გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, რატომ მონაწილოებს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსში

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვმონაწილეობ ამ კონკურსში არის ის, რომ ვფიქრობ, ჩემი წარსული, ჩემი საქმიანობა იყო ყოველთვის დაფუძნებული პროფესიულ პრინციპებზე, იყო მიუკერძოებელი, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო შემფასებელი,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან მიესალმება.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, მას საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„მე, როგორც სახალხო დამცველის მოქმედი მოადგილე, მხარდაჭერილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროზე მუშაობენ, ბუნებრივია, გამოვხატავ ჩემ მზაობას და სურვილს დავიკავო ეს პოზიცია და უზრუნველვყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად სრული უფლებამოსილებები. ჩვენ ამ 5 წლის განმავლობაში შევძელით იმაზე მეტი კონსტიტუციური სარჩელის მომზადება და გაგზავნა ვიდრე 20 წლის განმავლობაში იყო მომზადებული. ჩვენი ერთ -ერთი პრიორიტეტული სფერო უნდა იყოს სასამართლო იმიტომ, რომ სასამართლო არის მექანიზმი, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, ყველა ადამიანის ხმა, პრეფერენციების მიუხედავად, უნდა ისმოდეს. ჩვენ მზად ვართ, როგორც აქამდე ვახდენდით, ახლაც მოვისმინოთ ყველა ადამიანის ხმა, გვქონდეს მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია, გავაჟღეროთ შესაძლო მექანიზმების მეშვეობით და უზრუნველვყოთ ჩვენი მანდატის შესრულება.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვმონაწილეობ ამ კონკურსში არის ის, რომ ვფიქრობ, ჩემი წარსული, განვლილი მუშაობით, ჩემი საქმიანობა იყო ყოველთვის დაფუძნებული პროფესიულ პრინციპებზე, იყო მიუკერძოებელი, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო შემფასებელი. ევროკავშირის კომისიის შეფასებით სახალხო დამცველის აპარატი არის ეფექტური მექანიზმი და მე ამ აპარატის ნაწილი ვარ. გამიჭირდება ჩემ თავზე ვისაუბრო, რომ ძალიან კარგი ვარ და ა.შ. მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მიუკერძოებლები და არა მხარეები არიან ამ პროცესში, ბუნებრივია ამას ობიექტურად აფასებენ. ეს მაძლევს საშუალებას ვიყო პრინციპულად ამ ადგილზე და გავაკეთო ეს განაცხადი.

იმედს ვიტოვებ, რომ მექნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა, ასევე ყველა სხვა ჯგუფის მხარდაჭერა. მოქმედი სახალხო დამცველი არჩეულია მათ მიერ, არჩეულია კონსენსუსით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ და ვნახეთ, რომ ამ კონსენსუსურმა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულმა მიდგომამ გაამართლა. დღეს ითვლება, რომ სახალხო დამცველი არის ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლად და ეფექტურად ფუნქციონირებს. იმედი მაქვს, ეს მიდგომა იქნება გაზიარებული. სხვაგვარად რომ ვფიქრობდე, ამ კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებდი"-, განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს. მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან: - მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე და “სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს