დღევანდელ სასამართლო პროცესზე უტყუარ მტკიცებულებებზე მითითებით, დავანახეთ, რომ ნელი დოროყაშვილი არაერთხელ შეეცადა სასამართლო შეცდომაში შეეყვანა. დავითვალეთ ათეულობით ტყუილი, რომელიც დოროყაშვილმა სასამართლო საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა, - ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, იმ მტკიცებულების შინაარსი, განსაკუთრებით, რომელიც გამოკვლეულ იქნა დახურულ სხდომაზე, მიუთითებს იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონდა.
„დავითვალეთ ათეულობით ტყუილი, რომელიც მან მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს და, სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანომ აღნიშნულის შესახებ დოროყაშვილის მოსაზრებები გაიზიარა. ნელი დოროყაშვილმა ფაქტობრივად, აღასრულა ის მუქარა, რაც განახორციელა ჯერ კიდევ 2019 წელს. თითოეული მტკიცებულების შინაარსი, განსაკუთრებით, იმ მტკიცებულების შინაარსი, რაც გამოკვლეულ იქნა დახურულ სხდომაზე, მათ შორის, ამერიკის ეპიზოდის ვიდეო კადრების სრული სახით გამოკვლევა მიუთითებს იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონდა“,- განაცხადა ადვოკატმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე, სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, რადგან ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუხედავად არა ერთი მცდელობისა არ წამოეგო ნელი დოროყაშვილის პროვოკაციას.
"რაც შეეხება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. ჩვენ დეტალურად წავიკითხეთ კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტი, თუ რა სახის საუბრები აქვს ოჯახთან, ურთიერთობის გაგრძელებასთან ნელი დოროყაშვილს და როგორ უყურებს ის აღნიშნულ საკითხს. ვნახეთ არაერთი მუქარა, არაერთი შანტაჟის ელემენტი და არაერთი ცილისწამება, შესაბამისად, ამ ყველაფრის შემდეგ ვხედავდით როგორი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის ქცევა- გაწონასწორებული, მშვიდი და ყოველთვის ცდილობდა ნელი დოროყაშვილის პროვოკაციებისგან თავი დაეღწია.
მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო დაადგენს სრული მოცულობით გამამართლებელ განაჩენს, ვინაიდან, ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუხედავად არაერთი მცდელობისა არ წამოეგო ნელი დოროყაშვილის პროვოკაციას“,- განაცხადა თეონა გვაზავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.