მიხეილ დაუშვილი - ახალი სპორტის სასახლის ლოკაციის განსაზღვრა გახარიას დანიშვნამდე მოხდა - ქალბატონი თეას ადგილზე, იმის გამოკვლევით დავკავდებოდი, საარჩევნო პერიოდში რატომ გაიზარდა პროექტის ღირებულება 20 მლნ ლარით

ახალი სპორტის სასახლის ლოკაციის განსაზღვრა გიორგი გახარიას დანიშვნამდე, ზაფხულის პერიოდში მოხდა - გადასაბრალებელი არაა, გარდამავალი პერიოდი იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილების შინაარსი გვესმის, ეს შემთხვევით არ გაკეთებულა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ გახარიას ჰკითხონ, „რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე“.

დაუშვილი განმარტავს, რატომ შეირჩა სპორტის სასახლის ასაშენებლად ის ტერიტორია, სადაც ის ახლა მდებარეობს და განაცხადა, რომ წულუკიანის ადგილზე გამოიკვლევდა, რატომ გაიზარდა პროექტის საწყისი ღირებულება 20 მლნ ლარით არჩევნებამდე.

„2019 წლის, თუ სწორად მახსოვს, ივლისის შუა რიცხვებში უკვე დადასტურებული იყო, რომ საქართველოში ევრობასკეტი უნდა ჩატარებულიყო და უნდა გაკეთებულიყო სპორტული არენა, რადგან არსებული არენები ვერ უზრუნველყოფდა. ამავე პერიოდში, ჯერ კიდევ ბახტაძის პრემიერობის პერიოდი იყო, ჩვენ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავით, შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილებები და მოეხდინა ყველაფრის უზრუნველყოფა - დაწყებული არენის მშენებლობიდან, დასრულებული საორგანიზაციო საკითხებით. ეს ამბავი დაიწყო ჯერ კიდევ ბახტაძის პერიოდის დროს. ამავე პერიოდში ხდება ტერიტორიის შერჩევა - გარდამავალი პერიოდი იყო, სექტემბრის შუა რიცხვებში დაინიშნა გახარია და იქამდე, დანიშვნამდე, ზაფხულის პერიოდში ხდება ლოკაციის განსაზღვრა.

ლოკაციის რამდენიმე ალტერნატივა იყო, მათ შორის ერთი იყო უნივერსიტეტის ქუჩის. ეს ლოკაცია ლოჯისტიკურად არ იყო განვითარებული, ამავე დროს ტერიტორიაზე, სადაც ახალი სპორტის სასახლე აშენდა, მის გვერდით 2014-2015 წლებში იყო აშენებული სპორტული არენა. ოღონდ ის შედარებით პატარა დარბაზია. ლოგიკა იყო ის, რომ ამ უკვე არსებულ არენასთან თუ აშენდებოდა ახალი კომპლექსი, თანხების სერიოზული ეკონომია მოხდებოდა. დაახლოებით ორჯერ ძვირი ჯდებოდა სხვაგან აშენება, სხვა პროექტით - 150 მლნ-მდე, ხოლო იმ კომპლექსის სატენდერო ღირებულება, რომლის მშენებლობაც გახარიას დროს დაიწყო, 70-მლნ იყო.

ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ უკვე არსებობდა კომპლექსი და მასთან ერთად ახალი კომპლექსის განვითარება იყო ლოგიკური. ამავე დროს, უნივერსიტეტის ქუჩაა, ბევრი უნივერსიტეტია და ახალგაზრდების თვალსაზრისით ლოგიკური და მიზანშეწონილი იყო ამ პროექტის იქვე განხორციელება.

საბოლოოდ, როდესაც წულუკიანი ამას აკრიტიკებს, უნდა ახსენოს, რომ თავის დროზე პრემიერი ღარიბაშვილი იყო, როდესაც ძველი სპორტული კომპლექსი ააშენეს ამ ადგილას. მაშინ რატომ იყო ლოგიკური და ახლა რატომ არაა ლოგიკური. საკითხავი და გაუგებარია. ქალბატონი თეას ადგილზე, უფრო იმაზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ პროექტის საწყისის ღირებულება 70 მლნ იყო და შემდეგ, გასული წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ-ით გაზარდეს. ამის გამოკვლევით უფრო დავკავდებოდი, რა ხარჯი იყო და მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში რატომ მოხდა პროექტის ღირებულების 20 მლნ-ით გაზრდა. რატომ გაიზარდა პროექტის ღირებულება და რაიმე კორუფციულიც ხომ არ იყო გარეული?

ნახევრად ირონიით, იმის უფრო ველოდი, რომ ღარიბაშვილივით გამოვიდოდა და იტყოდა, თავის ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინაო, ვიდრე სასაფლაოებთან სპორტული არენის აშენებაა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ალეკო ელისაშვილის კითხვას, „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“, უპასუხა, რომ ეს გიორგი გახარიას უნდა ჰკითხონ.

„გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე - ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, ტრაგიკომედიაა, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება - შუაღამეს საფლავზე მისვლა გამიხარდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს