ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - კვლევების თანახმად, მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6 თვიდან 1 წლამდე ასახელებს

არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის მიხედვით მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 1-წლამდე ასახელებს - ამ ნაკადის გარკვეული ნაწილი არის დროებითი, თუმცა შეიძლება ნაწილი ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კვლევები ივნისის თვეში ჩატარდა.

ლეჟავას შეფასებით, მიგრანტების ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობა გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა ქვეყანაში გზავნილების გაზრდილ მოცულობაზე და აღნიშნა, რომ გზავნილების დღევანდელი მოცულობა დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს და ისტორიულ მაჩვენებელს დაუბრუნდეს, თუმცა ეს რამდენ ხანში მოხდება ამის განსაზღვრა რთულია.

„ჩვენი შეფასებით ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს გზავნილებთან დაკავშირებით არის დროებითი, თუმცა ეს დროებითი რამდენ ხანს გაგრძელდება ამის თქმა შეუძლებელია. აპრილ-მაისში გაცილებით უფრო გაზრდილი იყო გზავნილების მოცულობა, რაც სხვადასხვა მიზეზს უკავშირდებოდა, მათ შორის, პირველი ტალღის ეფექტი იყო, როდესაც რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გადმოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად. შემდეგ თვეებში - ივნისში, ივლისში და აგვისტოში შედარებით უფრო შემცირებულია გზავნილების მოცულობა, თუმცა პანდემიამდელ და ომამდე დონეს კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება. ჩვენი შეფასებით გზავნილების ეს მოცულობა დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს და დაუბრუნდეს ისტორიულ მაჩვენებელს, თუმცა ეს რამდენ ხანში მოხდება ამის განსაზღვრა რთულია, რადგან შეიძლება ეს გაგრძელდეს ერთი წელი ან მეტი.

რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა გრძელვადიან და მოკლევადიან ტურიზმთან დაკავშირებით. მიგრანტები, რომლებიც დროებით ჩამოდიან საქართველოში მათი შემოსვლაც ტურისტულ სტატისტიკაში აღირიცხება, თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზე მიგრანტების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას 6-თვიდან 1-წლამდე ასახელებს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე რა მოხდება რუსეთში, რა მოხდება უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში და აქედან გამომდინარე, მიიღებენ ალბათ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას. დარწმუნებით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ამ ნაკადის გარკვეული ნაწილი არის დროებითი, თუმცა შეიძლება ნაწილი ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ამასთან ერთად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულებია საერთაშორისო გარემოზე და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანად შენარჩუნება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა, ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულებია საერთაშორისო გარემოზე, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. წინა ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021 წელს განპირობებული იყო საბაზისო ტემპით, თუმცა ეს მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნებულია 2022 წელსაც, რაც ეკონომიკის გახსნით იყო განპირობებული. მოგეხსენებათ, რომ ის შეზღუდვები, რაც პანდემიის გამო იყო დაწესებული დიდწილად მოიხსნა, რამაც ერთგვარი მუხტი მისცა ეკონომიკას და ეს მიმდინარე წელსაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ტურიზმს ყოველთვის ექნება გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, მათ შორის, პანდემიამდეც ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა ტურიზმი იყო და მომავალშიც ეს სავარაუდოდ, გაგრძელდება. რაც შეეხება გზავნილებს - გზავნილების რა ნაწილი ხვდება ეკონომიკაში და რა ნაწილი ინახება ბანკებში, ესეც საყურადღებოა. თქვენ იცით, რომ ომის დაწყებიდან დაახლოებით მილიარდ ნახევრით გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტები. ნაწილი თანხების გზავნილების სტატისტიკაშიც აისახა, თუმცა ეს გზავნილები არ მოხმარებია ეკონომიკურ ზრდას, ეს გზავნილები დარჩა საბანკო ანგარიშებზე, დეპოზიტებზე. შესაბამისად, ამ გზავნილების შემცირება მომავალში არ იქონიებს ეკონომიკის კლებაზე, ან ზრდის ტემპის შემცირებაზე გავლენას“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს