ირაკლი კობახიძე - არ მახსენდება არცერთი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე, გარდა ორისა, თავდასხმა იყო მელიასა და გვარამიას მხრიდან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას საქართველოში აშშ-ის ელჩზე ორი თავდასხმა ახსენდება მხოლოდ-ერთი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას და მეორე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკანორ მელიას მხრიდან.

კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩზე მმართველი გუნდის მხრიდან თავდასხმა არ ყოფილა.

„მე რაც ვიცი, საუბარი იყო თავდასხმაზე. ეს ტერმინი იყო გამოყენებული. არ მახსენდება არცერთი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე, გარდა ორისა, ორი გამონაკლისი იყო, ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას, მათ ჰქონდათ ასეთი განცხადებები, გამონათქვამები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება. შესაბამისად, რა ვიცი ვის გულისხმობდა. თავად მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ თავდასხმა იყო მხოლოდ ორი-მელია და გვარამიას მხრიდან, სხვა თავდასხმა აშშ-ის ელჩზე არ ყოფილა“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რომ ფიქრობდეს ელჩს თავს ესხმიან, ასეთ განცხადებებს გაემიჯნებოდა.

„ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ისინი თავს ესხმიან ელჩს, აზიანებენ ურთიერთობებს და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, გვექნებოდა გამიჯვნა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მათ ყველაფერი კითხვების დასმით დაიწყეს. მერე კითხვებს პასუხი არ გაეცა და ამას მათი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ეს რა თქმა უნდა, არ არის თავდასხმა. საქართველო ამაყობს იმით, რომ 2012 წლის შემდგომ, ჩვენ გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. გამოხატვის თავისუფლება აქტუალურია არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის შეუზღუდავს. თუ ვინმე ეცდება ამ ადამიანებს, უმრავლესობის წევრები არიან ისინი დღესაც, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, მათ კონსტიტუცია დაიცავთ“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გამოხატვის თავისუფლებით ამაყობს.

„ჩვენ ვამაყობთ გამოხატვის თავისუფლებით, რაც არის ერთ-ერთი კონსტიტუციური, ძირითადი უფლება. აქედან გამომდინარე, რაიმე კითხვის დასმა როდესაც ფასდება თავდასხმად ან პასუხის არგაცემის ინტერპრეტაცია როცა ფასდება თავდასხმად, ეს არის თავისთავად თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს არასწორია. როდესაც ადამიანი სვამს კითხვებს და პასუხებს ვერ იღებს, შემდეგ ცდილობს განმარტოს ეს მოცემულობა, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი. ყველაფერს მოეფინებოდა ნათელი იმ შემთხვევაში, თუ კითხვებს პასუხი გაეცემოდა. შეგახსენებთ ამ კითხვებს-არიან NGO-ები, რომლებიც მთავრობის გადადგომას ითხოვენ, სცენაზე დადგნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, კითხვა დაისვა, ეს NGO-ები, იღებენ დაფინანსებას კონკრეტული წყაროებიდან? გამიჯვნაზე იყო საუბარი, რასაც მოჰყვა დუმილი და ინტერპრეტაცია“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, უამრავი ინფორმაციაა, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ „ხელისუფლება ამაზე საუბარს არ აპირებს იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულ ურთიერთობებს, მოცემულობას და ინტერესებს უფრთხილდება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს არა მარტო საქართველოს, არამედ პარტნიორებსაც“.

„ამას ვუფრთხილდებით და შესაბამისად, გარკვეული ინფორმაცია გარეთ არ გაგვაქვს“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უაღრესად შემაშფოთებელია თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა ნაწილია, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპის კრიზისის ირგვლივ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს