ანა წითლიძე - გია ხარჩილავას მიმართ იყო არაერთი მუქარა - მისი ავტომობილის დაწვა არის დაშინების მცდელობა

ხარჩილავას მიმართ იყო არაერთი მუქარა - მისი ავტომობილის დაწვა არის გია ხარჩილავას დაშინების მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გია ხარჩილავა გეგმავდა "ქართული ოცნების" კორუფციული გარიგებების მხილებას, დაგეგმილი ჰქონდა ამ თემაზე ბრიფინგები და მზად ჰქონდა პროკურატურისთვის გადასაცემი მასალები, "რაც მისი ავტომობილის აფეთქების ფაქტს კიდევ უფრო საეჭვოს ხდის".

"მოვუწოდებ შსს-ს სასწრაფო წესით გამოიძიონ საქმე, რომელიც ეხება წალენჯიხის მერის მანქანის დაწვას და თუ უახლოეს მომავალში ეს არ იქნება გამოძიებული, ჩავთვლით, რომ შსს და ხელისუფლება არის მონაწილე ამ ფაქტის. ის, რაც მოხდა ერთადერთი არჩეული ოპოზიციონერი მერის წინააღმდეგ, როცა მის სახლთან დაწვეს მისი კუთვნილი მანქანა, ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი. გია ხარჩილავასთან დაკავშირებით იყო არაერთი შემთხვევა, რომელზეც ჩვენ მანამდე საჯაროდ არ ვსაუბრობდით, გაფრთხილების, მუქარის, რომ თუ არ გაჩერდებოდა, არ შეწყვეტდა რეფორმებს, რომელიც დაწყებული აქვს წალენჯიხაში, არ შეწყვეტდა მხილებას კორუფციული გარიგებების და სქემების, რაც იყო წალენჯიხაში "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, მას ექნებოდა პრობლემები. მისი ავტომობილის დაწვა არის გაფრთხილება ოპოზიციური მერის, რომ თუ არ გაჩერდება, მას ექნება პრობლემები. საინტერესოა და ყველაზე საეჭვოა, რომ ამ ავტომობილის დაწვა დაემთხვა იმ ფაქტს, რომ მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა ბრიფინგები კონკრეტული ფაქტებით, მზად ჰქონდა პროკურატურაში გადასაცემად მასალები, რომელიც უკავშირდებოდა "ქართული ოცნების" კორუფციულ გარიგებებს წალენჯიხაში და გაფლანგულ მილიონობით ლარებს. ეს გარემოება საეჭვოს ხდის და ვაკავშირებთ პირდაპირ იმასთან, რომ ეს არის მცდელობა გია ხარჩილავას დაშინების. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში და ამაში ახალი არაფერია, სადაც "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვის ასეთი რუსული მეთოდებით: აფეთქებებით, მანქანების დაწვით, მუქარით და ძალადობით. ასევე მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საქმე გვაქვს ფაქტთან, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია და ის არის ერთადერთი არჩეული ოპოზიციონერი მერი, ხელისუფლება ემუქრება თუ არ შეწყვეტს კორუფციული გარიგებების მხილებას,"- განაცხადა წითლიძემ.

კითხვაზე, თუ არის მისთვის ცნობილი, კონკრეტული პირების ვინაობა, ვისგანაც მოდიოდა მუქარის გზავნილები, წითლიძე პასუხობს, რომ "ასეთი გზავნილები ძირითადად მოდის ყოველთვის ხელისუფლებისგან".

წითლიძის თქმით, ისინი წალენჯიხაში, ადგილზე გაეცნობიან საქმის დეტალებს, შეხვდებიან ადგილობრივ პოლიციას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამის დამკვეთები და შემსრულებლები დაისაჯონ.

შეგახსენებთ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. წალენჯიხის მერის მოადგილის განცხადებით, მომხდარს მის საქმიანობას უკავშირებენ. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო