მამუკა მდინარაძე - გოგაშვილის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს - მისი ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო დააზიანოს

სოსო გოგაშვილის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს - მისი ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო დააზიანოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძისადმი სუს-ის უფროსს ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის პასუხს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გოგაშვილი „აბსურდულ რაღაცებს საუბრობს“.

„ამ ადამიანის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარს ვხედავთ, რაც ნამდვილად არ გამკვირვებია. სასამართლო არ არის მხოლოდ დარტყმის ობიექტი, დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო. ამ ადამიანის შანტაჟის სფერო მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს. მისი ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს იმას, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელის გულზე დევს, მარტივი გასაშიფრია და უჩვეულო ამაში არაფერი ყოფილა. სასამართლოს წარმომადგენელი დაადასტურებდა თუ არა ამას, ისედაც ნათლად ჩანდა, რომ გოგაშვილი აზიანებდა სახელმწიფოს და მის ქმედებებს სხვა მიზანი არ აქვს. ის გადასულია შეტევაზე, თუმცა აბსურდულ რაღაცებს საუბრობს. ჩემთვის წითელი ხაზი ნამდვილად იყო ის, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ მოსკოვში აგზავნიდა რაღაც სიებს შესათანხმებლად. ამას რომ ადამიანი იტყვის, ამის იქით რაც არ უნდა თქვას, უკვე აქ ყველაფერი ნათელია, ხელის გულზე დევს და ასეთ ზღაპრებს, მგონია, რომ ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილიც კი აღარ დაიჯერებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ყოფილი მოადგილე, ბრალდებული სოსო გოგაშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პასუხობს.

ინფორმაციაში, რომელიც გოგაშვილის „ფეისბუქგვერდზეა“ განთავსებული, გოგაშვილი ლევან მურუსიძესთან მის ურთიერთობაზე საუბრობს. როგორც გოგაშვილი აცხადებს, სწორედ მურუსიძე და თავად „ალაგებდნენ“ „ოცნების“ სასარგებლოდ სასამართლო დავების გადაწყვეტის საკითხს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს