კულტურის მინისტრი - ხელოვნების მუზეუმის შენობის კვლევა და გამაგრების პროექტი დასრულდა, მაგრამ ყველა ქართული კომპანია უარს ამბობს ამ პროექტის განხოციელებაზე - დროებით ჩიხში ვართ

ხელოვნების მუზეუმის შენობის კვლევა და გამაგრების პროექტი დასრულდა, მაგრამ ყველა ქართული კომპანია უარს ამბობს ამ პროექტის განხოციელებაზე - დროებით ჩიხში ვართ,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმზე საუბრისას დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მუზეუმიდან ექსპონატთა ევაკუაცია კვლავ მიმდინარეობს.

„ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია გრძელდება. შენობა სავალალო მდგომარეობაშია. ექსპონატების ნაწილი გადატანილია ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობის უკანა კორპუსში, რომელიც 80-იან წლებში აშენდა და მყარია. მისი ნულოვანი და პირველი სართულის რემონტი ჩატრადა. კიდევაა ერთი კორპუსი, რომელიც სრულად გარემონტდა და ფონდები კლიმატკონტროლითაა აღჭურვილი. უსაფრთხობეის სისტემა დავაყენეთ და ექსპონატების დიდი ნაწილი იქ გადადის. ასევე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ კორპუსში გადადის ექსპონატების ნაწილი.

ხელოვნების მუზეუმის შენობის კვლევა და გამაგრების პროექტი დასრულდა, მაგრამ ყველა ქართული კომპანია, ვისაც ვესაუბრეთ, უარს ამბობს ამ პროექტის განხოციელებაზე. მინდა, მოვიდეს ბატონი გოგი ხოშტარია, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ დამთანხმდება რომ ამ პროექტით გაამაგროს ხელოვნების მუზეუმი, ბედნიერი ვიქნები. ლაპარაკი ადვილია, საქმის კეთება ცოტა სხვა რამეა, მინისტრი რომ იყო, ბევრი საქმე არ უკეთებია, ვერ მოასწრო.

დროებით ჩიხში ვართ და გამოსავლის ძიებაში. არსებობს კვლევა, მასზე დაფუძნებული გამაგრების პროექტი, რომელიც სამინისტროს ბიუჯეტს ძვირი დაუჯდა, მაგრამ ამ პროექტის განმახორციელებლი კომპანია არათუ ვერ მოიძებნა, ყველა ქართულმა კომპანიამ განაცხადა უარი. უარის მიზეზი ისაა, რომ 80-მდე ხიმინჯია გასათხრელი და ხელით ჩასასხმელი 25 მეტრის სიგრძეზე. ვინაიდან 2 მეტრში წყალია, ყველა კომპანია ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების პრობლემა შეექმნება და არ აგებს პასუხს სიცოცხლეებზე, რომლებიც უნდა ჩავიდნენ წყალში, 25 მეტრზე და ხელით თხარონ ხიმინჯი. შეიძლება ცოცხალი ადამიანი მუშაობის პროცესში გრუნტით დაიფაროს. ჩვენი კომპანიები, მათ შორის ძლიერ კომპანიები ამბობენ, რომ ასეთი გამოცდილება არ ჰქონიათ. რაც შეეხება ტექნიკით მუშაობას, შენობა არ იძლევა ამის საშუალებას. შესაბამისად, ორი ვარიანტია - ან პროექტი უნდა გადაკეთდეს, რაზეც ალბათ ბატონი გოგი ხოშტარია გაბრაზდება (ოღონდ უბრალოდ გაბრაზდება, გამოსავალი კი არ ექნება) და ამ მამის ტოლ ადამიანს არ ეზარება მოვიდეს და შვილის ტოლა მინისტრზე თქვას გადადექიო? მე დამეზარებოდა. რაც მთავარია, ჩემი გარემონტებული ეროვნული გალერეა მოსწონს და იქ ლექციებს ატარებს. ასე რომ, პროექტმა ან ისეთი ფორმა მიიღოს, რომ ტექნიკით ხიმინჯების გაკეთების საშუალება მოგვეცეს, ან პროექტი უნდა დარჩეს ისე, როგორც არის და ვეძებოთ უცხოური კომპანიები, რომლებიც ჩამოიყვანენ თავიანთ ცოცხალს ძალას, რომლებიც ასეთ პირობებში არიან ნამუშავარი. ის რაც ჩვენს ხელთ იყო, შემუშავებულია. ეს არის ის მინიმუმი რაც შეიძება 2005 წლიდან დავით ლორთქიფანიძესაც გაეკეთებინა, რომელიც ამ მუზეუმების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება საგანძურის ექსპონატებს, წულუკიანი ამბობს, რომ 193 სიწმინდე ახალ სივრცეში გადაიტანეს, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულამდე გაიხსნება.

„გვყავდა ორი იტალიელი ექსპერტი მილანის მუზეუმიდან. ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი, მხოლოდ ამ ორი ექსპერტის სამუშაო, რომელიც ორჯერ იყო ჩამოსული 250 ათასი ლარია. გავამაგრეთ ყველა ხატი და დღეისთვის საგანძურის საექსპოზიციო დარბაზები, რომელიც მრავალი წელია დაკეტილია, ევაკუირებულია 193 სიწმინდეა გადაბრძანებული ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ახალ სივრცეში, რომელიც წარსულში ჯანაშიას მუზეუმს ეკუთვნოდა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა