რომან გოცირიძე - ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება და რისკავს მთელი ქვეყნის მომავლით, რადგან სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, ვერავინ დარჩება თავის კაბინეტში და ვინ ვის გაასწრებს „ოცნებიდან“ ესეც საკითხავი იქნება

ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება და რისკავს მთელი ქვეყნის მომავლით, რადგან მიხეილ სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, ვერავინ დარჩება თავის კაბინეტში და ვინ ვის გაასწრებს მერე „ოცნებიდან“ ესეც საკითხავი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დრო არ ითმენს და მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

„ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ძალიან სერიოზულ საფრთხეზე. დაუყონებლივ უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ. უკვე დრო არ ითმენს და ეს არ არის არც დღეების საკითხი, ყველა მონაცემი არსებობს, რომ შეუძლებელი იქნება მისი საქართველოში განკურნება. გამომდინარე იმ მრავალი დაავადებიდან, რაც ამ პროცესში მას აღენიშნა და ერთადერთი გამოსავალი არის გადაყვანა, თანაც დროებით, ხომ არ ვამბობთ, რომ გათავისუფლდეს და ა.შ.“, - დასძინა გოცირიძემ.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, ძალიან ცუდად დაუმთავრდება ეს ხელისუფლებას. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ძალიან დიდი პრობლემები შეექნებათ არა მარტო ივანიშვილს, არამედ მთელ „ქართული ოცნებას“ და იმ „ადამიანებს, რომლებმაც უზურპირება მოახდინეს მთელი ძალაუფლების და აწამებენ ადამიანს“.

„ივანიშვილს სანქციები სანატრებელი გაუხდება. ახლა ხომ არის მათი ბრძოლა, რომ არ მოხდეს სანქცირებულთა სიაში. სანქცია იქნება მათთვის ძალიან რბილი უსიამოვნება“, - განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძემ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბრისას, იულია ტიმოშენკოს შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც ის სამკურნალოდ უკრაინიდან გერმანიაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ არის ისე მძიმედ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, გოცირიძემ დასძინა, რომ „ამას ამბობენ ცნობილი, აღიარებული ექიმები და პროფესიონალები“.

„როდესაც ასეთ პასუხს იძლევა ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს იმას ნიშნავს, რომ უგუნურია და ვერ საზღვრავს იმ რისკებს, რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დამძიმებით იქნას გამოწვეული“ , - დასძინა გოცირიძემ.

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის სიკვდილის და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა. „უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა