ეკა გიგაური - პოლიტიკური ამბიციები რომ მქონდეს, ვიტყოდი, ამის პრობლემა არ მაქვს - რა უნდა გავაკეთო, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკოსად არ ჩამთვალოს? გავჩუმდე და არც ერთ პრობლემაზე არ ვილაპარაკო?

პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. რომ მქონდეს, ვიტყოდი, ამის პრობლემა არ გამაჩნია. რა უნდა გავაკეთო, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ ჩამთვალოს პოლიტიკოსად? გავჩუმდე და არ ვილაპარაკო არც ერთ პრობლემაზე? - ასე უპასუხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა "პალიტრანიუსის" გადაცემა თავისუფალ სტუდიაში" ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით საზოგადოებას "პოლიტიკოსი ეკა გიგაური ესაუბრება".

რაც შეეხება "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ეჭვებს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შესაძლოა, საპროტესტო აქციების დაფინანსებაში მონაწილეობდეს, გიგაურის თქმით, ზაფხულში გამართულ აქციაში მათი ორგანიზაციის ფინანსური დანახარჯი მხოლოდ ის პლაკატი იყო, რომელიც მისი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიტანეს, რათა ხელში დაეჭირათ.

"ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და ეს არის ჩვენი "ურთიერთობა". მათ აქვთ შესაძლებლობა წაიკითხონ ჩვენი ანგარიშები და თუ რომელიმე რეკომენდაცია არასწორია, ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ იმის გამო, რომ პასუხი არ აქვთ, უბრალოდ თავს გვესხმიან. რატომ? - ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან მწვავედ იღებენ იმ კრიტიკას, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ბევრი პრობლემა, რომ არ უნდა გვქონდეს მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლო, რომ უნდა იყოს უფრო მეტად სამართლიანი საარჩევნო გარემო და სისტემა, ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა ხდება არჩევნების წინ, როგორ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციაზე, რაც რა თქმა უნდა, არ მოსწონთ...

რაც შეეხება მაქვს თუ არა პოლიტიკური ამბიციები - არ მაქვს. რომ მქონდეს, ვიტყოდი, ამის პრობლემა არ არის. თვითონ ის, რომ ჩვენ ვცდილობთ, ხელისუფლების გარკვეული პოლიტიკა შეიცვალოს, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებაში, არჩევნებთან მიმართებაში, კორუფციასთან მიმართებაში, მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიღებასთან დაკავშირებით, კი, ეს ფაქტია, ამას ვაკეთებთ და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამითაა დაკავებული.

რა უნდა გავაკეთო, რომ არ ჩამთვალონ პოლიტიკოსად? გავჩუმდე და არ ვილაპარაკო არც ერთ პრობლემაზე?..

რომელ პოლიტიკურ აქციაში ვიყავით ჩართული? ჩვენ 20 ივლისის აქციებში ვმონაწილეობდით და ასევე, ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდის აქციებში - პოლიტიკური არც ერთი ყოფილა. რა იყო ჩვენი ფინანსური წვლილი ბოლო აქციებში? - ალბათ, პლაკატი, რომელიც მივიტანეთ ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომ ხელში დაგვეჭირა. ამ აქციების მიზანი იყო ბრძოლა რუსული პროპაგანდისა და გავლენების წინააღმდეგ. ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი მიზნები - ჩვენი ორგანიზაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. ეს არის აბსოლუტურად გაცხადებული მიზანი. ეს ჩვენმა ყველა დონორმა იცის და ჩვენი ყველა დონორი, პრინციპში, ისედაც ეხმარება მთავრობას, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების ოჯახის წევრი", - განაცხადა ეკა გიგაურმა და კითხვაზე: რა იგულისხმება იმაში, რომ მათი ორგანიზაცია ამ მიზნის მიღწევისთვის "ყველაფერს გააკეთებს", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: "რეფორმები, დემოკრატიული რეფორმები".

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებს და ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ მათი შემოსავლები გაუმჭვირვალეა, გიგაურის თქმით, რა რეგულაციაც არ უნდა შემოიღოს "ქართულმა ოცნებამ", მას და მის ორგანიზაციას ეს "არ გააჩერებს და არ შეაშინებს".

"დაფინანსების საკითხზე ხელისუფლებაში რას აპირებენ არ ვიცი. რასაც საჭიროდ ჩათვლიან, გააკეთონ. ჩვენ ეს არ გაგვაჩერებს და ჩვენ ეს არ შეგვაშინებს. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ფინანსების შესახებ მონაცემებს იღებენ ჩვენი ვებ-გვერდიდან და შემდეგ ამბობენ, რომ არ არის გამჭვირვალე.დონორები არ დაგვაფინანსებდნენ, ჩვენი ანგარიშები რომ გამჭვირვალე არ იყოს. ასე რომ, ხელისუფლების განცხადებები უკავშირდება იმას, რომ პარტნიორები ეხმარებიან ქართველ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს მთავრობის მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებს - მთელი ჩვენი რესურსი მიდის იმაზე, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლდნენ, ვისაც მიწის ნაკვეთებს ართმევენ ან ჩაგრავენ სხვა მიმართულებით. დონორები სწორედ ამაში გვაძლევენ ფულს, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გარდა ამისა, გიგაურმა განმარტება გააკეთა მის მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ იმ განცხადებაზეც, რომელშიც აღნიშნავდა, რომ "მთავრობა დაინტერესებულია ხალხი სიღარიბეში აცხოვროს, რადგან მოქალაქეებით მანიპულირება ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივია". გიგაურის თქმით, მისი ეს განცხადება პოლიტიკური შეფასება კი არა, ფაქტია.

"არ იყო პოლიტიკური. როცა ღარიბია ხალხი და როცა არ აქვს განათლების მაღალი დონე, რა თქმა უნდა, მათი მანიპულაცია არის უფრო მარტივი. ჩვენ არჩევნების წინ ვუყურებთ, რამდენად ხშირად ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა და ეს მოსყიდვა ხდება მარტივი პროდუქტების დარიგებით, მილიონებს არ ურიგებენ ხომ? ამიტომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მე დავდივარ რეგიონებში და ვხედავ, რომ ხალხი ღარიბია, უკიდურესი სიღარიბეა, მოქალაქეები მიდიან ქვეყნიდან, რადგან ხელისუფლება დაკავებულია სხვა რამით - როგორ დაესხას თავს ელჩს, როგორ დაესხას თავს არასამთავრობო სექტორს", - დასძინა ეკა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო