ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი - ნებისმიერ ობიექტურ პირს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ არის

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ჩანს.

„ნებისმიერ ობიექტურ პირს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიწოდებული ინფორმაცია სიმართლე არ არის. საქმეში არაერთი მტკიცებულება არის მოთავსებული, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია, როგორც წინა, ასევე დღევანდელ პროცესებზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთ დროს, ჩვენ ვეფუძნებით არა ნელი დოროყაშვილის მეგობრების ჩვენებებს, არამედ, ისეთ უტყუარ მტკიცებულებებს, როგორიც მის მიერ განხორციელებული მიმოწერები და მის მიერ დამზადებული აუდიო, ვიდეოჩანაწერებია", - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რატომ აქვს დაცვის მხარეს ეჭვი, რომ ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს შესაძლოა, დეტექტივის მეშვეობით უთვალთვალებდა, ან რა მტკიცებულებები არსებობს აღნიშნულის დამადასტურებლად, გვაზავა პასუხობს, რომ ბასილაშვილი დოროყაშვილს არასაიმედო პიროვნებად მიიჩნევდა.

„არსებობდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ეჭვი, რომ ნელი დოროყაშვილი რაღაც ინფორმაციების შეგროვებას ცდილობდა და ეს მას დაეტყო პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა კითხვები გაჟღერდა სწორედ ამ ნაწილთან დაკავშირებით, დაიბნა, აღელდა და ბუნებრივია, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც მივაწვდით ამ კუთხით ინფორმაციას, მაგრამ დაზუსტებით, ამ ეტაპისათვის ჩვენც რამე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს არასაიმედო პიროვნებად მიიჩნევდა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მან არაერთხელ, მათ შორის, საჯაროდ, სხვა პირების თანდასწრებით და კომუნიკაციის მეშვეობით განახორციელა მუქარა, რის შემდეგაც, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს არასდროს ხვდებოდა პირადად და ის შეხვედრების დროს, ყოველთვის სხვა პირებთან ერთად მიდიოდა, რადგან მსგავს საფრთხეს ის ნელი დოროყაშვილისგან ყოველთვის გრძნობდა. გარკვეული საფრთხე, რომელიც შეიძლება ნელი დოროყაშვილისგან ყოფილიყო პროვოცირებული. ერთ-ერთი სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, ღამის საათებში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის სახლში არ ავიდა, ვიდრე საპატრულო პოლიცია არ გამოიძახა, ვინაიდან ის გარკვეული სახის პროვოკაციას ელოდა. საპატრულო ეკიპაჟი ბინაში შევიდა, სადაც ჭურჭელი დამტვრეული იყო. ამას ადასტურებს არამხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი, არამედ, ის მოწმე, რომელიც მას პატრულებთან ერთად თან ახლდა“, - განაცხადა გვაზავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს