პაატა მანჯგალაძე - წყარო მზადაა საგამოძიებო კომისიაზე ისაუბროს, ვინ არიან აგენტები, მაღალი თანამდებობის პირები, გარდა კობახიძისა - რა ტიპის კონტაქტები არსებობდა რუსეთის დაზვერვის შეფებსა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, კელი დეგნანის შეფასება, რომ საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სავსეა უზუსტობებით, შეეხება არა გიორგი ვაშაძის განცხადებას, არამედ ინტერპრეტაციებს, რაც მას მოჰყვა.

როგორც მანჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით საქართველოს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.

„საუბარია იმაზე, რა ინტერპრეტაციებიც მოჰყვა ექსპერტების და მედიის მხრიდან და არა ვაშაძის განცხადებაზე. ჩვენი ინფორმაციით, აშშ მზადაა საქართველოს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით, უბრალოდ, „ქართული ოცნება“ ამის ნებას არ ამჟღავნებს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება თანამედროვე იარაღი, რათა რუსეთმა არ ჩათვალოს, რომ საქართველოში ადვილად გასეირნებაა შესაძლებელი.

„ქართული ოცნება“ ავითარებს ლოგიკას, თითქოს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება არის არა უსაფრთხოების გარანტი, არამედ ზრდის რისკებს. რუსული სამხედრო დოქტრინა მიმართულია სუსტის დაჩაგვრისკენ და არა ძლიერის. რა გვირჩევნია, საქართველოს თავდაცვის ძალები იყოს ძლიერი და ამას ეყრდნობოდეს ჩვენი უსაფრთხოება, თუ პუტინის გულის მოგება - იარაღი არ გვქონდეს, შეიარაღებული ძალები არ გვყავდეს, საქართველო სუსტი იყოს, ვიდგეთ მუხლებზე და ვიყოთ პუტინის მიტევებისა და თავზე ხელის გადასმის მოლოდინში. ჩვენ გააზრებულად ვლაპარაკობთ, რომ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, ქვეყანას სჭირდება დასავლური, თანამედროვე იარაღი, რათა რუსეთმა არ ჩათვალოს, რომ საქართველოში ადვილად გასეირნებაა შესაძლებელი. თუ ზიანი უფრო მეტი იქნება, ვიდრე მისი პოლიტიკური ინტერესი, თავდასხმას არ განახორციელებს. უკრაინას თავს დაესხა, რადგან ჩათვალა, რომ სუსტი იყო, მაგრამ ვერ ბედავს ესტონეთზე თავდასხმას, რომელიც უკრაინაზე პატარაა, მაგრამ კოალიციური ფარის ქვეშაა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას, რომ „პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია და მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე“, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა სურთ, რომელიც რუსულ აგენტურებს გამოააშკარავებს.

„წყარო არის სანდო და ის მზადაა საგამოძიებო კომისიაზე ისაუბროს, ვინ არიან აგენტები, მაღალი თანამდებობის პირები, გარდა კობახიძისა; რა ტიპის კონტაქტები არსებობდა რუსეთის დაზვერვის შეფებსა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის. თუ ჭკუით არ იქნებიან, მზად ვართ, მეტი ინფორმაცია გავასაჯაროოთ საზოგადოებისთვის“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია.

მანამდე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა.

ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებითვე, პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის „ოთხეული“, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე.

„ისინი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე. დიახ! ის არის რუსეთის აგენტი, რომელმაც გუშინ პირდაპირ ეთერში ისიც კი გაბედა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი „გააპრავა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო