი გაკეთებაც გინდოდათ, მაგრამ ვერ მოასწარით?

- ალბათ, კიდევ ჩავაბარებ საზოგადოებას ანგარიშს, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა ფორმით. ის, რაც გამოქვეყნდა ჩემი მიმართვის სახით ერთ დღეში დაიწერა და არასრულია. გეგმები ბევრი მქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ორი საკითხია. პირველი - მინდოდა ბოლომდე მიმეყვანა “C ჰეპატიტის“ ელიმინაცია, ამას 2-3 წელი სჭირდებოდა. “C ჰეპატიტის“ პროგრამაში 6 მიმართულებაა, საიდანაც 5 მიმართულებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობდა. ეს გვინდოდა მიგვეყვანა ბოლომდე, 700 ათასი ადამიანია დარჩენილი, ვინც გამოსაკვლევია. მე ამაყი ვარ, რომ С ჰეპატიტის“ პროგრამამ უზარმაზარი სარგებელი მისცა საქართველოს მოსახლეობას, 67%-ით შემცირდა ავადობა. ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. მადლობა ეკუთვნის ყველა იმ გუნდსა და პიროვნებას, ვინც ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობდა. მეორე ეს არის საქართველოს გენომის ეროვნული პროექტი, რომლის მყარი საფუძვლები შევქმენით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. იმედი მაქვს ეს განხორციელდება.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო