სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს მოთხოვნით, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს.
მათი განცხადებით, აღნიშნულ მოთხოვნას უკვე 20-მდე სპორტული ფედერაცია შეუერთდა, მათ შორისაა: კრივის, ფარიკაობის, მკლავჭიდის, სამბოს, ბილიარდის, ტანვარჯიშის, ბადმინტონის და ფრენბურთის ფედერაციები.
როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი დოლაბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სპორტის სამინისტროს გაუქმებამ და „მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებამ” სპორტზე დადებითად არ იმოქმედა.
„2017 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაუქმდა, ე.წ. რეფორმების და რეორგანიზაციის მიზეზით მოხდა ხან ერთ, ხან მეორე და ხან მესამე სამინისტროებთან და უწყებებთან მიერთება. ამან არ გაამართლა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ მსგავსი ექსპერიმენტების სპორტზე ჩატარება დადებითად ვერ იმოქმედებს. ამას არც დადებითი ეკონომიკური და არც დარგობრივი ეფექტი ჰქონია. ჩვენ, სპორტული საზოგადოების ნაწილი ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს - გამოეყოს კულტურის სამინისტროს სპორტი და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად. პირველ რიგში, უგულებელყოფა ხდება სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის. ასევე ხდება მართვის უსისტემობა და რაც მთავარი და გულდასაწყვეტია - არაკომპეტენტურობა, რომელმაც გამოიწვია დისკომუნიკაცია სპორტულ საზოგადოებასა და იმ სტრუქტურას შორის, რომელიც პასუხისმგებელია სპორტის სახელმწიფო მართვაზე”, - განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ.