„გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი - არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს - ისინი ამ მომენტისთვის დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა ჭეშმარიტების დადგენაზე უარს არ აცხადებენ

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებიდან თავს დამნაშავედ არც ერთი არ ცნობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გრინსერვის +“-ის დაკავებული თანამშრომლების, ლაშა ფურცხვანიძის, დევი კახოიძის და ბექა მურღვლიანის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ამ ეტაპისთვის დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე და ჭეშმარიტების დადგენაზე უარს არ აცხადებენ.

„თავს დამნაშავედ არც ერთი არ მიიჩნევს, ველოდებით მასალებს. ამ მომენტისთვის დუმილის უფლებას იყენებენ, მაგრამ რაც იქნება საჭირო საგამოძიებო მოქმედებებისთვის, უარს არავინ აცხადებს. ამ ეტაპზე არც ვიცით, რა არის ბრალდება. დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე რამე კონკრეტულს ვერ ვიტყვი, საქმის მასალებს ველოდები“, - აცხადებს აჭარაძე.

მისივე განმარტებით, ბრალდებულები დაკავებას არ ელოდებოდნენ. აჭარაძის თქმითვე, დევი კახოიძე დაკავებამდე გამოკითხვაზე არც კი დაუბარებიათ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნუგზარ ქიტიაშვილი და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო