ბრალდებული დეტექტივის საქმეზე, რომლის გასროლილ ტყვიასაც 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ძველი თბილისის პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსი იკითხება

ბრალდებული დეტექტივის საქმეზე, რომლის გასროლილ ტყვიასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი იკითხება. სწორედ ის იმყოფებოდა შემთხვევის დღეს ბრალდებულ ერიკ წურწუმიასთან ერთად სამსახურეობრივი მანქანით.

ქვაჭრელიშვილმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე და რატომ გადავიდა მანქანიდან მისი მეწყვილე ერიკ წურწუმია მარტო.

"ტერიტორიაზე სამსახურეობრივ მოვალეობას მე და ერიკ წურწუმია სამსახურეობრივი ავტომანქანით ვასრულებდით. საჭესთან მე ვიჯექი. ტელეფონზე შემოვიდა ზარი, გიორგი ბოჟაძემ, თანამშრომელმა დამირეკა. მითხრა, რომ წყნეთში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ბავშვს ვასეირნებ და ერთ-ერთი მოქალაქე ხის ძირთან რაღაცას იქექება, სავარაუდოდ, ნარკოტიკს ეძებსო. ეს ყველაფერი არაარეალურად მიგვაჩნდა, გაშლილი ადგილი იყო და იქ ნარკკტიკს არ დადებდნენ და მის ქექვას არ დაიწყებდნენო, ვთქვით.

ავტომობილი გავაჩერე ისე, რომ ძალიან ახლოს არ ყოფილიყო. ვნახეთ, რომ პიროვნება მართლაც ჩამუხლული იქექებოდა. ერთად გადავიდეთ-მეთქი ვთქვი, მაგრამ წურწუმიამ თქვა, მაშინვე მიხვდება, რომ პოლიციელები ვართო და მხოლოდ ის გადავიდა. წუწრუმია რომ გაჩერდა, იქვე მდგარი ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადავიდა და ერიკთან მივიდა, არ ვიცი, რა დიალოგი ჰქონდათ... სამსახურში დავრეკე, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოსულიყვნენ, 300-400 მეტრში, ვუთხარი რომ შეიძლებოდა ღონისძიება ჩატარებულიყო. ჯიხურიდან მოხუცი კაცი გამოვიდა, გარდაცვლილთან კომუნიკაცია მოხდა, ეს კაცი ისევ უკან შეტრიალდა ჯიხურში და "ლაფათკა" მისცა გველესიანს, რომელმაც ისევ თხრა დაიწყო. იარაღი რომ ამოიღო ერიკ წურწუმიამ, ვერ დავინახე და ვერც დავინახავდი. მანქანის კარების გაღება და გასროლის ხმა იყო წამიერად, ორივე დაეცა პირქვე, ერიკს ვკითხე, რა ხდება-მეთქი, ნარკოტიკი გადაყლაპა და ცუდად არისო. ერიკ წურწუმია ზემოდან იყო, ის ხელებით იგერიებდა. სასწრაფოში დავრეკე, სისხლი საერთოდ არ იყო, საერთოდ არ მქონდა აღქმა, რომ ტყვია მოხვდა, მეგონა რომ გადაყლაპული ნარკოტიკი გაეხსნა. რაღაც პერიოდის შემდეგ ნაჟღენთი სისხლი გამოუვიდა, რომ ავწიე, ვნახე, რომ ნატყვიარი იყო და მივხვდი რომ ნასროლი ტყვია იყო. ტაქსის მძღოლმა მითხრა, მოკვდა, ნუ წვალობო. ერიკს შევხედე, ფერი აღარ ჰქონდა, იარაღი მომეცი-მეთქი და იმ წამიერად მომცა, ვიზუალურად არაადეკვატური იყო. მისი დაკავება ჩემი პრეროგატივა არ იყო და მაქსიმალურად მყავდა თვალთახედვის არეში, სასწრაფომ წამალი მისცა, ცუდად იყო...დამიჭერენო? -მკითხა, კი, ყველა ვარიანტში დაგაკავებენ-მეთქი",- განაცხადა სამმართველოს უფროსმა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში იყენებენ პოლიციელები იარაღს, პოლიციელმა განაცხადა, რომ ერიკ წურწუმია დამნაშავე არის თუ არა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, თავად კი, ნარკოტიკების შემთხვევაზე იარაღს არ იყენებს.

"თუ პოტენციურ დამნაშავეს იარაღი ან დანა არ აქვს, იარაღის გამოყენებას საჭიროდ არ ვთვლი",- განაცხადა პოლიციელმა.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა