შალვა პაპუაშვილი - „შტამპი“, რომელსაც მესაზღვრე არტყამს, ჩათვალეთ არის ვიზა - კონტროლდება ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ - არა

მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, თითქოს საზღვრები არის უკონტროლო, საზღვარი არის სრულად კონტროლირებადი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მესაზღვრეები გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„ის შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა. მესაზღვრის გადასაწყვეტია, ვინ შემოვიდეს, ვინ არ შემოვიდეს და რა თქმა უნდა, კონტროლდება ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არ უნდა შემოვიდეს. გადაწყვეტილება მესაზღვრის მიერ მიიღება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი არის გაკონტროლებული.

ეს არის მცდელობა დააზიანო საქართველოს სახელმწიფო, ერთის მხრივ ისტერიის შექმნით ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ საქართველოს რეპუტაციის შელახვით ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული კამპანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეისათვის საქართველოში 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება, ხოლო მათგან ბევრი წარმოშობით ქართველია.

„დეზინფორმაციისა და ისტერიის ატეხვის უკვე მერამდენე ტალღაა, რთულია დავითვალოთ. მართში დაიწყო, რომ თითქოს არის რაღაც ტალღა შემოდინების და სხვა თვეებშიც ასე პერიოდულად ხდებოდა ამ დეზინფორმაციის გავრცელება, ისტერიის წამოწევა, რომ ხდება რაღაც კატასტროფა. ჩვენ ვნახეთ სტატისტიკა, რომ თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის რამდენი მოქალაქე შემოვიდა, რამდენი გავიდა ეს ყველაფერი აღრიცხულია და ვნახეთ, რომ დაახლოებით 50 ათასი რუსეთის მოქალაქეა დღეისათვის, ვინც იმყოფება საქართველოში და ისიც ვიცით პირადი ინფორმაციებიდან, რომ ბევრი მათგანი წარმოშობით საქართველოდანაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საზღვარზე ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით სელექცია არ ხდება და გავრცელებული ინფორმაცია, რომ საზღვარზე მხოლოდ რუსებს უშვებენ და ჩრდილოეთ კავკასიელებს არა, სიცრუეა.

„არანაირი სელექცია ადამიანების მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით არ ხდება, პირიქით, სწორედ ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ სელექცია მოხდეს, ქსენოფობია ჩვენი ოპონენტებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკაა. დასტურდება შემოსული ადამიანების სხვადასხვა რეგიონებიდან წარმომავლობა.

ხან ამბობენ, რომ უნდა შემოვუშვათ, რადგან გაურბიან მობილიზაციას და თითოეული რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოვა, ეს არის ერთი ჯარისკაცით ნაკლები უკრაინის ფრონტზე და მეორეს მხრივ ამბობენ, რომ არ უნდა შემოვუშვათ იმიტომ, რომ უსაფრთხოების რისკებია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა „ანტიკორუსფიული მოძრაობის“ ბრალდებებსაც უპასუხა სახელმწიფო უწყებების მიერ რუსული სანქცირებული პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რამდენიმე საათი ან ერთი დღე სჭირდება ხოლმე, რომ დადასტურდეს რამდენად მცდარია ეს ინფორმაცია.

„აბსოლუტურად ყველა ასეთი ინფორმაცია აღმოჩნდა ტყუილი, ეს ხომ არის ჩვენი, ყველას საერთო გამოცდილება? გვესმოდა, თითქოს სანქცირებული გემი შემოვიდა, ტვირთი შემოვიდა, თვითმფრინავმა გადაიფრინა, ყველა აღმოჩნდა ტყუილი, ამიტომ ჩვენი გამოცდილება გვკარნახობს, რომ ასეთი ინფორმაციების მიმართ ვიყოთ სკეპტიკური და არ დავიჯეროთ, რადგან სულ რამდენიმე საათი ან ერთი დღე სჭირდება ხოლმე, რომ დადასტურდეს, რამდენად მცდარია ეს ინფორმაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს