დავით კირკიტაძე რიმა ბერაძეს - რა იყო, ქალბატონო რიმა, ახლა აღარ მოგწონთ ივანიშვილი? ახლა რომელი წელია? რით ვეღარ დადგა ის მეოთხე სანუკვარი წელი?

რა იყო, ქალბატონო რიმა, ახლა აღარ მოგწონთ ბიძინა ივანიშვილი?-ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ წევრს რიმა ბერაძეს, მას შემდეგ რაც სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადების ჩანაწერი წარმოადგინა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს უსმენენ, სადაც სიტყვის გამოსვლის უფლებით ისარგებლა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ და სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. სწორედ ამ დროს მან მობილური ტელეფონით წარმოადგინა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.

„ძალიან რთულია, ამას სჭირდება მოსამზადებელი პერიოდი. ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი“- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ვიდეო-ჩანაწერში. ვიდეო-ჩანაწერის წარდგენის შემდეგ კირკიტაძემ „ქართული ოცნების“ წევრს რიმა ბერაძეს მიმართა.

„ახლა აღარა მოგწონთ ხომ ბიძინა ივანიშვილი? ეს სიტყვები, ქალბატონო რიმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა 2012 წელს“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძის ამ მიმართვას კი, პარლამენტის სხდომათა დარბაზში რიმა ბერაძის უკმაყოფილება მოჰყვა, რა დროსაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი გუნდის წევრს კვლავ მიმართა.

„ქალბატონო რიმა, გულწრფელად გამიკვირდა, ახლა აღარ მოგწონთ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები? ეს სიტყვები, რომელიც მოგასმენინეთ და შეგახსენეთ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა 2012 წლის 24 დეკემბერს. დღეს, რომელი წელია ქალბატონო რიმა? რით ვეღარ დადგა ის მეოთხე სანუკვარი წელი, რომელსაც გვპირდებოდა და საკუთარ ჯიბეზე უნდა ეგრძნო საქართველოს მოქალაქეს, ყველას. რით ვერ გავიდა ეს მეოთხე წელიწადი“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა წაიკითხა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მისივე განმარტებით, პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის მთავარი ამოცანა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნაა. კირკიტაძის თქმით, ღარიბაშვილის ეს განცხადება 14 თებერვლით თარიღდება.

„არ ვიცი, თქვენ რომელი პრემიერი უფრო მოგწონთ, მაგრამ ორივე პრემიერი გვატყუებდა. სტატისტიკას, რომ ეს ადამიანები იტყუებოდნენ და რომ საქართველოს მოქალაქეს კიდევ უფრო გაუჭირდა ვიდრე ოდესმე, აქვეყნებს თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო