ვალერი ჩეჩელაშვილი - კიევში განსახორციელებელია საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მაინც ვიზიტი, რათა ეს ფურცელი გადავშალოთ და დავარწმუნოთ უკრაინა, ელჩი დანიშნოს

ძალიან კარგია, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მასთან ერთად ვართ. ეს განცხადება კარგია, მაგრამ ვფიქრობ, ამას მხოლოდ განცხადებები არ შველის, საჭიროა ქმედებები და პირველ რიგში, ჩვენი ქმედებები რამშტაინის ჯგუფის ფარგლებში. ჩვენ იქ მონაწილეობას ვიღებთ, მაგრამ რეალურად რამშტაინის ჯგუფში დახმარებას ჩვენ უკრაინას არ ვუწევთ, - ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაეროს 77-ე სესის დებატებში განეკთებულ განცხადებას, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინიდან საქართველოში შემოსული ლტოლვილების დახმარებას და ა.შ. როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, ასეთი დახმარება კარგია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დახმარებაში „ლომის წილი“ საკუთარი ინიციატივით გაწეულია საქართველოს მოსახლეობის მიერ, ასევე კერძო კომპანიების მხრიდან და ა.შ.

„რაც შეეხება რამშტაინის ჯგუფს, ნახეთ, როგორი წინააღმდეგობრივი ვითარება იქმნება, თითქოს ჩვენ წევრი ვართ და კარგია, რომ ამ ჯგუფს შევუერთდით, სხვათა შორის მის შემადგენლობაში თავიდანვე უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ვინაიდან ჯგუფში ვმონაწილეობთ, ჩვენ შეგვიძლია დღეს უკვე ხელშესახები დახმარება გავუწიოთ უკრაინას. გასაგებია ის პოლიტიკა, რაც მმართველ გუნდს აქვს, მაგრამ რაც ეხება ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებს, სამედიცინო დანადგარებს, საველე ჰოსპიტლებს და ა.შ. ამის მიწოდებას წინ არაფერი უდგას და ვფიქრობ, ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელი და დროულია, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ასეთი დახმარება უკრაინას საერთოდ აღარ დასჭირდება“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მისი თქმით, თუ საქართველო უკრაინას მართლა უდგას გვერდით, ასეთ შემთხვევაში, კიევში მაღალი დონის ვიზიტი გადაუდებლად არის განსახორციელებლი მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მაინც.

„განსახორციელებელია საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მაინც ვიზიტი კიევში, რათა ეს ფურცელი ჩვენ გადავშალოთ და ამის შედეგად დავარწმუნოთ უკრაინა - დანიშნოს ელჩი. ამის მოლოდინი დღესდღეობით არ მაქვს, თუმცა იმედის რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა, ვინაიდან გაეროში მოხდა ასევე მნიშვნელოვანი ამბავი. სუამის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელი მოეწერა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს. მასში მონაწილეობდა ოთხივე საგარეო საქმეთა მინისტრი. ვიმედოვნებ, რომ ილია დარჩიაშვილს საშუალება ჰქონდა დიმიტრი კულებასთან გაემართა ასევე ორმხრივი კონსულტაციები, რის შედეგადაც შეიძლება ეს ნაბიჯი გადაიდგა. ყოველ შემთხვევაში, ეს იქნებოდა დღეს ძალიან ლოგიკური“,- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

მისი თქმით, ასევე კარგი იქნებოდა ვაშინგტონში მაღალი დონის ვიზიტები განხორციელებულიყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, მაგრამ ამ ვიზიტების განხორციელების წინაპირობებს ვერ ხედავს.

„ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ ვცდებოდე. თუ ეს განხორციელდა ძალიან კარგი იქნება. სამწუხაროდ, ამას არ ველოდები იმიტომ, რომ დღეს, საქართველოში სამწუხაროდ, ისეთი ფონია შექმნილი კელი დეგნანის მიმართ. ასევე, ელჩ დეგნანის საქმიანობის ვადა იწურება და როცა ამოწურავს, ისღა გვაკლია მივაძახოთ, წასულ ელჩს გზაში მივაწიოთ ის გამონათქვამები, რაც ვაკადრეთ კარლ ჰარცელს. აბსოლუტურად გაუგონარი, არადიპლომატიური, არაადამიანური, არაპროტოკოლური, არანაირ ჩარჩოებში რომ არ ჯდება ისეთი განცხადებები. დღეს, სამწუხაროდ, ამ ფონის გათვალისწინებით, მე ვიზიტს განხორციელებას ვერ ვხედავ. თუ შედგა ვიზიტი, თუ ამაზე საქართველოს მთავრობა მუშაობს და ეს შეძლო, ეს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა