პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მას ერთ-ერთ რუკაზე საქართველოს სახელით ივერი მელაშვილის ხელმოწერა აქვს ნანახი

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მას ერთ-ერთ რუკაზე საქართველოს სახელით ივერი მელაშვილის ხელმოწერა აქვს ნანახი.

როგორც სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ ბოტკოველმა აღნიშნა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ უნდა გასცენ პასუხი, პოზიციის დაფიქსირება მათი გადასაწყვეტი იყო, თუ ამას ვინმე კარნახობდა.

„მე კონკრეტულად ახლა ვიმყოფებოდი სხდომათა დარბაზში ნინო კალანდაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რა იყო ამ განცხადების გაკეთების მიზეზი და რატომ ჰქონდა ეკლესიას მძაფრი რეაქცია. თუ ქალბატონ ნინო კალანდაძის განცხადებას ნახავთ, ნახავთ, რომ ქალბატონი საუბრობს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის ის კონკრეტული ლოკაციები, რომლებიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს არ ეკუთვნის. ეს გახლდა რა თქმა უნდა, ჩვენი მძაფრი რეაქციის საფუძველი. ეს იყო საპატრიარქოს პოზიცია, რადგან მე წარმოვადგენ საქართველოს საპატრიარქოს ახლაც და მაშინაც“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ის ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს გაკეთებულ განცხადებას.

„მის განცხადებაში იყო ასეთი ტექსტი, რომ სიმაღლეები, რომელიც მდებარებობს ქედზე, ეს სიმაღლეები აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს და ამიტომაც მოხდება შეთანხმება ისე, რომ ეს სტრატეგიული სიმაღლეები გადაეცემა აზერბაიჯანულ მხარეს. სტრატეგიული სიმაღლეების ქვემოთ, ამის ჩამოყოლებაზე მდებარეობს ზუსტად ჩიჩხიტური და კელიები. რანაირად უნდა მომხდარიყო ამ ნაწილის ამოღება, რაღაც ნაწილს ვაძლევდით, რაღაც ნაწილი - გვრჩებოდა. ამიტომ ვთქვი, ორაზროვანი იყო და ვერ გავიგეთ ამ განცხადების ზუსტი ტექსტი“, - განაცხადა ბოტკოველმა.

მისივე თქმით, პრობლემა 2006 წლის დოკუმენტია, რომელსაც ბრალდებული ივერი მელაშვილიც აწერს ხელს.

„ივერი მელაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს. მათ ბრალეულობას ვხედავ იმაში, რაც დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს. ეს არის 2006 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, საზღვარი ისე უნდა გადიოდეს, რომ ქართული ძეგლები საქართველოს იურისდიქციაში აღმოჩნდეს, ეს საკითხი დატოვებულია ღიად. იქ პრობლემები გაჩნდა 2005-2006 წლის შემდეგ. ამის შემდეგ იძაბება პერმანენტულად, ხან უფრო შემცირდება ეს დაპირისპირება, ხან უფრო გაიზრდება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კეთილ ნებაზეა ფაქტობრივად დამოკიდებული ქართველი მომლოცველები ავლენ იქ თუ ვერ ავლენ. ეს რეალობა, რა თქმა უნდა, ვერ შენარჩუნდებოდა. ეს აუცილებლად უნდა გადაწყვეტილიყო სამართლებრივად და უნდა მომხდარიყო იქ საზღვრის დადგენა, რასაც ახლა ბრალდების მხარე ედავება, ამ საკითხებზე მიდის ზუსტად მსჯელობა.

იქ თვითონ საზღვარიც არასწორად არის გავლებული, ის რაც დადგენილია, ეგეც არასწორადაა გავლებული, რადგან წინა მოლაპარაკებების დროს, სხვანაირად უნდა დამდგარიყო საზღვრის დადგენის გადაწყვეტილება. 1996 წლის მოლაპარაკებების შედეგად, საზღვარს უნდა გაევლო ბევრად იქით, ვიდრე დღეს არის. სწორედ აქ გვაქვს შეკითხვები და ამაზე უფრო მეტი კომპეტენციის მქონე ადამიანები ისაუბრებენ, რა გახდა იმის მიზეზი, რომ 1996 წელს საზღვარი სხვანაირად იყო მონიშნული, სხვანაირად უნდა გაევლო იქ საზღვარს, ბევრად უფრო იქით და არანაირი სადაო საკითხები არ რჩებოდა სადაო ძეგლებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უშუალოდ საღვარზეა, რატომ შეიცვალა 2006 წელს ეს, რატომ გადმოიწია საზღვარმა აქეთ და ჩაატარეს პირდაპირ თხემზე, რაც რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის ქართულ ძეგლებს. გამოძიებაც სწორედ ამას ედავება მათ, რომ მათი მონაწილეობით არის სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გაკეთებული, ამაზე მიდის აქ მსჯელობა. ეს ხელმოწერა ნანახი მაქვს, იქ ათასი რუკა აქვთ, ნამდვილად ვერ დავაკონკრეტებ, რომელი რუკა იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თვალით მაქვს საპატრიარქოში რუკა ნანახი, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ქართული მხარის სახელით ხელს. ბატონმა ივერიმ და ქალბატონმა ნატალიამ უნდა გასცენ პასუხი, ეს მათი ნება იყო და მათი გადასაწყვეტი იყო ამის ასე დაფიქსირება და იქ ხელმოწერის გაკეთება, თუ ამას ვინმე კარნახობდა და ვინმეს იძულება იყო“ ,- განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის