რომან გოცირიძე - ღარიბაშვილმა მოირგო საგარეო კოსტიუმი, გამოვიდა გაერო-ში და იძახის ევროკავშირი გვინდა, აშშ გვინდა, მერე ჩამოვა, წითელი კოსტიუმით დაგვიდგება, აქ მჯდარი ოთხეულის სახით და აშშ-სა და ევროკავშირს ლანძღავს

ღარიბაშვილმა მოირგო საგარეო კოსტიუმი, გამოვიდა გაერო-ში და იძახის ევროკავშირი გვინდა, ამერიკა გვინდა, მერე ჩამოვა, ამ კოსტიუმს გადაიცვამს მეორე მხრიდან, წითელი კოსტიუმით დაგვიდგება, აქ მჯდარი ოთხეულის სახით და მერე ამერიკას და ევროკავშირს ლანძღავს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას ტყუილების კორიანტელი დააყენა და ის ინდექსები და რეიტინგები არ ახსენა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების რეალურ სახეს აჩვენებს.

„თუ ასეთი კარგი პროგრამა იყო სოციალურად დაუცველების დასაქმება, გაეროს ტრიბუნიდან რატომ არ ახსენა ღარიბაშვილმა?! იმდენი ტყუილების კორიანტელი რომ დააყენა, ერთი ეს პროგრამაც ეთქვა და აეფარებინა ცხვირწინ. 2 რამ გამორჩა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იტყოდა, დრო რომ ჰყოფნოდა - ხომ იცით, ძალიან მკაცრი რეგლამენტია და ვერ ჩაეტია. ერთი, რომ აი, თურმე რა პროგრამა გვაქვს და მეორე, ვერ მოასწრო იმის თქმა იორდანიაში რომ დავბრუნდით 300 წლის შემდეგ და იორდანიაში რომ ხიდაშელი სასტუმროს ააშენებს, მთავრობა პატარა ეკლესიას მიუშენებს და რაღაც სულიერ ტურისტულ ცენტრს გახსნიან. აი, ამ ორის მეტი ყველაფერი ილაპარაკა. დაახვავა სიცრუის კორიანტელი - დემოკრატიის ინდექსი ახსენა, ოღონდ არ თქვა ინდექსში რომ უკან მივდივართ და ჰიბრიდული დემოკრატიების სახელმწიფოში გადავვარდით. პრესის თავისუფლება ახსენა და ყველა ბოლო რეიტინგში მივდივართ და მივდივართ უკან, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. ახსენა ერთი -ორი რეიტინგი, სადაც მართლა წინ ვართ და მთელ მსოფლიოს ეუბნება - თქვენზე უკეთესები ვართ - ამერიკას ეუბნება, შვეიცარიას, არადა რომ არა ამერიკა და ევროკავშირი, დღეს ეს ქვეყანა არ იარსებებდა და შიმშილი იქნებოდა აქ. მაგრამ არ ახსენა, რომ ჩვენ ვართ 107-ე ადგილზე ბედნიერების ინდექსში, მსოფლიოს 149 ქვეყანაში იზომება და ყველაზე უბედურ სახელმწიფოებს შორის ვართ ქართველები სხვადასხვა მაჩვენებლებით. 10 წელია აუბედურებთ ქვეყანას და თუ ასეთი უნარი გვქონდა, რატომ არ გავაბედნიერეთ ეს ხალხი და რატომ არ ახსენებთ იმ ინდექსებს, სადაც რეალურად ჩანს მართლა თქვენი სახე. რადგან ღარიბაშვილის სიცრუე ვახსენე, მოირგო საგარეო კოსტიუმი, გამოვიდა გაეროში და იძახის ევროკავშირი გვინდა, ამერიკა გვინდაო, მერე ჩამოვა, ამ კოსტიუმს გადაიცვამს მეორე მხრიდან, წითელი კოსტიუმით დაგვიდგება, აქ მჯდარი ოთხეულის სახით და მერე ამერიკას და ევროკავშირს ლანძღავს. სხვათა შორის ეს ხალხი [ე.წ . ოთხეული] გადასვით იქით რა - ხომ ისხდნენ კაჭრეთში თქვენთან, რატომ ანაგვიანებენ ამ სივრცეს?! გადასვით ოპოზიციური ფლანგიდან უმრავლესობის ფლანგზე, არავინ არ ჭამს მაგას ისედაც, ყველამ იცის ვინ რა არის!“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა