თბილისში, ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია ხელმძღვანელობდა, ხოლო მონტენეგროს მხარეს -ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი, ალექსანდარ მაშკოვიჩი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონსულტაციების ძირითად საკითხს საქართველო-მონტენეგროს შორის ევროინტეგრაციის კუთხით არსებული გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
„თეიმურაზ ჯანჯალიამ მონტენეგროელ კოლეგას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი გააცნო, როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
თავის მხრივ, მონტენეგროს სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს ევროკავშირთან მონტენეგროს ინტეგრაციის დინამიკაზე ინფორმაცია გაუზიარა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება მომავალში ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორი ქვეყნის სექტორულ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ფორმატების ჩამოყალიბებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
მხარეებმა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია და მოსაზრებები გაცვალეს.
საუბარი რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის, შავი და ადრიატიკის ზღვების სავაჭრო-სატრანზიტო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს შეეხო.
მხარეები ორ ქვეყანას შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.